ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის საქმემ საქართველო შეძრა. ოჯახის წევრები გოგონას გარდაცვალებას ექიმების დაუდევრობას უკავშირებენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
აღდგომის ღამეს ფუტკარაძეების ოჯახში უჩვეულო ისტორია მოხდა, რამაც სოციალური ქსელი მოიცვა. მომხდარზე AMBEBI.GE-ს მელანო ფუტკარაძის დედა, ნარგიზა ქათამაძე ესაუბრა.
"ყოველდღე 50-მდე ადამიანი მაინც მოდის, ხედავენ ამ სასწაულს და გაოგნებულები არიან. ყოველ ღამით მესიზმრება ჩემი შვილი. მელანო არ იყო მონათლული, ქორწილის შემდეგ აპირებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ დამძიმდა რეანიმაციაში მოვნათლეთ. აღდგომის ღამეს სიზმარი ვნახე, თან აღდგომას მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა. ძალიან ცხადი სიზმარი იყო. გადმოვიდა ფანჯრიდან და თავის გარდერობში ტანსაცმელებს ეძებდა. ძალიან უყვარდა ჩაცმა და ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა. ერთ-ერთი კაბა, რომელიც ცისფერ და თეთრ ფერებშია, გასულ წელს მეგობრის ქორწილისთვის შეიკერა.
სიზმარში გადმოიღო ეს კაბა და წინ დამიდო. ვეკითხებოდი დედიკო, მანახე ჭრილობა როგორ გაქვს-მეთქი. არა, უნდა წავიდეო-მითხრა. არ წახვიდე, მენატრები-თქო, ვუთხარი. თუ გენატრებიო, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ სანამ მოხვალ ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო. საერთოდ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ყოველდღე დავდივარ სასაფლაოზე, აქვეა ახლოს ჩვენთან. შუაღამეს რომ მომენატრებოდა და ვერ ვიძინებდი გავიპარებოდი-ხოლმე სასაფლაოზე და იქ ვტიროდი. ჩემს მეუღლეს, მაზლებს და ძმისშვილებს ეშინოდათ რამე არ მოსვლოდა ნერვიულობისგან და მარტო არ მიშვებდნენ, სულ უკან მომყვებოდნენ. ამ აღდგომის დილას მაზლებიც ჩვენს სახლში იყვნენ. ჯერ ბნელოდა, გამთენია იყო.
ტაქსით წავედი, ტელეფონზე დავწერე რა ადგილას მივდიდოი და ფულიც მივაწოდე. ჩემს მეუღლეს დავუნახივარ და მეძახდა, მაგრამ უკან არ მომიხედავს. ჩემი ერთი-ერთი მაზლი სასფლაოსთან ახლოს ცხოვრობს და მისთვის დაურეკავთ, ნარგიზა წამოვიდაო. მივედი და ისიც იქ დამხვდა, საუბარი დამიწყო - რატომ გამოიპარე ნარგიზი, ხომ იცი, რომ მარტო არ გიშვებთო. შიშიც არაფრის მქონდა. მეგონა, ალბათ სასაფლაო დამხვდებოდა გათხრილი და ჩემს შვილს მკვდარს კიდევ ერთხელ დავინახავდი და მოვეფერებოდი.
მაზლისთვის ხმა არ გამიცია, დავჯექი სასაფლაოზე მელანოს სურათთან და ვტიროდი. ამ დროს მოვიდა ჩემი ქმარი და ძმისშვილიც. საფლავის ქვის უკანა მხრიდან დაინახეს თუთიყუში, მელანოს კაბის ფერებში, ძმისშვილმა იყვირა: ნახე ბიძია, რა ლამაზი ჩიტიაო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ეს ჩიტი კი არა მელანოს სულია მოსულიო. გამოფრინდა ეს ჩიტი, ჩემი მაზლის ხელებში ჩაფრინდა და ყვიროდა, ფართხალებდა. მერე მე მომცა მაზლმა, რომ ვტიროდი, მთელი სამი საათის განმავლობაშ მეჯდა მხარზე და ცრემლებს მწმენდდა, რამდენი ცრემლიც ჩამომვარდებოდა იმდენს ყლაპავდა. ჭიკჭიკებდა და მივხვდი, რომ ეს ჩიტი ჩემი შვილისგან იყო გამოგზავნილი. ბექაც იქვე იყო, ჩემი შვილის საქმრო. მერე იმასთან მიფრინდა, კოცნა დაუწყო.
ზუსტად იმ კაბის ფერებში იყო, რომელი კაბაც სიზმარში ჩემმა შვილმა გარდერობიდან გადმოიღო. ამ ჩიტის მოფრენით ისეთი შვება ვიგრძენი გულში, თითქოს ჩემი შვილი გაცოცხლდა. ახლა ეს ჩიტი ჩვენთან ცხოვრობს, ჩემს მეუღლეს არ შორდება, მხარზე აზის და ყველგან დაყვება. ღამე ჩვენთან ერთად ძინავს.
რომ დაუძახოთ არცერთ სახელზე არ აქვს რეაქცია, მხოლოდ მილაზე რეაგირებს. აღდგომის მეორე დღეს გადავუხადეთ ორმოცი და ჩიტი დილით სასაფლაოზე წავიყვანეთ. იმდენი ხალხი მოვიდა ამ სასწაულის სანახავად. დღემდე ყოველდღიურად მოდის ჩვენთან სახლში 50-ამდე ადამიანი. ყველა გაოგნებულია, როგორ ცეკვავს ჩიტი, როგორ თამაშობს, სურათებს როგორ ეფერება, მამას არ შორდება და დედას როგორ წმენდს ცრემლებს" - ამბობს ნარგიზა ქათამაძე”.