logo_geo
სოსო გოგაშვილი: მესმის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ერთადერთი ბიჭი აღარ ჰყავს, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, უდანაშაულო ადამიანები დახოცოს
- +

11 ივნისი. 2019. 17:16

 

 

„მას შემდეგ, რაც თბილისში სისხლის გუბეების დაყენებაში ხელი შევუშალეთ, როგორც ჩანს, იმავეს გაკეთება მაჩხაანში განიზრახეს და მთელი ოჯახი, ქალიან-ბავშვიანად, მამაჩემის საფლავზე უნდა დავეხოცეთ“, - ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მისი ოჯახის წინააღმდეგ დაგეგმილ სავარაუდო ტერაქტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი „ტოიოტას“ მარკის მუქი ავტომობილით ორ პიროვნებასთან ერთად ჩასული იყო ჩემს სოფელში და ეძებდა მამაჩემის საფლავს. ჩვენს სოფელში რამდენიმე სასაფლაოა, რომელთაგანაც ერთ-ერთზე, რომელიც სოფლის შესასვლელში მდებარეობს, ეძებდნენ მამაჩემის საფლავს, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან მამაჩემი სხვა სასაფლაოზეა დაკრძალული. ამის შემდეგ შევიდნენ სოფელში და „ბირჟაზე“, რომელსაც „აკაკის ბირჟას“ ეძახიან, ჩემს თანასოფლელებს ჰკითხეს - მაჩხაანში სასაფლაო სად არისო? ჩემმა თანასოფლელებმა უთხრეს - ამ სოფელში რამდენიმე სასაფლაოა, თქვენ რომელი გაინტერესებთო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტეს - კარგი, ჩვენ თვითონ მოვძებნითო და წავიდნენ.

 

თანასოფლელებისგან ვიცი ისიც, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი და მისი თანმხლები პირები მაჩხაანში ჩემი სახლის ახლომახლოც გაჩერდნენ და იქაურობას ზვერავდნენ, როგორც ჩანს, ჩემი სახლიც ერთ-ერთი სამიზნე იყო და თუ ჩანაფიქრს სასაფლაოზე ვერ განახორციელებდნენ, ეცდებოდნენ, სახლში ამოვეწყვიტეთ.

 

თვითონ მალხაზ მაჩალიკაშვილს ამის თავი არ აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, სხვებს დაიქირავებდა და იმათ შეასრულებინებდა. მას შემდეგ, რაც თბილისში სისხლის გუბეების დაყენებაში ხელი შევუშალეთ, როგორც ჩანს, იმავეს გაკეთება მაჩხაანში განიზრახეს და მთელი ოჯახი, ქალიან-ბავშვიანად, მამაჩემის საფლავზე უნდა დავეხოცეთ.

 

ძალიან კარგად მესმის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს გვარის გამგრძელებელი ერთადერთი ბიჭი აღარ ჰყავს, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, სხვისი შვილები და უდანაშაულო ადამიანები დახოცოს. კარგად ჩაიხედოს საკუთარ გულში, რადგან, პირველ რიგში, თვითონ არის დამნაშავე იმაში, რომ მისი შვილი ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებაში აღმოჩნდა“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი