logo_geo
ირმა ჭკადუა: სამწუხაროა, რომ იური ვაზაგაშვილი ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერ მოესწრო
- +

23 ივლისი. 2019. 19:51

 

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ზურა ვაზაგაშვილის მამა, ბატონი იური ვაზაგაშვილი, რომელსაც შვილების საფლავზე მოუსწრაფეს სიცოცხლე, ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერ მოესწრო“, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, რომელიც ვაზაგაშვილების ოჯახის ინტერესს წლების განმავლობაში იცავდა, „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დაადგინა, რომ ზურა ვაზაგაშვილთან დაკავშირებით დარღვეულ იქნა სიცოცხლის უფლება. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურა ვაზაგაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, არც აუცილებელი იყო და არც - პროპორციული.

 

ბუბა ფუთურიძე, რომელიც ავტომანქანაში ზურა ვაზაგაშვილთან და ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად იჯდა, მაგრამ სპეცოპერაციას ცოცხალი გადაურჩა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გზით აიძულეს, არარსებული დანაშაული ეღიარებინა და ეთქვა, თითქოს, საყაჩაღოდ მიდიოდნენ, რის შემდეგაც საპროცესო გარიგება გაუფორმეს.

 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ბინძურ მცდელობებს, ზურა ვაზაგაშვილი ყაჩაღად გამოეცხადებინათ და ამით გაემართლებინათ მისი უსასტიკესი მკვლელობა. ევროპულმა სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ უდანაშაულო ზურა ვაზაგაშვილი სახელმწიფომ მოკლა, ანუ სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. ზურა ვაზაგაშვილის უსასტიკესი მკვლელობა - ეს იყო საჩვენებელი დახვრეტა, რომელიც საზოგადოებაში შიშის დათესვას ისახავდა მიზნად.

 

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელიც 9 წლის განმალობაში მიმდინარეობდა, არაეფექტიანი და გაჭიანურებული იყო.

 

ძალიან სამწუხაროა, რომ ზურა ვაზაგაშვილის მამა, ბატონი იური ვაზაგაშვილი, რომელსაც შვილების საფლავზე მოუსწრაფეს სიცოცხლე, ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერ მოესწრო. იგი სამართლიანობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა და შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი