logo_geo
იმედო კახიანი: ეს დიდი აღიარებაა… ქართული ფილმი ცალკე ფენომენადაა მიჩნეული მსოფლიოში
- +

1 ივნისი. 2019. 21:28

 

 

„თეთრი ქარავანი“ აღადგინეს და საქართველოს კინოცენტრმა წარადგინა კანში, სადაც გაიმარჯვა და პრიზი აიღო“, - ამის შესახებ მსახიობმა იმედო კახიანმა ჟურნალ „სარკესთან“  ისაუბრა.

 

„55 წლის წინ კანში მთავარ კონკურსში აჩვენეს ფილმი „თეთრი ქარავანი“, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. გავიდა დრო და ახლა სექცია „კან-კლასიკში“, ანუ  კანის კლასიკოსებში აჩვენეს. იქ ფილმებს არჩევენ უამრავი ქვეყნის ფილმებიდან. ფილმი აუცილებლად აღდგენილი უნდა იყოს. „თეთრი ქარავანი“ აღადგინეს და საქართველოს კინოცენტრმა წარადგინა კანში, სადაც გაიმარჯვა და პრიზი აიღო. ჟიურიმ მთელი მსოფლიოდან 1000-ზე მეტი ფილმი ნახა და იქიდან 12 შეიარჩია.1964 წელს რომ გაიგზავნა კანის კინოფესტივალზე, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ყველაფერს მოსკოვი განაგებდა. მაშინ იქ არც რეჟისორი წასულა, არც მსახიობი და არც არავინ. რუსებმა მაშინ იმიტომ წარადგინეს კანში, რომ ამ ფილმმა პირველ საკავშირო კინოფესტივალზე, რომელიც ლენინგრადში ჩატარდა, საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო პრიზი. ამის მერე რუსებს უნდოდათ თუ არა, კანის ფესტივალზე უნდა გაეგზავნათ.

 

ქართული ფილმი სსრკ-დან გაგზავნილად ითვლებოდა. რუსებს ეს ამბავი გულზე არ ეხატებოდათ და არც მსახიობი გაუშვეს, არც რეჟისორი. მაშინ ამ ფილმმა იქ მხოლოდ მონაწილეობა მიიღო და მეტი არაფერი. მას შემდეგ ზუსტად 55 წელი  გავიდა. კანში არის ჟიური, რომელიც ნახულობს, ადრე რა ფილმები იყო გადაღებული, სად არის ეს ფილმები და სწორედ მათ შორის აარჩიეს რამდენიმე. ამ ფილმების რეჟისორებს მიენიჭათ კან-კლასიკის  ანუ კლასიკოსი რეჟისორის წოდებები. ფილმი რომ შეირჩა, ელდარ შენგელაია თავის ჯგუფთან ერთად კანში დაპატიჟეს. რასაკვირველია, ეს დიდი აღიარებაა. ქართული ფილმი ცალკე ფენომენადაა მიჩნეული მსოფლიოში და დიდი მოთხოვნაცაა მასზე“, - აღნიშნავს იმედო კახიანი

 

შეგახსენებთ, რომ საუბარია 55 წლის წინ გადაღებულ ფილმზე „თეთრი ქარავანი“, რომელიც 1964 წელს მერაბ ელიოზიშვილის სცენარის მიხედვით სრულიად ახალგაზრდა რეჟისორებმა ელდარ შენგელაიამ და თამაზ მელიავამ გადაიღეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი