logo_geo
„საქართველოში შემოსვლის შემდეგ აჰმედ ჩატაევმა პირველივე ზარი თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული მობილურზე განახორციელა“
- +

10 ივნისი. 2019. 17:47

 

„რამდენიმე წლის წინათ აჰმედ ჩატაევმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მუქარის აუდიოფაილები გამოუგზავნა და კონკრეტული მოთხოვნები წამოგვიყენა. იგი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილისა და აჭარის რამდენიმე მცოვრების გათავისუფლებას მოითხოვდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მუქარის აუდიოფაილებში ამბობდა - ქართული კანონმდებლობა თქვენ უკეთესად იცით და მოიფიქრეთ, ეს ადამიანები ციხიდან როგორ უნდა გაუშვათ, თუ არადა, საქართველოში ტურიზმის და ეკონომიკის განვითარება სამუდამოდ დაივიწყეთო.

 

ჩატაევი საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდა უცხოელი ტურისტების დასაფრთხობად, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მის მუქარას არ შევუშინდით და ციხიდან ვერავის გავათავისუფლებდით, მითუმეტეს, რომ ბორჩაშვილი და სხვები ძალიან მძიმე დანაშაულში იყვნენ მხილებული.

 

ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და მათგან მუდმივად ვიღებდით ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა ჩატაევი და რას საქმიანობდა. ბოლოს გვქონდა ინფორმაცია, რომ იგი თავისი დაცვის წევრებთან ერთად თურქეთში იყო და ცდილობდა, საქართველოში გადმოსულიყო.

 

სწორედ ამ პერიოდში თბილისში ჩვენი თვალთახედვის არეში ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის ორი პიროვნება მოხვდა, რომელთა ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა და მხოლოდ მოგვიანებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის კვალდაკვალ დავადგინეთ, რომ ესენი იყვნენ აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შუაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ჩვენ მიერ მოგვიანებით დაკავებულ პირებთან, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილთან, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა“, - განაცხადა გოგაშვილმა.

 

მისივე თქმით, ქართული სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში თემირლან მაჩალიკაშვილი ჯერ კიდევ მანამდე მოხვდა, სანამ ახმედ ჩატაევი საქართველოში შემოვიდოდა.

 

„თემირლან მაჩალიკაშვილი ურთიერთობდა ჩვენთვის უცხო ადამიანებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიელები იყვნენ, მაგრამ, როგორც გითხარით, თავიდან მათი ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ, რადგან არავითარი სპეციფიკური ამოსაცნობი ნიშანი არ გქონდათ და ჩვეულებრივ ტურისტებს ჰგავდნენ.

 

ჩვენთვის ისიც იყო ცნობილი, რომ ამ ორ საეჭვო პირს ჯერ ვარკეთილში, შემდეგ კი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინის ქირაობაში თემირლან მაჩალიკაშვილი და ხიზირ მარგოშვილი დაეხმარნენ.

 

მოკლედ, ბორზიევი და სოლტახმადოვი იყვნენ ჩატაევის ემისრები, რომლებსაც თბილისში ტერაქტის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ, რაშიც მათ თემირლან მაჩალიკაშვილი და საქართველოს სხვა მოქალაქეები ეხმარებოდნენ. ამ ჯგუფის პირველადი მიზანი იყო, თბილისში უსაფრთხო სახლი დაექირავებინათ, რომელსაც ისეთი განლაგება ექნებოდა, რომ სამართალდამცავებთან შეტაკების შემთხვევაში, თავს კარგად დაიცავდნენ. სპეცოპერაციის შემდეგ ვნახეთ კიდეც, რომ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში მართლაც იყო ერთი აუღებელი ოთახი, რომელსაც ცეცხლი ვერ მისწვდა.

 

ბინის დაქირავების შემდეგ მათ კახეთიდან ჩამოიტანეს ტყვია-წამალი, ვაზნები, იარაღი, ხელყუმბარები, საბრძოლო მასალა და მოიმარაგეს ყველაფერი, რაც ტერორისტული აქტის განსახორციელებლად იყო საჭირო. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც სპეცოპერაცია ჩავატარეთ და მათ მიერ ნაქირავები ბინიდან მთელი რიგი მტკიცებულებები ამოვიღეთ და დაკავებულები დავკითხეთ.

 

ერთი სიტყვით, ჯგუფმა ყველაფერი მოამზადა იმისთვის, რომ ახმედ ჩატაევი თბილისში ჩამოსულიყო და ტერორისტული აქტი განეხორციელებინა.

 

საქართველოდან თურქეთში რამდენიმე კაცი გადავიდა და შეხვდნენ ჩატაევს, რომელიც მისი დაცვის წევრ იბრაგიმ ადაშევთან ერთად აჭარის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ კირნათში გადმოიყვანეს, სადაც სახელმწიფოს საზღვარი ნაკლებად არის დაცული. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ აჰმედ ჩატაევმა პირველივე ზარი განახორციელა მობილურ ტელეფონზე, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე იყო გაფორმებული. ეს ტელეფონი ჰქონდა უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილს და ჩატაევი პირადად მას ესაუბრა, რის შემდეგაც იმავე ტელეფონით თემირლან მაჩალიკაშვილმა ზარი განახორციელა თავის მამასთან - მალხაზ მაჩალიკაშვილთან“, - განაცხადა გოგაშვილმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი