logo_geo
„ოპტიმისტი ვეტერანი ქუთაისიდან - დავით ახრახაძე, რომელსაც გამუდმებით მამულის მაჯაზე ედო არა მარტო ხელი, არამედ - გულიც“
- +

16 ივლისი. 2019. 12:08

 

ალბათ ბევრს კარგად ახსოვს, თუ როგორი იყო გასული საუკუნის მიწურული საქართველოსთვის.

 

90-იანი წლების დასაწყისი გახლდათ ტოტალური გაჭირვებისა და უიმედობის პერიოდი, რომელსაც კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა აფხაზეთის ომი. ეს ომი, სინამდვილეში, საქართველო-რუსეთის დაპირისპირება იყო და ყველამ კარგად იცოდა, რომ ის აუცილებლად, საქართველოს დამარცხებით დასრულდებოდა. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუნდაც, რუსეთთან ბრძოლა უაზრობად არ მიაჩნიათ და „სამშობლოს სამსახური“ - მხოლოდ სამაგიდო-საქეიფო სიტყვებად. ასეთი ადამიანია დავით ახრახაძე. ბუნებით მხიარულმა და მეგობრულმა კაცმა, ომში მარცხენა ფეხი დაკარგა, მაგრამ არასდროს არავის ეწუწუნება. ხალხთან კონტაქტი უყვარს. იუმორი ნეგატიური განწყობის დაძლევაში ეხმარება. ირიბად ისევ იბრძვის, რადგან ვეტერანებს უფრო მეტი დაფასება სჭირდებათ!

 

ქუთაისში ბევრი ადამიანი იცნობს დავითს. „მარილიან“ სახეზე ბავშვური სიეშმაკე და ღიმილი აქვს. პროთეზის მიუხედავად, სწრაფად და მოხერხებულად მოძრაობს. ხისტად გამოხატავს თავის სათქმელს და ზოგჯერ - ბილწსიტყვაობს, ოღონდ - თუ ვინმეს შეიძლება უხდებოდეს ვულგარულად მეტყველება - ეს ვეტერანი ახრახაძეა, რომელსაც გამუდმებით მამულის მაჯაზე ედო არა მარტო ხელი, არამედ - გულიც.

 

ქუთაისში „გახეთქილი საზამთროს“ ანუ პარლამენტის გახსნისას თბილისელ სტუდენტებს პრეზიდენტის „თვალებში ჩახედვა მოუნდათ“ და 26 მაისს, გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მანქანით ავიდნენ.

 

„გელათთან დავაყენეთ მანქანა. დავინახეთ, უშიშროება როგორ ზვერავდა სიტუაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებოდით, როდის ამოვიდოდა პრეზიდენტი და 5 საათამდე იქ ვიყავით. ალბათ, უშიშროება მიხვდა, რომ მათი თანამოაზრეები არ ვიყავით. გადარეკ-გადმორეკეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ მათ ველოდებოდით. ჰოდა, პრეზიდენტი გელათში აღარ ამოვიდა“, - იხსენებს ახრახაძე.

 

მერე ის მოხდა, რაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ: პატრულმა გააჩერა „ჩამხედველები“, ხელბორკილები დაადეს და მოწამეთის „გადასახოვთან“ არსებულ პოლიციის შენობაში შეიყვანეს, სადაც ნამდვილი ყვარყვარეს ციხე დახვდა. დაახლოებით 100-მდე ადამიანი იყო იქ და ირონიით, დაკითხვას უწყობდნენ. მერე სახელდახელოდ, საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ვითომც, პოლიციის წინააღმდეგობაში შემჩნეული პირები და 400-400-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით გაათავისუფლა „პრეზიდენტის თვალებში ჩახედვის“ მსურველები. სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისში რომ გააპროტესტეს, ამისთვის ცალკე მოუწიათ ჯარიმის გადახდამ. თუმცა, დავითი მაინც ხუმრობით ებრძვის წარსულის შავ ლაქებს...

 

აფხაზეთის ომის დროინდელ ამბებს ისე ჰყვება, მოსმენა არ მოგბეზრდება: „1992 წლის ზამთარია. ოჩამჩირე, სოფელი მერკულა... ცოტა დასალევი „გაიჩითა“ მებრძოლებში. ყველა კარგ ხასიათზეა, ოღონდ - გასართობი არაფერია ირგვლივ: არც ტელევიზორი, არც მაგნიტოფონი, არც რადიო.... დარჩა ხუმრობა და იუმორი. საკბილოც ნახეს - ყველაზე ხანში შესული, 65 წლის მეომარი. ბაბუს ეძახდნენ. გული ერჩოდა ბაბუს და ახალგაზრდებს მხარში ამოუდგა, ქართულ პოსტებს იცავდა სხვაზე მეტად თუ არა, არანაკლებად! დაუწყეს „აგდება“: ბაბუ, რა გინდა ომში? რა დროს შენი ეგეთებია, ახლა ბუხართან უნდა იჯდეო. ბაბუ განერვიულდა: რა იყო, შვილებო, თქვენზე ნაკლები რითი ვარო?! ახალგაზრდებმა მოუმატეს „კაიფს“, - რაის მეომარი შენ ხარ, ბაბუ? უკნიდან გაზები გეპარება, მშიშარა ხარო... გაგიჟდა კაცი: ვინაა, ბიჭო, მშიშარაო? წამოხტა ფეხზე. ბიჭები კიდევ გაეხუმრნენ. შემთვრალმა მოხუცმა სტაცა ავტომატს ხელი და გამოვარდა გარეთ. აფხაზების პოსტებამდე 150 მეტრიც არ იყო... ასფალტიან გზაზე გაიქცა, გინებ-გინებითა და სროლა-სროლით. გზადაგზა ცლიდა „რაჟოკებს“. მიუახლოვდა აფხაზების პოსტს და თან, აგინებს აფხაზებს. პირდაპირ პოსტის სარკმლიდან გამოსძახეს ბაბუს: „გრუზინ, ტი პიანი შას... იდი დამოი“. ამის გაგონებაზე ბაბუ ადგილზევე გამოფხიზლდა და უკან მოცოცხა...“

 

ბევრი გულისტკივილიც ახსოვს დავითს:

 

„22 ნოემბერია. ღამის სამ საათზე მიწევს პოსტზე გასვლა. ისეთი სიცივეა, ბუხარი დანთებული გვაქვს. რამდენიმე მეომარს ერთ ოთახში გვძინავს. მე რომ გავიდოდი პოსტზე, ჩემს საწოლს ხვიჩა მუმლაძე იკავებდა. რატომღაც დამეზარა გასვლა. ავდექი მაინც და პირი ერთი მუჭა ფრანგული ოდეკოლონით დავიბანე (ეს ოდეკოლონები ვიღაცას დარჩენია ომის დაწყებისას და შემთხვევით ვნახეთ მიტოვებულ სახლში). მოკლედ, „გადევისხი დუხი“ და წავედი პოსტზე. ეს ჩემი პოსტი სხვა პოსტების წინ იყო 50-60 მეტრით და თუ მტერი მოვიდოდა, ჯერ ეს ადგილი უნდა „აეღო“ და მერე - დანარჩენი.

 

ჩემს პოსტზე, მახსოვს, იყვნენ: გურული გიორგი კილაძე (გურულოს ვეძახდით), ჭიათურელი თუ ტყიბულელი კობა სოფრომაძე და მესამის გვარი არ მახსოვს. ჩემს უკანა პოსტებზე იყვნენ ქუთაისელი შალამბერიძე და სამტრედიელი დათო ლევიძე. უმთვარო, წვიმიანი და ქარიანი ამინდია. ხილვადობა ნულია. ქარსა და წვიმაში არაფერი გვესმის. გული ცუდს მიგრძნობს, უკნიდან კი მესმის შალამბერიძის სიმღერა. ღამის ხუთის ნახევარზე გურულომ მითხრა: რომ არ ჩაგვეძინოს, მოდი, ანეკდოტებს მოვყვეთო. დავუშალე. - მაშინ მოდი, ერთ „აბსტრელს“ გავაკეთებო. აფხაზების მხარეს გაიხედა და მთელი ხმით შეაგინა მტერს დედა, თან, ავტომატის მოკლე ჯერიც მიაყოლა. ამასობაში თურმე, აფხაზების დივერსიული სამოცკაციანი რაზმი, რომელშიც კაზაკები და ყაბარდოელებიც ბლომად იყვნენ, ჩვენს ტერიტორიაზე შემოპარულა. ისარგებლეს სიბნელით და ჩვენი პოსტი ალყაში მოუქცევიათ. ყველაზე ახლო 7 მეტრში იყო მოსული. გურულოს გასროლა ისე გაიგეს, თითქოს ისინი დავინახეთ და წამოვიდა „მუხების წვიმა“. 2 წამში 6 „მუხა“ დავთვალე. დამცავი კედელი 5 ფენა ბლოკისგან გვქონდა აშენებული და ამან ცოტათი დაგვიცვა. პირველსავე წამზე დავიჭერი თავში, ნამსხვრევით. „ნორკის|“ ქუდი მეხურა, სქელი იყო და ცოტა შეაკავა. გამწარებულმა, ხელით ამოვიღე თავში ჩასობილი ნამსხვრევი. გვაყრიდნენ ტყვიებს და ჩვენც დაუზოგავად ვისროდით. მალე ტყვია-წამალი გამოგველეოდა, ამიტომ თანამებრძოლებს ვუთხარი: ბიჭებო, მე გავალ, გავაფრთხილებ ჩვენებს და რამდენიმე წუთში უკან მომყევით-მეთქი. ჩვენებისკენ ორი ნაბიჯით დავიხიე. 10-15 მეტრში თხუთმეტიოდე კაცი შევნიშნე. ქართველებს არ ჰგავდნენ და მივხდი, რომ ალყაში ვიყავით. მათ კიდევ, ჩვენი პოსტი განადგურებული ეგონათ და სოფელში შესვლას აპირებდნენ. ეს ყველაფერი თანამებრძოლებს ვუთხარი. ბოლო „რაჟოკი“ მაქვს სავსე - ეგაა ჩემი ავლადიდება. პოსტის უკანა მხარეს ბრეზენტი იყო ჩამოფარებული და ავტომატის ცეცხლი გარეთ რომ არ დაენახათ, ბრეზენტის შიგნიდან მივუშვი ამ ჯგროზე. ატყდა ღრიალი, უკან გზა გაგვეხსნა. ცოტა ხანში დავიწყეთ უკან დახევა ისე, რომ ერთი ტყვიაც აღარ გვქონდა. ვხედავთ, აფხაზები სოფელში შედიან. ჩვენი უკანა პოსტები მოხსნილია, ჩვენებიც დაიღუპნენ, მაგრამ გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა. დილით ნაალაფარ იარაღზე ყველას „პოვარმა“ მიგვასწრო!“

 

აუცილებლად, პირი ყურებამდე სიცილით გაგეხსნება, თუ მოუსმენ, როგორ იხსენებს დავით ახრახაძე ხარაგაულის ამჟამინდელი დეპუტატის აფხაზურ ბატალიებს: „მაშინ მგონი, ნოდარი ხარაგაულის გამგებელი იყო. ჩამოიტანდა საჭმელ-სასმელს და თან, ფრონტის ხაზზე ითხოვდა გაგზავნას. ჩვენ ვიცოდით, რომ ამხელა კაცის წინა ხაზზე გაშვება არ შეიძლებოდა და ისეთ ადგილას დავაყენებდით, სადაც საჭირო არ იყო. ერთხელ ზღვის ჯებირიდან, ოთხი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ფეხი იტკინა. მერე ხან ის დადიოდა ჩემი ყავარჯნებით, ხან - მე. ნოდარისთვის ჩემი ყავარჯნები პატარა იყო, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. ნოდარ ებანოიძე იმ პერიოდში იმხელა წონის იყო, „კრაოტს“ ღუნავდა დაწოლისას!“

 

დავითი გამოუსწორებელი ოპტიმისტია. იუმორით ცდილობს ყველაზე რთული სიტუაციის დაძლევას. ესეც მისი მოგონებაა: „1995 წელია. ერევანში გაგვგზავნეს ნაომარი ბიჭები ფეხების პროთეზირებისთვის. ჩვენ შორის ერთი ჭიათურელი იყო, რომელმაც რუსული არ იცოდა. პროთეზის გაკეთებისას აღმოჩნდა, რომ 2 სანტიმეტრით მოკლე იყო. დაგრძელებას 2 წუთიც არ სჭირდებოდა, მაგრამ ამ ჩურჩუტს ვუთხარი: ორთოპედმა თქვა, პროთეზს არაფერი ეშველება, მაგრამ მეორე ფეხს თავისი ხარჯებით დაგიმოკლებენ-მეთქი. საწყალმა დაიჯერა და ლამის გაგიჟდა...“

 

როგორ შეძლო დავითმა ამდენი? 23 წლის წავიდა აფხაზეთის ომში, მანამდე სამშობლოს სიყვარული მამისგან ისწავლა, სამხედრო საქმე - საბჭოურ ჯარში. სკოლაში რომ სწავლობდა, რაგბიში ვარჯიშობდა.

 

სამშობლოს ერთგული სამსახური ბუნებით დაებედა კაცს, რომელიც „ბაღის კიდეს“ სუფთა სინდისით, ოდნავ შესამჩნევი კოჭლობით გადაჭრის ხოლმე და მას ქუთაისში ყველა ცნობს - ის ხომ ვეტერანი დავით ახრახაძეა.

 

 

როლანდ ხოჯანაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი