logo_geo
"ეკლესიიდან გაფითრებული გამოვიდა, ტიროდა და ამბობდა თქვენ მაინც არ დამიჯერებთ და არაფერს გეტყვითო..." - რა მოხდა ლომისობაზე?
- +

20 ივნისი. 2019. 02:32

 

 

ლომისის წმინდა გიორგის მადლიანი ტაძარისადმი მორწმუნე ადამიანებს დიდი სასოება აქვთ. ბევრი უშვილო წყვილისთვის შვილიერება მიუცია, ბევრი კეთილმორწმუნე ოჯახიც შექმნილა და ბევრიც სნეულებისგან განკურნებულა, ბევრისთვის ნუგეში მიუცია.

 

ლომისის წმინდა გიორგის ხატის შესახებ არის ერთი ლამაზი ლეგენდა. XIII საუკუნეში ჯალალ-ედ-დინი ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე “შეუკრავს”: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა. თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა.

 

გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.

არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.

 

მეორე ლეგენდა ლომისის სალოცავის კარს ეხება. ეს კარი მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. მის შესახებ ასეთ ამბავს ყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

 

ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

 

თამთა ღლონტი ლომისას სასწაულებზე წერს:

,,ლომისაზე რამდენიმე ადამიანს თავს მსგავსი ისტორია გადახდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე, მოწმენდილ ცაზე, სხეულზე წვიმის წვეთებს გრძნობდნენ და ხედავდნენ. ზოგი მათგანი ამის მიზეზს ხეების ფოთლების ნამში ეძებდა, ზოგსაც უბრალო ხუმრობა ეგონა, მაგრამ როგორც სოფლის დეკანოზი განგვიმარტავს, ამას დანამვას უწოდებენ.

„თუ ლომისამ დაგნამა ე.ი მიგიღო და მადლი გადმოვიდა შენზე“,- გვიხსნის ის.

დეკანოზი არა სასულიერო წოდება, არამედ დაახლოებით ხევისბერობის მსგავსი თანამდებობაა მთაში. მხოლოდ მისი კურთხევითა და ლოცვის წაკითხვის შემდგომ იწყება სუფრასთან დასხდომა და საკვების მიღება.

დეკანოზმა გვიამბო:

ისტორია 1: გუშინ შვილო, ბევრი სტუმარი გვყავდა, მოსალოცად ავიდნენ ლომისაზე, თუმცა მერე ზოგმა იჩხუბა. მოკლედ ბევრი ცოდვა დაგროვდა და გაწვიმდა. თავსხმა წვიმა იყო, მაგრამ ხატისველზე ერთი წვეთი არ გადმოვარდნილა, მხოლოდ ლომისაზე წვიმდა. თითქოს უფალი ცდილობდა წვიმით ეს ხალხი გაეზავებინდა და დაემშვიდებინა.

ისტორია

 

ისტორია 2: მაგ ხეს ფოთოლიც არ მოაწყვიტოთ გვაფრთხილებს,- ადგილობრივი. მაგას ხატის ველის კაკალს ვეძახით. წმინდა კაკალია. ადრე მაგის ადგილას ხვა კაკალი იყო, მაგრამ დაბერდა და წაიქცა. მეორე სოფლიდან მოვიდნენ მასალად მოგვყიდეთო, მართლაც გაყიდა აქ ერთმა ოჯახმა, დანარჩენებმა ვერ გავბედეთ. რამდენიმე თვის შემდეგ ეს ხე უკან მოიტანეს და თქვეს ისეთ სიზმრებს ვხედავ, ამის სახლში გაჩერება აღარ შემიძლიაო. ღვთისმშობელი მეუბნება, წაიღე და დააბრუნე ეს ხე თავის ადგილასო. აჰა და, თქვენი იყოსო.

მერე ამ ხისთვის ხელი არავის უხლია, შეშად დავწვით ისევ ამ ველზე, მის ადგილას კი ახალი კაკალი გაიზარდა. არც იმ ოჯახს დაადგა კარგი დღე , ვინც ხატისველის წმინდა კაკალი გაყიდა.

ისტორია 3: აქ რომ წმინდა გიორგის ნიშია, შიგნით ხომ არ შესულხართ ? ქალების შესვლა არ შეიძლება და არც უწმინდური არ უნდა გაეკაროს. ჩემი ნათესავი იყო ჩამოსული თავის მეგობართან ერთად.

ახალგაზრდები არიან და მხოლოდ ქეიფი უნდოდათ, მაგრამ როცა დალიეს, აიტეხეს შიგნით გვინდა შესვლაო. შევიდნენ, სანთლები დაანთეს და გამოვიდნენ. აბლაბუდები ჰქონდა ხატებს და გადავწმინდეთო, თქვეს. რამდენიმე წუთში ჩემი ნათესავის მეგობარი უკან შებრუნდა, მარტო მინდა ლოცვაო. დიდი ხანი არ გამობრუნდა, ბოლოს როგორც იქნა, გამოვიდა, მთლიანად გაფითრებულიყო და ტიროდა. იძახდა, მაინც არ დამიჯერებთ, არაფერს გეტყვითო. მერე, როგორც იქნა, თქვა:

შიგნით რომ შევბრუნდი, ხატები ისევ აბლაბუდაში იყო გახვეული და ისევ გადავწმინდეო, მაგრამ ჩემი სანთელი როგორც დავტოვე, ისე იყო და არ იწვოდა. გავიფიქრე, სანამ ეს ჩაიწვება, ბოლომდე აქედან არ გავალ-თქო, მაგრამ სანთელი ზუსტად ისე იყო , როგორც ანთებამდე, – მეტი არაფერი მოგვიყვა, ტიროდა აღარც სუფრას მიეკარა, წავიდა და მანქანაში დაიძინა.

მეორე დღეს რომ გაიღვიძა, არაფერი ახსოვდა. არის, შვილო, ასეთი შემთხვევებიც, როდესაც ურწმუნო ხატს მიეკარება, ხატი მას დააგდებს ხოლმე. სხვა ურწმუნოები კი ამას ხან სიმთვრალეს აბრალებენ, ხანაც ამბობენ რომ ვიგონებთ, მაგრამ ამ სასწაულებს ჩვენი თვალით ვხედავთ.

 

 

big_banner
არქივი