logo_geo
მაია კაჭკაჭიშვილი: ხელოვანებს ისევე სჭირდებათ სტაბილური ანაზღაურება, როგორც რიგით მოქალაქეს, რომელიც თვის ბოლოს იღებს ხელფასს
- +

11 ივლისი. 2019. 15:57

 

 

მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი საზოგადოებაში საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს.

 

- რატომღაც ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობას არ სურს გაიაზროს, რამდენად დიდია მუსიკოსის შრომა და რომ მუსიკოსების შრომითი უფლებებიც ჩვეულებრივი უფლებებია, რომელსაც დაცვა სჭირდება. ხელოვანს თუ არ ექნება შესაბამისი ანაზღაურება და ჰონორარი, ძალიან გაუჭირდება მუშაობა. ის უბრალოდ თავს ვერ იგრძნობს რეალიზებულად და ვეღარ შექმნის რაიმე ახალს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი, ამ სფეროს განვითარებას შეუშლის ხელს.

 

როდესაც მეგობრები იკრიბებიან, რესტორანში მიდიან სასიამოვნო დროის გასატარებლად და ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ჩართულ მუსიკაზე ერთობიან, ბევრი ვერ აცნობიერებს, რამხელა შრომაა იმ ერთ მუსიკალური ნომერში ჩადებული. ჩვენ, მუსიკოსები, ღამეებს ვათენებთ, რომ ნომერი შედგეს. გარდა ამისა, დღეს უამრავი ნაწარმოები იქმნება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ჰიტდება. ესეც არ ხდება შემთხვევით, ამას სჭირდება ინტელექტი, დიდი შრომა, მონდომება, ბევრი დეტალის გათვლა.

 

- თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტური მეთოდებით ხორციელდება საავტორო უფლებების დაცვა?

 

- მე პირადად, ყურადღება არც აქამდე არსებული ასოციაციისგან მაკლდა, თუმცა 4 თვის წინ გადავწყვიტე ახალ ასოციაციაში „GERA“-ში გავწევრიანებულიყავი და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. პირველ რიგში იქ უკვე გაწევრიანებულები არიან ჩემი მეგობრები და ეს ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან კომფორტულია გადახდის სისტემა, აქამდე კვარტალში ერთხელ ვიღებდი ჰონორარს, ახლა კი ყოველ თვეში. ასეთი სტაბილურობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ „GERA“ მიმართავს ინოვაციურ და თანამედროვე ტექნოლოგიას, რაც საავტორო უფლებების დაცვას უფრო ეფექტურს და რაც მთავარია ობიექტურს ხდის. ერთი სიტყვით, ეს სფერო აშკარად განვითარების გზაზე დადგა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი