logo_geo
ალექსანდრე გვარიშვილი: ჩვენ ჩვენი ავტორების პოპულარიზაციას და მათი პროდუქტის გაყიდვას ვეწევით
- +

8 ივნისი. 2019. 18:54

 

„ეს არის ინოვაცია, ახალი მიდგომა ამ საქმისადმი“, - ამის შესახებ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ს გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

 

როგორც ალექსანდრე გვარიშვილმა განაცხადა, „GERA“ იყენებს ახალ უნივერსალურ აპარატურას, რომელიც ქართველ ავტორებს გაუადვილებს, ზუსტად ნახონ, მსოფლიოს რომელ წერტილში, რამდენჯერ მოუსმინეს მის მუსიკას.

 

„ტექნოლოგია შექმნილია ისრაელში და ჩვენ ლიცენზია აღებული გვაქვს ბრიტანული კომპანიისგან. ეს დანადგარები არა მარტო საქართველოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყენდება. ქართველი ავტორების ნაწარმოები, რომელზე საავტორო უფლებაც გვექნება, გაერთიანებული იქნება უნივერსალურ კატალოგში. ასევე, ეს აპარატურა მომხმარებელს, რესტორანი იქნება ეს, სავაჭრო ცენტრი თუ სხვა დაწესებულება, უადვილებს, საიტზე შესვლითა და დარეგისტრირებით, მათთვის სასურველი ფლეი-ლისტის შექმნას. რეალურად, ჩვენ ჩვენი ავტორების პოპულარიზაციას და მათი პროდუქტის გაყიდვას ვეწევით“, - განაცხადა ალექსანდრე გვარიშვილმა.

 

აქვე, ალექსანდრე გვარიშვილმა „РАО“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა.

 

„დიდი კომპანიები, არა მარტო მუსიკაში, ნებისმიერ სფეროში, საქართველოს თვლიან პატარა ბაზრად იმისთვის, რომ ცალკე განყოფილება გაუკეთონ და ყოველთვის რომელიღაც რეგიონალურ ოფისს უქვემდებარებენ. „Sony“-სთვის, „Universal“-სთვის და ასე შემდეგ, რეგიონალური ოფისი არის რუსეთი. ეს ჩვენი არჩევანი არ არის. სანამ „РАО“ ჩვენთან დადებდა ხელშეკრულებას, ზუსტად იმავე გზით ჰქონდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასაც ეს უფლებები მიღებული, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ამის მიღება“, - განაცხადა გვარიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი