logo_geo
გიორგი შავგულიძისა და ლიზა ვაჩნაძის სიყვარულის ისტორის და მსახიობის ახდენილი წინათგრძნობა
- +

4 ივნისი. 2019. 21:23

 

როცა მოვკვდები და ამქვეყნად აღარ ვიქნები, იცოდე, რომ უეჭველად ფრინველად ვიქცევი. მე და პატარა ბეღურა ერთად მოგიკაკუნებთ, შენ სარკმელი გააღე და ხშირად მოგინახულებთ“, – ასეთი ჩანაწერი დატოვა მსახიობმა გიორგი შავგულიძემ მეუღლის, ლიზა ვაჩნაძის დღიურში.

 

ამბობენ, რომ ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება და არც ცხოვრების ლაბირინთებში სრულიად უცნობი ადამიანების შეხვედრაა შემთხვევით.

თუ ასეა, გამორჩეული გარეგნობისა და საოცარი ნიჭის მქონე ქუთაისელი ყმაწვილის ხელოვანთა ამქარში აღმოჩენაც არ უნდა იყოს შემთხვევითი.

 

ყველაფერი კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო, როცა იმხანად ქუთაისის თეატრში მოღვაწე სახელოვანი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი თეთრ ხიდზე მოსეირნობდა. რეჟისორის ყურადღება ახოვანმა, მზით გარუჯულმა ვაჟკაცმა მიიპყრო, რომელიც ულამაზესი ნახტომით ხიდიდან რიონში თავით გადაეშვა. ყმაწვილის გარეგნობით და პლასტიკით მოხიბლული რეჟისორი დაელოდა, სანამ ახალგაზრდა წყლიდან ამოვიდოდა, ვინაობა ჰკითხა და თავის თეატრში მსახიობობა შესთავაზა.

ამ დროს გიორგი შავგულიძე 18 წლის იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესში სწავლის გაგრძელება სურდა, მაგრამ რეპრესირებული მამის გამო, ვერ მოახერხა.

 

კოტე მარჯანიშვილს გამოცდილებამ და რეჟისორის ალღომ უკარნახა, რომ მშვენიერი გარეგნობის გარდა, ახალგაზრდას მსახიობის ნიჭიც ჰქონდა, ამიტომ ბევრი არ უფიქრია და ქუთაისის თეატრიდან თბილისში გადასვლისას, შავგულიძე თან წაიყვანა. ამ დღიდან გიორგი შავგულიძისთვის ახალი სამყარო გადაიშალა, სადაც საყვარელი საქმის გარდა, საყვარელი ადამიანიც იპოვა.

 

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ულამაზესი ლიზა ვაჩნაძე, გიორგი შავგულიძის მსგავსად, რეპრესირებული ოჯახიდან იყო.

23 წლის გიორგის გოგონა თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა ბუნებით მორიდებული ყმაწვილი მისთვის ამის თქმას ვერ ბედავდა.

ყველაფერი „ყვარყვარეს“ რეპეტიციების დროს გაცხადდა, როცა გიორგი და ლიზა შეყვარებულებს – ერასტისა და გულთამზეს თამაშობდნენ. ერთ-ერთ სცენაში ყვარყვარეს, რომლის როლსაც უშანგი ჩხეიძე ასრულებდა, გულთამზე მუხლებზე უნდა დაესვა და მიალერსებოდა. ამ სცენას შავგულიძე ისე განიცდიდა, რომ ყველასთვის ნათელი გახდა, რა ხანძარი გიზგიზებდა მსახიობის გულში.

სახელოვანი რეჟისორი საყვარელი მსახიობის ქორწილს ვეღარ მოესწრო.

ის 1933 წლის 17 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა. გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე კი 1934 წელს დაქორწინდნენ.

 

მალე წყვილს ტყუპი ვაჟი ეყოლა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი შავგულიძე უკვე ცნობილი მსახიობი იყო, ოჯახთან ერთად, უმძიმეს პირობებში უხდებოდა ცხოვრება.

11 კვ.მ უფანჯრო, ნესტიან ოთახში ცხოვრებამ ბავშვების ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა. მსახიობების ერთი ვაჟი გარდაიცვალა, ხოლო მეორე – ნუკრი ჯირკვლების ანთებით დაავადდა.

ლიზა ვაჩნაძე იძულებული გახდა, შვილის გადასარჩენად, ოჯახის გასაჭირი ცეკას იმდროინდელი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ყურამდე მიეტანა. მალე მსახიობების ოჯახს ოროთახიანი ბინა გადასცეს და ყოფითი პრობლემები მეტ-ნაკლებად მოუგვარდათ.

 

გამორჩეული გარეგნობის მიღმა, რომელსაც რომაელ ოსტატთა ანტიკურ ქანდაკებებს ადარებდნენ, გიორგი შავგულიძის რაინდული და იმავდროულად, ფაქიზი სული იმალებოდა. ამბობენ, რომ მსახიობი ყოველთვის მოკრძალებული იყო მანდილოსნებთან.

დოდო ჭიჭინაძე, რომელიც ფილმ „დავით გურამიშვილში“ გიორგი შავგულიძის პარტნიორი გახლდათ, იხსენებდა: „დავით გურამიშვილში“ რომ ვითამაშე, 19 წლისა ვიყავი, გიორგი კი – 37-ის, ამიტომ ისე მექცეოდა, როგორც პატარა ბავშვს. მას ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს, როგორც ქალს. მისთვის სულ პატარა გოგო ვიყავი“.

 

როცა ფილმში იმ კადრის გადაღების დრო დადგა, დავით გურამიშვილმა ქეთევანს რომ უნდა აკოცოს, შავგულიძე დოდოსკენ დახრილა, მაგრამ მისი სახე რომ დაუნახავს, უკან დაუხევია. რეჟისორმა დაუძახა, რა არის, ქალისთვის არასოდეს გიკოცნიაო. ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის არაო, მიუგია შავგულიძეს.

 

დოდო ჭიჭინაძე კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, რომელიც „დავით გურამიშვილის“ რამდენიმე ეპიზოდის ლენინგრადში გადაღებების დროს შეემთხვათ: „ფილმის გადაღები ერმიტაჟში გვქონდა.

შესვენებაზე ნევის სანაპიროზე გამოვედით. აპრილის შუა რიცხვები იყო, საშინლად ციოდა. აკუნევსკაია, რომელიც ელიზავეტა პეტროვნას თამაშობდა, უზომოდ იყო შეყვარებული ჟორაზე და სულ ეპრანჭებოდა, უცებ წამოიძახა, ვინც ამ მდინარეს გადაცურავს, ნამდვილი ვაჟკაცი იქნებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ შავგულიძე ნევაში გადაეშვა. ატყდა კივილი, პანიკა, მაგრამ რიონის პირას გაზრდილმა მსახიობმა სიჭაბუკე გაიხსენა და ნევასაც აჯობა. როდესაც ნაპირზე ამოვიდა, ყველა გაოცებული უყურებდა. ის კი სიცივისგან გათოშილი, კმაყოფილი იღიმებოდა“.

 

გამორჩეული გარეგნობისა და ხალასი ნიჭის მიუხედავად, გიორგი შავგულიძე მთავარი როლებით არც კინოში და არც თეატრში განებივრებული არ ყოფილა. 18 ფილმიდან, რომელშიც მონაწილეობდა, მთავარი როლი მხოლოდ „დავით გურამიშვილში“ ერგო, თუმცა დაუვიწყარი სახეები შექმნა „ქეთო და კოტეში“ „გიორგი სააკაძეში“  „ბაში-აჩუკში“  და ა.შ.

 

გიორგი შავგულიძე 1959 წლის 13 აპრილს, 49 წლის ასაკში, უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. მსახიობის მეუღლის მოგონებებიდან ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე საშინელი წინათგრძნობა ჰქონდა და ცუდი სიზმრების გამო დაძინება უჭირდა:

„ჟორას უყვარდა ეკლესიაში შესვლა. ხშირად შედიოდა დიდუბის პანთეონში და ათვალიერებდა საფლავებს. ხუმრობით ადგილსაც ირჩევდა. ნუკრი ჯერ კიდევ სამხატვრო ტექნიკუმის მოწაფე იყო, პლასტელინისგან ძერწავდა. ერთხელაც მამამისმა შეაჩერა მუშაობის დროს. მისი ნახელავი ხელისგულზე დაიდო და აღტაცებით წამოიძახა: ამას ხელი აღარ ახლო! შესანიშნავია ძეგლად, ჩემი ძეგლი სწორედ ეს უნდა იყოსო“. ნუკრის გაეცინა და შეხუმრებით უთხრა: მოიცა, მამა, სანამ ტექნიკუმს და აკადემიას დავამთავრებ, რამდენი რამე მოგეწონება, მერე აირჩიეო. ჟორა არ მოეშვა, – რა მასალა მოუხდება ამას, რაში უნდა გამიკეთოო. ასე მოესიყვარულა ესკიზს, შეახვია და შეინახა კარადის თავზე. ხანგამოშვებით მოიკითხავდა ხოლმე. სულ მოუსვენრად იყო, შიშით ვერ დამიძინია, ისეთი სიზმრები მესიზმრებაო.

1959 წელი იყო. უცებ მოიკითხა, სად არის ჩემი ძეგლიო, ჩამომაღებინა და დიდხანს ატრიალა. საბოლოოდ, შვილმა მალე შეუსრულა სურვილი და ნაადრევად დაადგა ძეგლი მის საფლავს.

იმ საშინელ დღეს, 13 აპრილს გადაღება ჰქონდა ფილმში „განაჩენი“. კინოსტუდიაში წასასვლელად ემზადებოდა. რაღაც ჩაფიქრებული იდგა. ცოტა ჩქარა, მეც სპექტაკლზე ვაგვიანებ-მეთქი. არაფერი მიპასუხა, მხოლოდ მკითხა: რამდენი ხანი გავიდა, რაც ავად ვიყავიო (ორი თვე ფუძის ძვლის მოტეხილობით იწვა საავადმყოფოში). ოჰ, შვიდი წელია, ახლა გამოტირებული გვეყოლებოდი-მეთქი. ის წავიდა კინოსტუდიაში, მე – სპექტაკლზე. პირველ მოქმედებაში მე გამოვდიოდი, მეორეში – მედეა ჯაფარიძე. მოვრჩი, გრიმი მოვიცილე და ველოდები მედეას, რადგან ბილეთები გვქონდა და კინოში მივდიოდით. უცებ შემოვარდა მედეა, უკან ქალები მოჰყვებოდნენ. ჟორაო, – რომ თქვა, მეტი აღარაფერი მახსოვს. თურმე ჩემი სცენაზე ყოფნისას მომხდარა ეს ამბავი. ტროლეიბუსმა გაიტანა“.

 

გიორგი შავგულიძის გარდაცვალების ამბავი მთელ საქართველოში მეხივით გავარდა. ამბობენ, რომ ტროლეიბუსის მძღოლი, ტირილით თავს იკლავდა: როგორი კაცი მოვკალი, მე რა სასიცოცხლო ვარო. გიორგი შავგულიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მოგვიანებით კი პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ მსახიობს ეს სტრიქონები უძღვნა:

„რამდენი ჩვენგან წასული კაცის

ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,

მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც,

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“..

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი