logo_geo
„პოლიციელებს ვთხოვდი, ხელები წინ მაინც გადმომიტანეთ, რომ სისხლის მოწმენდა შევძლო-მეთქი“ - ბესიკ ტაბატაძე 2011 წლის 26 მაისს იხსენებს
- +

13 ივლისი. 2019. 23:25

 

 

„ისე მოხდა, რომ ფარებიანი და ხელკეტებიანი სპეცრაზმელების წინ აღმოვჩნდი და მაშინვე რეზინის ტყვიები დამიშინეს. მთლიანობაში ათზე მეტი ტყვია მომხვდა და აქედან ერთმა თვალი ამომთხარა“, - ამის შესახებ ბესიკ ტაბატაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე ისაუბრა.

 

„როცა დარბევა დაიწყო და სპეცრაზმი ყველა მხრიდან მოგვაწვა, ვცდილობდით, ქალბატონები, ხანში შესული ადამიანები და თუ ვინმე არასრულწლოვანი იყო, სასწრაფოდ გაგვეყვანა სამშვიდობოს. ამ ფაციფუცში ისე მოხდა, რომ ფარებიანი და ხელკეტებიანი სპეცრაზმელების წინ აღმოვჩნდი და მაშინვე რეზინის ტყვიები დამიშინეს. მთლიანობაში ათზე მეტი ტყვია მომხვდა და აქედან ერთმა თვალი ამომთხარა.

 

ტყვია გახელილ თვალში მომხვდა და პირველი, რაც ვიგრძენი, ის იყო, რომ ცალ თვალში მთლიანად დამიბნელდა. ეტყობა, ემოციურად ისე ვიყავი დამუხტული, ტკივილი არც იმ წუთას მიგრძვნია და არც შემდეგ, როცა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ხელებშეკრულს საათების განმავლობაში უმოწყალოდ მცემდნენ. ამოთხრილი თვალის ბუდე რომ შემიშუპდა და გასივდა, სისხლი ჯერ შიგნით გროვდებოდა და მერე გარეთ იღვრებოდა, მე კი იმის საშუალებაც კი არ მქონდა, მომეწმინდა, რადგან ხელები ზურგს უკან მქონდა შეკრული. პოლიციელებს ვთხოვდი, ხელებს თუ არ გამიხსნით, წინ მაინც გადმომიტანეთ, რომ სისხლის მოწმენდა შევძლო-მეთქი.

 

თვალი თითქმის მთლიანად დაიშალა. ბადურის დაახლოებით მესამედი ნაწილი, რაც დარჩენილი იყო, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაციის დროს ამომაჭრეს. 68 ნაკერი მაქვს თვალში. გახეთქილ თვალს ამოსაკერად ბოლომდე რომ ვერ ჩაწვდნენ, ქუთუთო გამიჭრეს და 6 ნაკერი ცალკე ქუთუთოზე დამადეს“, - განაცხადა ტაბატაძემ.

 

როგორც ტაბატაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, სააკაშვილის ხელისუფლებას 26 მაისს დაშავებულების მკურნალობაზე არ უზრუნია.

 

„რა კომპენსაცია და რის უცხოურ კლინიკებში გაშვება, არც ჩემზე და 26 მაისს დაშავებულ არც ერთ ადამიანზე სააკაშვილის ხელისუფლებას თეთრიც არ დაუხარჯავს. სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოვიგე და 2018 წელს 6 ათასი ევრო მომცეს კომპენსაცია, როცა ჩემი ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა დაახლოებით 30 ათასი ლარი დაჯდა.

 

გარდა იმისა, რომ თვალი ამომთხარეს, შაქრიანი დიაბეტიც დამემართა, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ვუმკურნალო, აღარაფერს ვამბობ ფსიქოემოციურ ტრავმაზე, რომელიც 26 მაისს მივიღე და დღემდე მომყვება“, - განაცხადა ბესიკ ტაბატაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი