logo_geo
მანანა კობახიძე: პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა...
- +

17 თებერვალი. 2017. 12:48


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე „კვირის პალიტრას" ე.წ. კოკაინის საქმესა და მისი ძმის მიმართ არსებულ სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს მოსამართლედ მისი შერჩევისას დაბრკოლება არ შეუქმნია, რადგან პროკურატურამ დანაშაულის დამამტკიცებელი ვერაფერი იპოვა.


„პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია, კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ. მოგეხსენებათ, საქმეს პროკურატურა იძიებდა, თუმცა როდესაც დანაშაულის დამამტკიცებელი ვერაფერი იპოვეს, ძიება შეწყდა. პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა. ასეც უნდა იყოს - თუ ვინმე კანონს არღვევს, პროკურატურამ პასუხი უნდა მოსთხოვოს.

 

დღეს პოლიტიკიდან წავედი და მთლიანად სასამართლო სისტემაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება - ფაქტია, ადრე გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა მაღალი იყო, დღეს კი ეს ტენდენცია შემცირებულია. შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობაც, რასაც მე კი არა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს", - აცხადებს კობახიძე.


როგორც კობახიძე აღნიშნავს, დღეს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და ადამიანთა საპატიმროდან გათავისუფლება მხოლოდ მისასალმებელია.

 

„დღეს სასამართლო სისტემა იმაზე მეტად დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სხვათა შორის, ამას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კოტე კუბლაშვილიც კი აღიარებდა. ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლება, მით უმეტეს, ჩემთვის, როგორც ყოფილი უფლებადამცველისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია", - აღნიშნა კობახიძემ.



 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი