logo_geo
„ერთმანეთს ხელს უქნევდნენ, ის იქედან ტიროდა, ეს – აქედან“... – ქართველი ებრაელების დაბრუნება საქართველოში 40 წლის შემდეგ
- +

23 ივლისი. 2019. 22:37

 

 

შაპტაი [შაქრო] და სიმა ხენები [ხიხინაშვილები] ქართველი ებრაელები არიან და ზაფხულს ბათუმში ატარებენ. ისინი მეშვიდე წელია ჩამოდიან საქართველოში. შვიდი წლის წინ სიმამ და შაქრომ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს – ზუგდიდსა და ბაღდათში, ანუ იქ, სადაც დაიბადნენ და ბავშვობა გაატარეს… სიმას და შაქროს ოჯახებმა საქართველო 1973 წელს დატოვეს და საცხოვრებლად ისრაელში წავიდნენ. მაშინ სიმა 10 წლის ყოფილა, შაქროს – 16 წელი უსრულდებოდა.

 

„…ჩავედით ზუგდიდში და ჩემს ქუჩას დავუწყე ძებნა. ჩვენ შაუმიანის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ბაზართან ახლოს, მაგას რა დამავიწყებს,“ – გვიყვება სიმა და 2012 წელს ზუგდიდში იმ ქუჩაზე მისვლის ამბავს იხსენებს, სადაც ბავშვობა გაატარაЖ – „ვიკითხე და მიპასუხეს, ესაა შაუმიანის ქუჩაო. ამოვიჩემე, როგორ არის ეს შაუმიანი, სადაა მდინარე, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს ჩადიოდა-მეთქი… თურმე, ამოუშენებიათ მდინარე და აღარ ჩანს. პატარა ვიყავი, იმ მდინარის პირას რომ ხელი ვიტკინე, ახლაც მაქვს ნიშანი,“ – იხსენებს სიმა და ხელის მტევანს გვაჩვენებს.ზოოპარკში მივყავდით მშობლებს, იქ გადასასვლელი იყო და წავიქეცი,“ – დასძენს იგი.

 

სიმა ემოციურად ჰყვება ზუგდიდელ მეზობლებთან შეხვედრასაც:სახლი უცებ ვეღარ ვიცანი. ჩემს სახლს გარედან ჰქონდა კიბე, ახლა შიგნიდან აუშენებიათ და გარეთა კიბე მოუშლიათ… სახლთან როცა მივედი, გარეთ მეზობლები დომინოს თამაშობდნენ. ვის ეძებთო, ერთმა მოხუცმა მკითხა. ვუთხარი, მე დანიელ ხი…შვილი ვარ-მეთქი და აღარ დამასრულებინა გვარის თქმა: უი, სიმა, შენა ხარო.… ის კაცი მამაჩემის მეგობარი იყო. უცებ მოგროვდა ხალხი. ყველა გამომკითხეს: დები, ძმები, მშობლები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები. ზოგი იხარეს, ზოგიც – იქვე გამოიგლოვეს. სიმა დაბრუნებულაო და სუფრა გაშალეს…“

 

სუფრა გაშალეს ბაღდათშიც, სადაც იმ დღეებში შაქრო ხიხინაშვილი დაბრუნდა.

 

ჩემი სახლი დანგრეულია… მის ნაცვლად ახალი კორპუსი აუშენებიათ. სოფელში ღამით მივედით და ჩემს მეგობარს, ბაჩუკის ვესტუმრეთ. დილიდან ატყდა კაკუნი. ხან ერთი გვექაჩებოდა, ხან – მეორე. მეორე დღეს ყველა ჩემი ყოფილი კლასელი შეიკრიბა ჩემს პატივსაცემად და ერთად ვიქეიფეთ,“ – გვიყვება შაქრო.

 

შაქრომ და სიმამ ერთმანეთი ისრაელში გაიცნეს და დაოჯახდნენ. ისინი ერთად იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ საბჭოთა პერიოდში საქართველოში დარეკვას და ბავშვობის მეგობრებთან დაკავშირებას.

 

მე ვურეკავდი ბაღდათში ბაჩუკის, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია… ჯერ ირეკებოდა ფოსტაში, მერე იქედან ურეკავდნენ იმას, ვისაც ტელეფონი ჰქონდა, ის ეძახდა ბაჩუკის, ამას ბარე ორი-სამი საათი სჭირდებოდა. ხდებოდა ისეც, რომ წყდებოდა ხაზი,“ – ამბობს შაქრო.

 

სიმას და შაქროს საქართველოში ჩამოსვლამდე ბაჩუკი ჩასულა ისრაელში. ეს 90-იან წლებში მომხდარა.

 

მაშინვე იცნეს ერთმანეთი, როცა ერთმანეთი დაინახეს,“ – ღიმილით იხსენებს სიმა. – „ჩვენ ხაიფას სადგურში ველოდით ბაჩუკის, გემით ჩამოვიდა. სადგურში ალბათ კილომეტრი იქნებოდა ერთმანეთისგან დაცილებული, ერთმანეთს ხელს უქნევდნენ, ის იქედან ტიროდა, ეს – აქედან“.

 

როგორ ვერ ვიცნობდი… ერთი დედის მუცლიდან არ დავბადებულვართ, თორემ ერთად გავიზარდეთ“, – ბრაზობს შაქრო.

 

ცოლ-ქმარს ქართული ენის შესახებაც ვკითხეთ: ბავშვობაში ნასწავლი ახსოვთ, თუ მერე ისწავლეს.

 

დედაჩემს აქედან სკოლის სახელმძღვანელოები ჰქონდა წამოღებული ისრაელში. დაგვისვამდა და გვასწავლიდა ქართულს. ივრითს მაინც ისწავლით, დედაენა არ უნდა დაივიწყოთო… მახსოვს, ხშირად წამიშლიდა ნაწერს, ეს არ ვარგა, თავიდან დაწერეო… შვილებსაც ვესაუბრები ხშირად ქართულად, მაგრამ მათ ქართულად ლაპარაკი უჭირთ,“ – გვითხრა სიმამ.

 

შაქრო და სიმა ხიხინაშვილები ახლა ისრაელში ცხოვრობენ. შაქრო ავტობუსის მძღოლად მუშაობს, სიმა – მომვლელად მოხუცთა თავშესაფარში. შაქრო ამბობს, რომ ხშირად აქვს ურთიერთობა ისრაელში მცხოვრებ ან სამუშაოდ ჩასულ ქართველებთან.

 

აქ რომ სამუშაო იყოს, არ წავა ამდენი ხალხი… მართალი გითხრათ, საქართველოში რომ ვიყო, არსად წავიდოდი, აქაც გავართმევდი თავს. თუ საქმე გიყვარს და გესმის, შეიძლება გახსნა რაღაც, მით უმეტეს, სოფელში როცა ცხოვრობ, იქ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება,“- დასძინა შაქრო ხიხინაშვილმა.

 

 

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

 

 

big_banner
არქივი