logo_geo
ჯაბა ბოჯგუას სოციალური დახმარება მოუხსნეს
- +

13 ივლისი. 2019. 18:36

 

 

„ჯაბას ბებიასთან ერთად მეც და თავად ჯაბაც ცოცხლად დავიხოცეთ“ - ეს სიტყვები ცნობილი მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას სასოწარკვეთილ დედას ეკუთვნის.

 

„პრაიმტაიმი“ ბოჯგუას ოჯახს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათი  ერთადერთი მარჩენალი ბებია ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

 

განურჩევლად ყველა შეჭირვებული ოჯახის მძიმე მდგომარეობა დამთრგუნველია. თუმცა, მანანა გვასალიასთან დაკავშირება იმაზე ემოციური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. სანამ ჩვენს შორის დიალოგი დაიწყებოდა, ტელეფონში ჯაბას სიმღერიდან კარგად ნაცნობი ჰანგები ისოდა - „მომნატრებია...“ მერე მომღერლის დედამ მორიდებით, მადლიერებით და ჩვეული გულწრფელობით დაიწყო თავისი ოჯახის მძიმე ისტორიის შესახებ საუბარი. 

 

ჯაბას დედა ამბობს, რომ ფაქტობრივად ჩვენც დავიხოცეთო. ისინი ნაქირავებ ერთოთახიან სახლში ცხოვრობენ. მანანა გვასალია ყველაზე მძიმე წუთებს იხსენებს, როცა მისი დედა სახლში მოასვენეს და ჯაბას საწოლის გვერდით დაასვენეს. ამბობს, სხვა გამოსავალი არ მქონდაო. ახლა, მგლოვიარეს მატერიალური მდგომარეობაც სადარდებელი აქვს...

 

„დედაჩემი ყველაფერი იყო, ფაქტობრივად მეც და ჯაბასაც ის გვაცოცხლებდა. მისი პენსიით ვცხოვრობდით, გარეთ რომ გადიოდა, ხალხი ცნობდა და ფულს ჯაბასთვის ჩუქნიდნენ, ჩვენს სახელზე რამე უყიდეთო აბარებდნენ. ავარიის შემდეგ, როცა დაიღუპა სახლში მოვასვენეთ, ჯაბას საწოლთან ახლოს გვყავდა დასვენებული. ისიც გრძნობდა ჩვენს ტრაგედიას და ოთხი ღამე არ უძინია, დამამშვიდებლები დასჭირდა.

 

ახლა, სრულიად უსახსროდ ვართ. ჩვენთვის შეღავათი მხოლოდ ბინის ქირის უზრუნველყოფაა, რომელსაც გლდანის გამგეობა აფინანსებს. კომუნალური გადასახადები, წამლები, საკვები ყველაფერი საზრუნავი მაქვს, მაგრამ საიდან და როგორ არაფერი ვიცი... საუბედუროდ, არც საპენსიო ასაკის ვარ, სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს, ასე მითხრეს: „ელექტრო ენერგიის გადასახადი მაღალი გაქვთო“.

 

შუქს ფუფუნებას კი არ ვახმარ, ჯაბას სპეციალური ლეიბი და საკვები აპარატი სჭირდება, რომელიც დენზე მუშაობს, რა ვქნა, მოვკლა ჩემი შვილი და დაბალი გადასახადით სოციალური დახმარება მე დამენიშნოს? გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. საზოგადოების ნაწილმა შესაძლოა გამკიცხოს - წავიდეს, იმუშაოს და ოჯახი არჩინოსო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს შვილს იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვს, რომ ის ყოველდღიურ კი არა, ყოველწუთიერ მოვლას საჭიროებს. ყოველ 4 საათში ჭამა, ჰიგიენური დამუშავება და გადაბრუნება სჭირდება, რათა ნაწოლები არ გაუჩნდეს, აბა როგორ დავტოვო ასეთ დღეში ჩემი შვილი?

 

ექთნის დაქირავების საშუალება არ მაქვს. ისედაც, ის 11 წელი, რომელიც ჯაბა ლოგინს მიეჯაჭვა, კეთილმა ადამიანებმა გადაგვაგორებინეს. ახლა, გერმანიაში გავგზავნეთ ჩემი შვილის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია, იქნებ რაიმე საშველი გამოჩნდეს, იქნებ ეტლში მაინც ჩაჯდეს... ჩვენთვის ყოველი დღე ძალიან მძიმეა, ხანდახან შოუბიზნესის წარმომადგენლებიდან რამდენიმე გვეხმარება, ბევრმაც სულ დაივიწყა ჯაბა... ემიგრანტები და აქ მცხოვრები კეთილშობილი ადამიანებით გვიდგას სული, თორემ სხვა ხსნა არ არსებობს... ახლა, ისე გვიჭირს როგორც არასდროს...“

 

„პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, მომდევნო სამუშაო დღეს ოფიციალურად გვიპასუხებენ თუ რატომ ვერ ხერხდება უმძიმეს დღეში მყოფი ბოჯგუასთვის სოციალური დახმარების გაცემა. ინფორმაციის მიღებისთანავე „პრაიმტაიმი“ უწყების პოზიციას მკითხველს გააცნობს.

 

შეჭირვებულ ადამიანებზე ხშირად ვწერთ. „პრაიმტაიმის“ მკითხველი გულგრილად თითქმის არასოდეს ტოვებს მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ, ვაქვეყნებთ ბოჯგუასთვის საბანკო ანგარიშს, სადაც შეგეძლებათ ოჯახს დახმარება აღმოუჩინოთ.

 

„თიბისი ბანკი“ -TBC BANK; საბანკო ანგარიში- GE26TB7447145061600017 მიმღები - მანანა გვასალია (დედა).

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი