logo_geo
კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა
- +

13 მაისი. 2019. 02:15

 

 

„სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, ის კენჭს იყრიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების საკითხს ეხებოდა.

 

„როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა კითხვა, თუ რატომ არ აკეთებს პარტია ოფიციალურ განცხადებას ამ კონკრეტულ საკითხზე, რაც შეეხებოდა ბაზების განთავსებას. შესაბამისად, ჩემი პასუხი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, ის კენჭს იყრიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ. ჩართული ვიყავით აბსოლუტურად ყველა და ჩვენი სურვილი იყო, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, საზოგადოების უმრავლესობამ, მეორე ტური დასჭირდა, მაგრამ აირჩია ის“, - აღნიშნა კალაძემ.

 

რაც შეეხება საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების საკითხს, კალაძე აცხადებს, რომ ამაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა.

 

„თვითონ ბაზებს რაც შეეხება, ასეთი გადაწყვეტილებები ხდება წინასწარი კომუნიკაციით. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რაც მთავარია მეგობარი ქვეყანა. რაც კი ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ მას შემდეგ გვეხმარება, მხარს გვიჭერს. როცა ასეთ მნიშვნელოვან თემებზეა საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება. როგორც პლიუსები აქვს ამ თემას, ასევე აქვს მინუსები, შესაბამისად, ეს არ არის მარტვივი საკითხი და დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი