logo_geo
ლაშა მიქაუტაძე: რაც „ჩერნობილში“ ვნახეთ, ბავშვობაში ეს ყველაფერი მამაჩემზე მაქვს ნანახი...
- +

14 ივნისი. 2019. 23:44

 

ლაშა მიქაუტაძე სოციალურ ქსელში HBO-ს სერიალის „ჩერნობილის“ შესახებ წერს, რომელიც უკრაინის ატომურ სადგურზე მომხდარ აფეთქებას და მის შემდგომ მოვლენებს აღწერს.

ლაშა აღნიშნავს, რომ მამამისი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე მსახურობდა და დასხივება მიიღო. უმძიმეს ამბავს ლაშა „ფეისბუქის“ ვრცელ პოსტში იხსენებს:

ჩერნობილს ვუყურე გუშინ.

ახლა რადიოაქტიურ მამაჩემზე მოგიყვებით. მამა ჯარში 80-იანების შუაწელში მსახურობდა. კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე, RBMK ტიპის. როგორც თვითონ ყვება, ნაწილში მთავარირასპიზძიაი” ვიყავიო, არ ვემორჩილებოდი და მსჯიდნენ წამდაუწუმო, მარა მაინც იმავეს ვიმეორებდიო, ჰყვება (მაგასაც ეზიზღებ(ოდ) კომუნისტები).

რაღაცის გამოტანა თხოვეს, ნაწილის და რეაქტორის გვერდითა ოთახში სპეცრესპირატორის გარეშე შევიდა (რაც ცალსახად მისი ბრალია, რებელა იყო ეგეც))). ზოგადად, როდესაც რეაქტორის ტერიტორიას ტოვებ, გოგირდის აბაზანას იღებ (რადიოაქტიური დაბინძურების ჩამოსარეცხად), მერე დეტექტორში უნდა გაიარო, რომელიც ამოწმებს დასხივებას, რადიოაქტიური მტვერის არსებობას და .. როდესაც გაიარა, იწივლა დეტექტორმა. გაიყვანეს, კიდევ მიასხეს. ისევ იკივლა გამოსვლისას. მერე გახადეს, ისევ აბაზანა მიაღებინეს და ისევ რომ იკივლა დეტექტორმა, მიხვდნენ, რომ დასხივება ჰქონდა მიღებული.

ცოტა ხანში დაეწყო ის სიმპტომები, რაც დასხივებას მოსდევს: გულის რევა, სისხლიანი ღებინება, კანის ლპობა. ეგ კიარადა ცხვირ-პირ-საყლაპავ მილიდანაც მოსდიოდა მკვდარი ქსოვილები. ანუ რაც იმ სერიალში ვნახეთ, ბავშვობაში ეგ ყველაფერი რეალში მაქვს, მსუბუქ ფორმებში ნანახი. საბჭოთა ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. არ/ვერ უთხრეს რა ნივთიერებისგან მიიღო დასხივება, რადგან კომპეტენციაც აკლდათ და არ სურდათ გაემხილათ, რომ მსგავსი რამე საბჭოთა სივრცეში ხდებოდა. თან მოუწევდათ იმის გამხელა, რა საწვავზე მუშაობდა რეაქტორი და ეგეც არ უნდოდათ გაგვეგო. მოგეხსენებათ, რომ დასხივება დნმ- ცვლის და გენეტიკის შეცვლა შეუძლია.

ეს მოხდა 1985 წელს. მე 2 წელიწადში დავიბადე. როცა წამოვიზარდე, მამას შეტევები ისევ პერიოდულად ჰქონდა ხოლმე ვუყურებდი როგორ იტანჯებოდა, სივდებოდა და კანი ჩამოსდიოდა, აღებინებდა, სიცხე უწევდა. ისე გამოიყურებოდა კანი, როგორც იმ აკიმოვს და ვიღაცებს ჰქონდათ იმ სერიალში. რომ ვკითხულობდი, რა სჭირს მეთქი, ალერგიააო, მეუბნებოდნენ. მერე გავიგე რაშიც ყოფილა საქმე და რამხელა საშიშროებას ებრძოდა მისი ორგანიზმი.

90-იან წლებში ცხოვრება ძალიან ჭირდა, მოგეხსენებათ. ქუთაისშიც ძალიან ჭირდა და იმ არასწორი დიაგნოზის გამო მამას ძალიან უჭირდა დასხივებისგან მიღებული დაავადებების გამკლავება. ამას დაერთო ისიც, რომ ისედაც ამყაყებული საბჭოთა კავშირთან ერთად სამედიცინო სისტემა და ინფრასტრუქტურა მოიშალა. ამასობაში, ზემო თუ ქვემო სიმონეთში ვიღაც ექიმბაშს მივაგენით.

მახსოვს, 2 მეტრამდე თოვლი მოვიდა მაშინ ქუთაისში. მეზობელთან გადასვლა ჭირდა, არათუ შორ მანძილზე გადაადგილება. სწორედ მაშინ მისცა ყველაზე დიდი შეტევა. $30 ვიხდიდით მაშინ თითო ნემსში + ათასი სხვა წამლები და ჰორმონები, რომელიც დასხივებისგან შესაძლო წარმოშობად პათოლოგიებს აკავებდნენ. საიდან რას ვიძრობდით და ვყიდდით, ალბათ, არც ვიცით ჩვენმა ოჯახმა. ეს ექიმბაში, რა თქმა უნდა არ გვიმხელდა, რა წამლები იყო უნდა ჩასულიყავი, გაგეკეთებინა და მოდიოდი უკან. როცა იმატებდა ფონი, ბინტებში ვახვევდით და როცა ვხსნიდით, კანიც მოჰყვებოდა.

ბევრი საშინელების გარდა კანზე რადიაცია შემდეგნაირად მოქმედებს: ყველა ჩვენგანის კანი შეიცავს H2O-, ანუ წყალს. რადიაცია ამ წყალს გარდაქმნის H2O2-ად, ანუ მძიმე წყლად, რომელსაც პერეკისის სახელით ვიცნობთ, ქიმიურად წყალბადის ზეჟანგი ქვია. ეს იწვევს კანის წვას და კანი ჟელესავით ჩამოსდის ადამიანს. ახლა წარმოიდგინეთ, რა ტკივილის გაძლება უწევდა მამას დაახლოებით 15-16 წლის განმავლობაში. ყველაფერს ვიყენებდით, რომ რამენაირად შეგვემსუბუქებინა: რძეს, კანაფს, იოდს, სპირტს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები ნაკურთხ წყალსაც კი!

ერთში ნამდვილად გაუმართლა დასხივება, სავარაუდოდ, ირიდიუმის ან ცეზიუმის ნაწილაკის გადაყლაპვით მიიღო. როგორც თვითონ ამბობს, რეაქტორი სხვადასხვა აქტინიდს მოიხმარდა საწვავად: ურანიუმ 235-, ცეზიუმს, პოლონიუმს, ირიდიუმს, პოლონიუმს და ასე შემდეგ. ჩამოთვლითაგან ყველაზე მარტივად ირიდიუმის ნუკლეოტიდი იშლება. 8-12 წელი უნდა დაშლას, მაშინ როდესაც, შედარებისთვის ურანიუმის დაშლას სჭირდება 250 000 წელი!

მამა ფიზიკაში კარგად ერკვეოდა, ელექტრონიკის და ელექტროინჟინერიის კუთხით. აწყობდა სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო სისტემას, ძლიერი იყო ტელე-რადიო კომუნიკაციებში. სწორედ ამის წყალობით ჭკვიან ფიზიკოსს გადააწყდა, რომელმაც ზუსტად უთხრა, რისგან ექნებოდა დასხივება და სწორი დიაგნოზი უთხრა. აქედან მოყოლებული, სწორი მკურნალობა გააგრძელა და ბოლო შეტევა 2001 წელს ჰქონდა. თუმცა მაინც დაასვა დაღი, კბილები სულ გაუფუჭა და ნერვულ სისტემაზეც იმოქმედა. დასხივებამ ცალკე და PTSD- ცალკე.

სულ კითხულობდა ამ თემის შესახებ. მეც, როცა წამოვიზარდე, სულ ვკითხულობდი და ვეძებდი ინფოს.

დღეს კარგადაა. ის ნუკლეოტიდი გამოდევნილია ორგანიზმიდან. 2001 წლის მერე არანაირი შეტევა არ ჰქონია. პენსიაც ეკუთვნოდა, თუმცა საბჭოთა კავშირმა არ დაუნიშნა. თავისუფალ საქართველოში კიდევ სად იყო მაგის რესურსი, რომ დაენიშნათ. ძალიან გვიშველა ძლიერმა და ჯანმრთელმა გენეტიკამ (80 წელზე მეტს ცოცხლობს საშუალოდ ყველა ჩვენს წინაპრებში, ყველა მხრიდან). თუმცა მთლად გენეტიკას არ ვენდობოდით და ხანდახან ჰორმონს სვამდა სპეციალურს.

ის დღეები და მამაჩემის დასხივებისგან მიღებული სხეული და ტკივილები 90-იანების ბავშვობის კოშმარად შემომრჩა მხოლოდ.

ჩერნობილის“ ყურების შემდეგ ისევ გამახსენდა, თან საშინელი სიზუსტით იყო ყველაფერი გაკეთებული და სიგარეტიც გავაბოლე, ის სტრესი რო გამახსენდა…

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი