logo_geo
უკრაინელი პოლიტოლოგი: ბევრ უკრაინელს არ მოსწონს სააკაშვილი, მის პარტიას რეიტინგი საერთოდ არ აქვს
- +

6 ივნისი. 2019. 16:12

 

„სკეპტიკურად ვუყურებ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას უკრაინაში. ზელენსკის გუნდში ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილს შეუძლია, ძალიან რთული მოკავშირე იყოს, ის შენელებული მოქმედების ნაღმივითაა, შეუძლია, ხვალ სახიფათო მოწინააღმდეგედ მოგევლინოს“, – ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვიაჩესლავ ფესენკომ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ახლა ვითარება სხვაგვარია. იბრძოლოს ზელენსკის წინააღმდეგ? მაგრამ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა. მაშ, ვიღას ებრძოლოს? სკეპტიკურად ვუყურე მის პოლიტიკურ პერსპექტივას. ამასთან, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მას არ შეუძლია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ცალკეული პოლიტიკოსები ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენენ. ორივე ქვეყანას გვაქვს ევროკავშირთან საერთო ინტერესები. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ პრობლემები შეექმნას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას, ეს ეხება სააკაშვილსაც. მას ჰყავს მეგობრები ზელენსკის გარემოცვაში, მაგრამ ზელენსკის გუნდში ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილს შეუძლია, ძალიან რთული მოკავშირე იყოს – ის შენელებული მოქმედების ნაღმივითაა, შეუძლია ხვალ სახიფათო მოწინააღმდეგედ მოგევლინოს. „ახალი ძალების მოძრაობას“ 2%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ბარიერი კი 5%-ია. ახლა ბევრად რთული ვითარებაა. მკვეთრად გაიზარდა ზელენსკის გუნდის რეიტინგი და ამ ფონზე სააკაშვილის პარტიას არა აქვს რადაში მოხვედრის შანსი. ამასთან, როგორც გითხარით, არც სააკაშვილს აქვს პარლამენტში მოხვედრის სამართლებრივი საფუძველი, მის პარტიას – კი სააკაშვილის გარეშე უფრო ნაკლები შანსი ექნება“, – განაცხადა ფესენკომ.

 

პოლიტოლოგის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ტაქტიკური მიზანი ამოძრავებდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა.

 

„ზელენსკის გუნდიდან მის ზოგიერთ მეგობარს შეუძლია სააკაშვილის ლობირება, მაგრამ უმრავლესობა კრიტიკულად არის განწყობილი. ვფიქრობ, გუნდს ამოძრავებდა პრაგმატული, ტაქტიკური მიზანი. აბა, წარმოვიდგინოთ, სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში და არ შეუშვეს, ეს სკანდალი იქნებოდა, რაშიც ზელენსკის დაადანაშაულებდნენ, ამიტომ დაუბრუნა მოქალაქეობა. ხვალ, შესაძლოა, სააკაშვილი გახდეს ზელენსკის კრიტიკოსი“, – აღნიშნა ფესენკომ.

 

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალს, ვიაჩესლავ ფესენკო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, სად უნდ ყოფნა – საქართველოში თუ უკრაინაში.

 

„უნდა ჩამოყალიბდეს, სად არის მისი ნამდვილი სამშობლო – საქართველოში თუ უკრაინაში. ორ სკამზე ჯდომის მცდელობა, ცოტა არ იყოს, არაეთიკურია. თუ უკრაინულ პოლიტიკაში სურს დარჩენა, უნდა გაარკვიოს, რაში ხედავს საკუთარ მისიას, დაეხმარება თუ არა რეფორმებს. ვინ არის, უკრაინელი თუ ქართველი პოლიტიკოსი? საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლია იყოს ოპოზიციონერი ან შეეცდება გახდეს ზელენსკის მოკავშირე, მაგრამ ვეჭვობ, გახდეს მისი გუნდის წევრი. მეჩვენება, რომ მას არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. ბევრ უკრაინელს არ მოსწონს სააკაშვილი, მათ შორის, იმ რეფორმების გამო, რომლებიც საქართველოში გაატარა. ამასთან, მას უფრო ქართველ პოლიტიკოსად აღიქვამენ. დღეს უკრაინაში აღარ არის უცხოელ პოლიტიკოსებზე ისეთი მოთხოვნა, როგორიც პოროშენკოს დროს. სააკაშვილი მას რეფორმების გატარებაში ეხმარებოდა. ზელენსკის პარტია ახალ რეფორმებს გაატარებს, მაგრამ შეეცდება, ყველაფერი თავად გააკეთოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი