logo_geo
„გვეუბნებოდნენ,აქ ჩამოსულები არ დაგინახოთო...“ - რას ჰყვებიან ისრაელში მიმავალი საქართველოს მოქალაქეები?
- +

14 თებერვალი. 2017. 11:08




„როცა ისრაელში ჩასვლის მიზეზი ვუთხარი, მესაზღვრე ამიყირავდა, რა გოლგოთის მთა, არასადაც არ წახვალო", - ამის შესახებ ისრაელში მიმავალმა ერთ-ერთმა მგზავრმა კობა ხაჩიძემ „კვირის პალიტრას" განუცხადა.


როგორც მგზავრები აღნიშნავენ, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის მესაზღვრებიი არაადამიანურად ეპყრობიან. მათი თქმით, ადამიანის უფლებები ირღვევა. მგზავრთა განცხადებით, მათ სამი დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.


შშმ ბავშვთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნათელი მომავლის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი მარიამ მენაბდიშვილი ისრაელში მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრებოდა. მისი თქმით, კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო მას და ებრაელ მოქალაქეს შორის, რომელმაც საქართველოში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა ააშენოს. როგორც მენაბდიშვილი აღნიშნავს, მას და კიდევ რამდენიმე მგზავრს ისრაელის მესაზღვრეები არაადამიანურად მოეპყრნენ.


„არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩამოსული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ. შემდეგ ჩამომართვეს საფულე, რომელშიც 1 000 დოლარი მედო, ამიხვიეს თვალები, სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად ჩამსვეს ავტომანქანაში... შემდეგ შეგვიყვანეს შენობაში - ფაქტობრივად, თავისუფლება აღგვიკვეთეს, არ მოგვცეს ოჯახებთან დაკავშირების საშუალება.

 

გვიყვიროდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მერე შემოიტანეს მჟავე და ვადაგასული საკვები, ჩაყარეს ხელ-პირის საბან ნიჟარაში და გვითხრეს, გვეჭამა. ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო. ამასობაში მაგიდას შევავლე თვალი და პლასტმასის კოვზი დავინახე. ავიღე და ვუთხარი, თუ არ მომეშვებით, ამ კოვზით ვენებს გადავიჭრი-მეთქი. ხელები გადამიგრიხეს და უფანჯო ოთახში შემაგდეს, 270 დოლარი გადაიხადე და შენს სამშობლოში გაფრინდებიო...

 

იქ იყვნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც, რომელთაც ოქროული მოჰპარეს", - ამბობს მენაბდიშვილი.


„კვირის პალიტრას" ებრაელი მესაზღვრეების მხრიდან ქართველების მიმართ არსებულ აგრესიულ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთი მგზავრი, კობა ხაჩიძე ესაუბრა. მისი თქმით, ის ისრაელში როგორც ტურისტი ისე მიემგზავრებოდა, თუმცა მესაზღვრეებმა მისი არ დაიჯერეს და ის და რამდენიმე ქართველი საკნებში ჩაკეტეს. როგორც ხაჩიძე აღნიშნავს, დაკავებულები იყვნენ შშმ პირებიც.


„საკნებში ჩაგვკეტეს. უმძიმეს სიტუაციაში ვიყავით. გვშიოდა და არ გვაჭმევდნენ. ბოლოს ძლივს მოიტანეს თევზის ჰამბურგერი. წყალი დღეში ერთხელ მოჰქონდათ. უფანჯრო ოთახში სამი ღამის გათევამ მომიწია. შედეგ წაგვიყვანეს აეროპორტში,

 

ჩაგვსხეს თვითმფრინავში, ჩვენი პასპორტები პილოტს გადასცეს და საქართველოში გამოგვაფრინეს. პასპორტში უკან შემოსვლის ბეჭედი არც ჩაგვირტყეს... გვეუბნებოდნენ, საქართველოდან აქ ჩამოსულები არ დაგინახოთ...

 

ამას სხვებიც დაადასტურებე. კამერაში 7 კაცი ვიყავით. ზედა სართულზე ქალები ჰყავდათ, მათ შორის ინვალიდებიც იყვნენ", - განაცხადა ხაჩიძემ.


როგორც „კვირის პალიტრას" სტატიაშია ნათქვამი 10 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს შაბთაი ცურის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ებრაელი მესაზღვრეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი