logo_geo
ზურაბ ბიგვავა: სააკაშვილმა თავადვე შექმნა თავისი გადამგდები ხალხი
- +

11 თებერვალი. 2017. 13:02


 

„სააკაშვილის დროს თვითონ სააკაშვილმა მოამზადა ხალხი მის წინააღმდეგ, პოლიციის უფლებები გაზარდეს, შეაშინეს ხალხი. მათ იმის ილუზია გაუჩნდათ, რომ ამ ხალხის დაბეჩავება ძალისმიერი მეთოდებით შეეძლოთ. სააკაშვილმა თავადვე შექმნა თავისი გადამგდები ხალხი", - ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ „პრაიმტაიმს" განუცხადა.


ბიგვავამ საქართველოში ოპოზიციის ბრძოლის სტილის ცვლილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, „ქართული ოცნების" გამოჩენამდე, სხვა ოპოზიციური ძალები ისეთი სიძლიერით არ გამოირჩეოდნენ, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. მან სააკაშვილის მმართველობის პრინციპებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილი ყველანაირ რესურსს იყენებდა, რათა ხელისუფლების სათავეში ყოფილიყო.


„როგორც აღმოჩნდა, ის ოპოზიცია არ იყო იმდენად სერიოზული და იმდენად ძლიერი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა შეძლებოდა. მახსოვს დიდი გამოსვლები, უკანდახევაც, სტადიონიც, კარვებიც, საკნებიც... კრეატიული ფორმებიც იყო მოძებნილი, მაგრამ სააკაშვილმა ძალა გამოიყენა, ფულიც. რაღაცები მეც გამიგია ფულთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით... ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ოღონდ მორალის ფარგლებში. ამ მიზნისთვის მან არ უნდა დათრგუნოს საზოგადოების ნება. თუმცა, სააკაშვილს მიაჩნდა, რომ საზოგადოების „ნება" მის მხარეს უნდა ყოფილიყო და ვინც ამას ვერ ხვდებოდა, ცდილობდნენ, სხვანაირად აეხსნათ... ის ფიქრობდა, რომ მან დაძლია კორუფცია, გაანადგურა კრიმინალი და აღმოჩნდა, რომ თავად გახდა კრიმინალი და კრიმინალური ხერხებით ებრძოდა თავის მოწინააღმდეგეებს.

 

მისი მმართველობის პირველ წლებში საზოგადოება მის მეთოდებს მართლაც უჭერდა მხარს. დაპატიმრებების პირველ ტალღას ხალხი ტაშით შეხვდა, იმიტომ რომ ისინი, ვისაც იჭერდნენ, შევარდნაძის ხელისუფლების დროს კორუმპირებულის სახელით სარგებლობდნენ, ყველას ახსოვდა გატაცებები, ფულის გამოძალვის შემთხვევები... ამიტომაც, მაშინ სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. სინამდვილეში კი სააკაშვილის ხელისუფლება უკვე თავად იქცა რეკეტად - როცა მტკიცებულებები არ ჰქონდათ, ცოლ-შვილით აშანტაჟებდნენ, იმისთვის, რომ ქონება წაერთმიათ ან ფული გამოეძალათ.

 

მაგრამ მერე ეს სისტემა უკვე ყველას შეეხო, საზოგადოებამ მაშინ დაინახა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უკვე უდანაშაულო ადამიანებს იჭერდა, რამაც უსამართლობის დიდი მუხტი გააჩინა. ხალხმა თქვა: ეს ხელისუფლება არის ბოროტმოქმედი. ამას დაემატა 7 ნოემბერი, სისხლიც კი დაიღვარა, წავიდა რეპრესიები, დაჭერები. ათიათასობით ადამიანი პრობაციის ქვეშ ჰყავდათ და შიშში აცხოვრებდნენ. მათ სურდათ, საზოგადოება დაეშინებინათ, შიშით ცდილობდნენ მართვას და ხალხის დაბეჩავებას.

 

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალიან სერიოზული რეპრესიები ხორციელდებოდა, შემოსავლების შეზღუდვით დაწყებული და თავისუფლების დაკარგვით დასრულებული.

 

ასე რომ, ხალხს ხელისუფლების შეცვლის სერიოზული მოტივაცია გაუჩნდა. ამის მიუხედავად, სანამ ძალიან რეალური წინამძღოლი, რეალური საპირწონე ლიდერი არ გამოჩნდა, მანამ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ბიგვავამ.


ზურაბ ბიგვავამ ივანიშვილის გადაწყვეტილების მოტივებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდაპირველად ივანიშვილი მხარში ედგა მიხეილ სააკაშვილს, რათა კორუფცია არ ყოფილიყო, თუმცა მოქმედი ხელისუფლება უფრო მეტს ითხოვდა, საბოლოოდ ივანიშვილის გაღიზიანება 7 ნოემბერმა გამოიწვია.


„თავიდან ბიძინა მას ეხმარებოდა, ფულს აძლევდა მინისტრებს, რომ კორუფცია არ ყოფილიყო; პოლიციას ეხმარებოდა, ასევე, ჯარს... ის სხვა მასშტაბის კაცია, კეთილ საქმეებს აკეთებდა. მერე და მერე მადა გაეხსნათ და გაცილებით მეტის მოთხოვნა დაიწყეს, თან ფორმა იყო მიუღებელი... 7 ნოემბრის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა უკვე ძალიან დაიძაბა, ეს წყალგამყოფი იყო. მას უთხრეს, წადი, თორემ ჩვენ სხვანაირად მოგივლითო... და უკვე იყო მენტალური და ეგზისტენციური დაპირისპირება. ეს გაცილებით სერიოზული დაპირისპირებაა", - ამბობს ზურაბ ბიგვავა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი