logo_geo
როგორ აცნობა თამარ ჩორგოლეიშვილმა შოთა დიღმელაშვილს, რომ სოციალური აქტივობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა
- +

4 ივლისი. 2019. 16:18

 

„შემდეგი კვირიდან აქ დგომა პროდუქტიული რომ იყოს, გადავდივართ ფორმატზე, შევიკრიბებით, ვისაუბრებთ, სალონური საუბრები გვექნება“, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

 

როგორც შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, ლექსებს წაიკითხავენ, იმსჯელებენ, კინოს გაუშვებენ, იქნება საუბრები კინოზე.

 

„ამ ადგილს მოვაწყობთ მუდმივ სამუშაო სივრცედ. სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიები თავის დეპარტამენტის რაღაც ნაწილებს გადმოიტანენ აქ, გავაკეთებთ დიდ ტენტს ე.წ. თანასამუშაო სივრცეს და გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ ვიცით, პროჯექთ მენეჯმენტს. ჩვენ ამ ყველაფრიდან შევქმნით ერთ დიდ ავტონომიურ პროექტს, აქ იჯდება ბევრი ხალხი და იმუშავებს იმაზე, რაც ყველას გვინდა, თუ უნდათ, სხვა საქმეებიც გააკეთონ პარალელურად. იქნება ყოველკვირეული დაკიდული თარიღი, როცა ძალიან დიდი მარშით გავივლით ხოლმე და გავაგონებთ ხელისუფლებას ჩვენს ხმას“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

პოეტი შოთა დიღმელაშვილი, იგივე შოთა გაგარინი, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობის“ მთავარ მოთხოვნას ახმოვანებს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ასევე აქტიურად უპირისპირდებოდა ყოფილ ხელისუფლებას. ამ აქტიურობისათვის იგი სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს. გთავაზობთ „კვირის პალიტრის“ სტატიას, რომელიც 2010 წლის 20 სექტემბერს გამოქვეყნდა:

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწერალთა მსოფლიო გაერთიანება საერთაშორისო პენ-კლუბისა და მისი ამერიკული ფილიალის სახელით ორი საპროტესტო წერილი მიიღო. მსოფლიოში აღიარებული მწერლები, რომელთა შორისაც ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატია, საერთაშორისო პენ-კლუბის ქართული ცენტრის სამი წევრის: ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინისა (იგივე შოთა დიღმელაშვილი) და ალექსი ჩიღვინაძის უკანონო დაპატიმრებამ და დაჯარიმებამ აღაშფოთა. მარიო ვარგას ლიოსა, ტონი მორისონი, რასელ ბენქსი და სხვა სახელოვანი მწერლები საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავარი პროკურორისა და სახალხო დამცველისგან მკაცრად მოითხოვენ კაკაბაძის, გაგარინისა და ჩიღვინაძის უფლებების დაცვას.

 

 

„თქვენო აღმატებულებავ, გწერთ ამერიკის შეერთებული შტატების პენ-კლუბის 3500 წევრის სახელით“, - ნათქვამია მწერალთა მიმართვაში, რომელიც უმაღლეს ხელისუფალთ განუმარტავს, რომ მიმართვა ამ ორგანიზაციის 101 ქვეყნის 144 მოქმედი ცენტრის პოზიციას გამოხატავს. 14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საპროტესტო არტ-აქცია მოაწყვეს. ორგანიზატორები ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ. საპროტესტო არტ-აქცია „ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!“ მათი დაპატიმრებით დასრულდა.

 

გელა ნიკოლაიშვილი, ირაკლი კაკაბაძის ადვოკატი: - 14 აგვისტოს პოეტები შეიკრიბნენ ისანში, ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისში, სადაც გზის პირას ბუშის უზარმაზარი გამოსახულება ჰკიდია. აქციის მონაწილეებმა აბრას შავი საღებავით ჯორჯ ბუშის ქუჩის ნაცვლად უოლტ უიტმენის ქუჩა დააწერეს. პოლიცია იმ დროს გამოცხადდა, როცა აქციის მონაწილეები ლექსებს კითხულობდნენ. პოლიციელები კარგა ხანს რეკავდნენ სადღაც, რა ვქნათო. ბოლოს ვიღაცამ უბრძანა ტელეფონით, დააპატიმრეთ ეგენიო. პოეტებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში, წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს. ამ ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ამსახველი ვიდეოფირი სასამართლოს წარვუდგინეთ. საქმე ის არის, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. უთხრეს, უნდა დაგაკავოთო, ისინიც მორჩილად ჩასხდნენ მანქანაში. მოსამართლეს ვთხოვეთ, ენახა ფირი, მაგრამ უარი მივიღეთ. სასამართლომ პოეტებს 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

 

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებგვერდის მთავარი რედაქტორი: - ორივე მიმართვა ძალიან მკაცრია. მწერლები ვერ მალავენ აღშფოთებას ქართველი კოლეგების უკანონოდ დაპატიმრების გამო. ორივე მიმართვაში გაპროტესტებულია შოთა დიღმელაშვილის ჟურნალ „ტაბულადან“ გათავისუფლებაც. მოგეხსენებათ, „ტაბულის“ რედაქტორი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩორგოლეიშვილია. შოთა გაგარინი სტილისტად მუშაობდა. ჩორგოლეიშვილმა მას facebook-ით აცნობა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც დიღმელაშვილი ამბობს, რედაქტორმა მიზეზად მისი სოციალური აქტივობა მოიყვანა და უთხრა, ჩემთვის უნდა შეგეთანხმებინაო. ამერიკული პენ-კლუბი მიმართვის ასლს აშშ-ში საქართველოს ელჩს ბათუ ქუთელიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს უგზავნის. პენ-კლუბის მიმართვის მეორე ადრესატები კი საქართველოს პრეზიდენტი, მთავარი პროკურორი და სახალხო დამცველი არიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი