logo_geo
გიორგი კეკელიძის ბესტსელერის „გურული დღიურების“ სამივე წიგნი ერთ ტომად გამოიცემა
- +

1 ივნისი. 2019. 16:04

 

 

10 ივნისს „პალიტრა L“-ის სერიული პროექტის „იკითხე ქართულის“ ფარგლებში გიორგი კეკელიძის სამნაწილიანი ბესტსელერი „გურული დღიურები“ ერთ წიგნად გამოვა. წიგნის ყიდვა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.

 

როგორც ცნობილია, „იკითხე ქართული“ ახალი და უახლესი ქართული მწერლობის მხარდამჭერი პროექტია, რომელმაც სულ რამდენიმე თვეა, რაც სტარტი აიღო და უკვე მოასწრო ათასობით მკითხველის ყურადღების მიპყრობა, დაინტერესება და სიყვარული.

 

გიორგი კეკელიძე: წიგნის პირველი ნაწილი ესეების კრებულია, რომელიც ცოტა ფრაგმენტულია, იმიტომ, რომ დიდიხნის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა განწყობითა და მიზნით იწერებოდა. საბოლოოდ ყველა ამ ჩანაწერს კრავს გურიის კონტექსტი, ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყვნენ და დღესაც არიან. რაც შეეხება დანარჩენ ორ ნაწილს, რომელიც პირველი ნაწილის თვისებრივი გაგრძელება არ არის, მათი წერისას უკვე კონკრეტული მიზანი მამოძ­რავებდა: ერთი ეძღვნება მამაჩემსა და ბებ­იაჩემს, რომელიც ამ წიგნის წერის პერიოდში გარდაიცვალნენ, მეორე კი არის წელიწადის 12 თვეზე, ამ თვეების განწყო­ბებზე, ვგულისხმობ გურიას­ და ასევე ადამიანს, რომელიც განწყობების თვალსაზრისით სხვადასხვა თვეში სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი.

 

წიგნის პირველი ნაწილი 2014 წელს დაიწერა და გამოიცა, მეორე 2016-ში, მესამე კი 2018 წელს. ისინი ბესტსელერები გახდნენ, რაც, ბუნებრივია, სასიხარულო ამბავიცაა და საამაყოც.

 

- წერის მომენტში წარმოიდგენდით, რომ „გურული დღიურები“ ბესტსელერი გახდებოდა?

 

- ნაწილობრივ კი, იმიტომ, რომ როცა რაღაცას წერ, იმთავითვე გულისხმობ და გაქვს სურვილი, რომ ბევრი მკითხველი ჰყავდეს, და ნაწილობრივ  არა, იმის გამო, რომ წიგნის ბიზნესი, მიუხედავად მცირე ამოვარდნებისა, საქართველოში მაინც არ არის იმ დონეზე, რომ ათიათასობით გაყიდულ ეგზემპლარს ვარაუდობდე, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ცოტა მოულოდნელიც იყო, რომ „გურული დღიურები“ ბესტსელერი გახდა.

 

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი წარმატება?

- მგონი, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა „გურული დღიურების“ ამონარიდები და ამან შეუწყო ხელი წიგნის პოპულარობას. გარდა ამისა, ეს წიგნი გარკვეულწილად ეხმიანებოდა ძალიან ბევრი ადამიანის 90-იან წლებში გადატანილ ბავშვობას ან ახალგაზრდობას. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც მათ, ვინც მხოლოდ გურიაში ცხოვრობს, ბუნებრივია, მთლიან საქართველოს ვგულისხმობ; და კიდევ, ალბათ, ნაწილობრივ ისიც იყო, რომ ამ ინერციამ, რომელმაც ეს წიგნი გაყიდვებში მოაქცია, სხვა ადამიანებზეც იმოქმედა, გადამდები აღმოჩნდა.

 

ყველაზე დასამახსოვრებელი ქათინაური, რომელიც ამ წიგნის გამო მივიღე, ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წიგნის პერსონაჟები არიან. მათი შეფასება ჩემთვის­ ყველაზე მნიშვნელოვანია. „გურული  დღიურები“ დოკუმენტური ტიპის პროზაა, მასში ყველა პერსონაჟი საკუთარი სახელით მოვიხსენიე.

 

- რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ „გურული დღიურები“ უკვე მეოთხედ და „იკითხე ქართულის“ ფარგლებში კი პირველად იბეჭდება?

 

- „იკითხე ქართული“ შესანიშნავი პროექტია. მიხარია, რომ ამ მასშტაბით ეწევა თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ეს უმნიშვნელოვანესია. საკუთრივ „გურული დღიურებისთვის“ ძალიან კარგია, რომ ამ კონკრეტულ გამოცემაში მოექცა და ვისაც ინტერესი ჰქონდა და ჯერ არ წაუკითხავს, „პალიტრა L“-ის ეს პროექტი აძლევს ამის შანსს.

 

P.S. „გურული დღიურები“ 10 ივნისს, „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8,50 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად 10 ლარი.

 

ამონარიდი „გურული დღიურებიდან“

 

დღეს ტვ-ში ვიქნები, აქა და აქ, ამ საათზე - მივწერე ტელეფონზე.

 

- აქანე რაფერ ვუყურო? - უჩვეულოდ  სწრაფად მომწერა. აქამდე პასუხს არ მიბრუნებდა ხოლმე და თუ - კი, ძალიან ნელა კრეფდა ასოებს. ეგრე მოიტანა სასტიკმა ცხოვრებამ, რომ სულ ამ ტელევიზორში ვარ. მამაჩემმა კიდევ, იმ დროიდან, კანტიკუნტად რომ ვჩნდებოდი, დამავალა, გამეგებინებინა და შემოგვრჩა ეს ჩვევა. ისედაც, ბავშვობიდან მოყოლებული, სადაც რამე დაიბეჭდებოდა ჩემზე, ყველაფერს ინახავდა და მერე წუხდა, ახლებს რომ ვერ ვუგროვებდი.

დავურეკე.

- სად ხარ? უკვე ახვედი სოფელში?

ზაფხული დგება. თხილის აღების დრო.

- რაის სოფელში, კაცო, იქინე ვარ მე.

- სა იქინე?

- ზეით.

- ვაჰ, - დავიბენი. - სად ზევით?

- ხო მოვკტი მე, კაცო, - მითხრა სიცილით.

მაშინ მივხვდი, სიზმარში ვიყავი. არ ვიცი, რატომ ეს, მაგრამ ვკითხე:

- ძაან გეტკინა?

- აფერი არ გამიგია ბოლოს. თავიდან კი მტკიოდა და მორიგე ექიმი მევიდა. მარა, იცი, რაფერაა? არავინ არ მოგატყუოს, სიკტილის წინ არავის არ ჯერა, რომე კტება. არც არავის. ან რაფერ უნდა დეიჯერო, რომ კტები ცოცხალმა ადამიანმა?  ჰოდა, მეგონა, რომე ვიძინებდი და არც მითქვია, იგი, მოფიქრებული რომ მქონდა, სიკტილის წინ ვიტყვი, ბაღანე მანახეთ-მეთქი.

უდროოდ გამეღვიძა. მინდოდა, კიდევ მეკითხა რაღაც. ერთი კი არა, ბევრი რამ მეკითხა. დამფრთხალ ძილს რას გაუგებ. მაგრამ, მთავარია, რომ არ ეტკინა. ეს არის მთავარი. სიზმარი იყო? მერე რა. სიზმარიც სიმართლეა. ყველაფერი სიმართლეა, რასაც ვხედავთ და ან გვინდა, რომ ვხედავდეთ. მამაჩემს არ ეტკინა. მამაჩემი ცოცხალია. ზევითაა. უბრალოდ, მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი