logo_geo
პეტრე მამრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ერთხელ რომ გამოუვიდათ „ვარდების რევოლუცია“, ცდილობენ, ახლაც ის ხელწერა გამოიყენონ
- +

3 ივლისი. 2019. 16:42

 

 

„ოპოზიცია მთელ მსოფლიოში, ჩასაფრებულის პოზიციაშია, მაგრამ აქ საქმე გვაქვს დესტრუქციულ ძალასთან, რომლის ლოზუნგია - რაც უარესი ქვეყნისა და ხალხისთვის, მით უკეთესი მათთვის“, - ასე აფასებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ყოფილი პარლამენტარი პეტრე მამრაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის ოპოზიციის ქმედებებს 20 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს.

 

როგორც მამრაძე აღნიშნავს,  კარგად იცნობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და მათთვის  პატრიოტიზმი უკანასკნელი თავშესაფარია.

 

„ნაცებს ვიცნობ. დიდი ხანია ვაკვირდები და ვიცი, რომ მათ უნდოდათ პარლამენტის დარბაზში შესვლა. გამოცხადდებოდა, რომ მორჩა და გათავდა. მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რიგგარეშე არჩევნებს. ქართული ტრადიციით, ვინც მოახდენს გადატრიალებას, ის იმარჯვებს არჩევნებში. ამიტომ ის ხელწერა, ერთხელ რომ გამოუვიდათ „ვარდების რევოლუცია“, ცდილობენ, ახლაც გამოიყენონ  და ახალი რევოლუცია მოაწყონ. თორემ არჩევნებში გამარჯვების იმედი მაინცდამაინც არ აქვთ“, - ამბობს პეტრე მამრაძე ინტერვიუში.

 

 ყოფილი დეპუტატი ეჭვობს, რომ „ადამიანები, ვინც პოლიციას უტევდა, დაკავშირებული არიან ნაცისტების დამნაშავე ლიდერებთან”.

 

„იქ დავინახე მომზადებული ადამიანები. ზოგიერთი მათგანი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ფარებზე ისე ვარჯიშობდა, როგორც ნამდვილი მოკრივეები ვარჯიშობენ ბოქსის ტომარაზე და არც იღლებოდნენ. ამბობენ, რომ მანამდე რაღაცას სვამდნენ, ნაცისტებმა შემოიტანეს სტიმულატორები. ასეთი რამდენიმე ათეული ადამიანი იყო, მაშინ როდესაც სხვები გაეცალნენ და ამაში არ მონაწილეობდნენ“, - ამბობს პეტრე მამრაძე.

 

ამასთან ყოფილი დეპუტატის თქმით,  აქციაზე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციას არ უტევდნენ და აღშფოთებას მშვიდობიანად გამოხატავდნენ.

 

„ვინც პოლიციას არ უტევდა და მშვიდობიან აქციას ატარებდა, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს - აღშფოთდნენ ახალგაზრდები. თუმცა, საგულისხმოა, ჩანაწერებში რაც მოვისმინეთ: - „ფეისბუქზე იმუშავეთ, ფეისბუქზე, ხალხი გამოიყვანეთ“, - ყვირიან ნაცისტების ლიდერები. კადრში დავინახე გვარამია, უგულავა, მელია, შავგულიძე და სხვები, ანუ უნდოდათ ხალხი არა სპონტანურად, არამედ ორგანიზებულად გამოეყვანათ”, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

 

 

 

big_banner
არქივი