logo_geo
რა გავლენას ახდენს ძალადობრივი ვიდეო-თამაშები ბავშვებსა და მოზარდებზე?
- +

11 ივლისი. 2019. 00:20

 

ფეისბუქ-გვერდი “ცერებრუმი”, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა მენტალობასა და ფსიქიატრიაზე ბლოგებს აქვეყნებს, ამჯერად წერს, რა გავლენას ახდენს ძალადობრივი ვიდეო-თამაშები ბავშვებსა და მოზარდებზე.

 

2015 წელს ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) გამოაქვეყნა კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომი ძალადობის ელემენტების შემცველ ვიდეო-თამაშებზე და მათ გავლენაზე მოზარდის აზროვნებაზე. კვლევამ აჩვენა, რომ დიდი ხნის განმავლობაში აგრესიული თემატიკის მქონდე ვიდეო-თამაშის ყურების შემდეგ, ბავშვში იზრდება აგრესიული ქცევები და მცირდება ემპათიის, ანუ შემწყნარებლობის გრძნობა.

 

მსგავსი კომპიუტერული თამაშების საათობით ყურების შედეგად, ბავშვის გონებაში აღიბეჭდება სისასტიკისა და ძალადობის მრავალნაირი ვიზუალური სურათი, რის შედეგადაც მოზარდი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება რეალური ძალადობის მიმართ, რომელიც მას შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხვდეს. ძალადობრივი თამაშები ადამიანში აგრესიას აღვივებენ. მაგალითად, როდესაც მოზარდები ვერ ახერხებენ თამაშში მოცემული დავალებების შესრულებას ან მოწინააღმდეგეს დამარცხებას, მათ უჩნდებათ სურვილი ფიზიკურად გამოხატონ საკუთარი ბრაზი და გაღიზიანება სხვადასხვა ხერხით: ყვილირით, ჩხუბით, მაგიდაზე ხელის დარტყმით და სხვა. შედეგად ამისა, ბავშვის გონებაში იბეჭდება აგრესიის მართვის არასწორი გზა და ხერხი, ის ეჩვევა საკუთარი ნეგატიური ემოციების გამოხატვას ძალადობრივი, არასწორი გზებით, რასაც მომავალში არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.

 

დღევანდელ რეალობაში რთულია ბავშვისა და მოზარდისათვის ყოველდღიურად ვიდეო-თამაშების აკრძალვა. თუმცა, არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც მშობელს შეუძლია სიტუაცია მართოს. მაგალითად, არ მისცეს ბავშვს უფლება გაატაროს კომპიუტერულ თამაშთან დათქმულ დროზე მეტი (საშუალოდ 1-2 საათი დღეში), გარკვეულ ასაკამდე არ მისცეს წვდომა ბავშვს ძალადობრივ თამაშებთან ან სულაც, შეეცადოს ბავშვის სხვა გატაცებით დაინტერესებას. უფრო მოზრდილ ბავშვებთან მშობლების მხრიდან უფრო ეფექტურია მცირე ულტიმატუმების წამოყენება, მაგალითად, მოზარდისთვის ვიდეო-თამაშით გართობის უფლების მიცემა მხოლოდ საშინაო დავალების დასრულების შემდეგ.

 

ბავშვის გაგებამდე უნდა დავიდეს, რომ კომპიუტერული თამაშები მისთვის დამსახურების, ქცევების შესაბამისად ხდება ხელმისაწვდომი და არ წარმოადგენს მისი ცხოვრების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს. სასურველი მიზნის მისაღწევად, უმჯობესია კომპიუტერი და ვიდეო-თამაშების ტექნიკა მოთავსებული იყოს არა უშუალოდ ბავშვის ოთახში, არამედ რომელიმე საერთო ოთახში, სადაც უფრო მარტივი იქნება მოზარდის გაკონტროლება საწყის ეტაპზე. თუ ბავშვი დაინტერესდება რომელიმე თამაშით, სასურველია თუ მშობელი დეტალურად შეისწავლის მოცემული თამაშის შინაარსსა და წესებს, რის შემდეგაც გადაწყვეტს იქნება თუ არა თამაში ბავშვის ფქსიქიკისათვის საზიანო. უარყოფითო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უმჯობესია თუ უფროსი ბავშვს აუხსნის უარის მიზეზს და სხვა შინაარსის მქონე თამაშის მოძებნას შესთავაზებს.

 

თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ყველა არსებული ვიდეო-თამაში იწვევს აგრესიას ყველა მომხარებელში. ძირითადად, ზეგავლენის ქვეშ ექცევიან შედარებით ემოციური ბავშვები, რის გამოც მათი ფსიქიკა საკმაოდ ძლიერ ზიანდება. ზედმეტი მიჯაჭვულობა ვიდეო და კომპიუტერულ თამაშებზე შეიძლება ნიშანი იყოს ისეთი მენტალური აშლილობებისა, როგორიცაა ФВРВ 9ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიული აშლილობა0, რაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა მცირეწლოვან ბავშვებში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი