logo_geo
სოფო გოიხმანი: ღმერთმა იცის, რამდენჯერ დავიკარგე, რამდენჯერ ვცადე, მაგრამ საკუთარი თავი დიდხანს ვერ ვიპოვე...
- +

24 ივლისი. 2019. 01:38

 

 

ეს ამბავი მძიმეა, თუმცა კარგი დასასრულით - 21 წლის ასაკში თბილისელ გოგონას, სოფო გოიხმანს მხრის ძვლის ავთვისებიანი სარკომა დაუდგინეს, მესამე სტადია... გაიარა მკურნალობის ორწლიანი რთული ეტაპი - 9 კურსი ქიმიოთერაპია, ისრაელსა და საქართველოში, მხრის ძვლის გადანერგვის ოპერაცია... საბედნიეროდ, დღეს სოფო კარგად არის, გაიმარჯვა და ეს მისი ამბავია:

 

 

ამბავი ჩემზეა, თითოეული გმირი ჩემი ნაწილი, ახლანდელი ან მივიწყებული, მაგრამ მაინც ჩემი. ძნელია წერდე, მაგრამ უფრო ძნელი საკუთარ თავს წარმოადგენდე სხვებისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში ვდუმდი. თვალს ვადევნებდი ადამიანებს, მათ სტატუსებზე გადმოტანილ განცდებს, ერთმანეთში არეულ სხვადასხვა, მაგრამ მაინც ერთნაირ ისტორიებს, ნებისმიერი ისტორია რომ ფრაგმენტად ჩავშალოთ, მაინც ერთ შედეგამდე, ერთ ბრძოლამდე დავალთ - ებრძოლო სიკვდილს სიცოცხლისათვის ან პირიქით. რაღაც მომენტებში იქნებ ეს იყო გამოსავალი, უამრავი ადამიანის ერთად ნათქვამი - „შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ“ და ერთგვარი პასუხიმგებლობა მათ წინაშე.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ ადამიანებისთვის ერთ დღეს გამარჯვების ამბებს დავწერდი, მოვუყვებოდი იმ თავგადასავლებზე, რომლებსაც ამ წამს სრულიად ჯანმნრთელი გოგო წერს.

 

როცა ვფიქრობ, საიდან იწყება ჩემი ისტორია, ჩემი გონება ავტომატურად ირევა, არ ვიცი, საიდან რა დავიწყო ან სად დავსვა წერტილი, როგორ დავიწყო იმ წუთების ათვლა ან რა მომენტს რა მნიშვნელობა მივანიჭო. ყოველი დღე ერთი უზარმაზარი თავგადასავალია, რომლის ღიმილით დაწყება მარტივია, დამთავრება - ურთულესი.

 

ხშირად მიფიქრია, როგორ მოიქცეოდა სხვა ჩემს ადგილას. ადამიანები ხომ მთელი ცხოვრება ცდილობდნენ საკუთარი ადგილის პოვნას, ზოგი მარტივად შემოსკუპდება და საკუთარ სივრცეს ერთი ამოსუნთქვით მოიწყობს ხოლმე, ზოგი არც ისე მარტივად. მე რომელ მხარეს აღმოვჩნდი უმეტესი თქვენგანი, ალბათ, უკვე მიხვდა. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ის გზა იყო, რომლის გავლის შემდეგაც ჩემ ადგილს ვიპოვიდი. ეს ხომ ცხოვრების წესია, რომ სწორედ იქ და იმ ადგილას დაგაყენოს, სადაც შენი ცხოვრების გაკვეთილებს ასწავლიან. მთელი ამ ემოციების გადმოცემა შეუძლებელია... აი, ხანდახან ოცნებასაც რომ ვერ ბედავ, ისეთი ამბებია.

აიღო მაგალითი სხვებისგან მარტივია, არ დაკარგო საკუთარი თავი - ძნელი. ღმერთმა იცის, რამდენჯერ დავიკარგე, რამდენჯერ ვცადე, მაგრამ საკუთარი თავი დიდხანს ვერ ვიპოვე. ხვალ ახალი დღე გათენდება- ტყუილია, ხვალ ახალი დღეს შენ, შენი ენერგიით რომ გაათენებ - მართალი. არ იცი როდის შეწყვეტ სუნთქვას, არ იცი როდის გექნება ბევრი ჰაერი, ვერც კი წარმოიდგენ, როდის გაგწერენ ინტენსიური განყოფილებიდან, მაგრამ წასასვლელად ყოველწამს მზად ხარ.

 

მეგანზე ყველაზე მეტად მიყვარს წერა, რადგან ის, ის მზის სხივია, რომელსაც ჩვენ ყველანი ჩვენდაუნებურად მივყვებით... ჩემზე ორი თვით პატარაა, დიაგნოზი თითქმის იგივე, თუმცა თვალები, უფრო კაშკაშა და იმედიანი. არ არსებობს ტკივილი, რომლის დათმენაც, ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია, არც მდგომარეობა, რომლიდანაც გამოსავალს ვერ ვიპოვით,არც უიმედობა არსებობს, რადგან ბოლოს მაინც იმედით ივსები, თან უდიდესით. დღემდე არ ვიცი, როდის სტკიოდა ყველაზე ძლიერად,რადგან მეგანიას მოციმციმე თვალები ყოველთვის ერთ სიმაღლეზე იყო. ნეტა ჩემზე რომ კითხოთ, რას გეტყვით, ერთი კი ვიცი, როგორ გაიღიმებს და შემდეგ ჩამეხუტება.

 

მე ხატვა არ ვიცი, მისი გადამკიდე ჩიტს როცა ვხატავ, აუცილებლად დიდი ასოებით ვაწერ, „მეგან, ეს ჩიტია“. მისი ნახატები კი ყოველთვის იმდენად აღქმადია, საერთოდ არ სჭირდება მინაწერები. ყოველთვის ამბობს , როგორ დღესაც საღამოს ხატავს ისეთი დღე უთენდება. მე არ ვიცი რა დახატა იმ საღამოს.

 

დღეს მე ვსუნთქავ, გიყვებით, რომ გავიმარჯვე... მეგანი კი...

თუმცა მერე რა რომ კადრს მიღმა დარჩა, მერე რა რომ სუნთქვა ვეღარ შეძლო, მერე რა რომ წავიდა. ყველაზე მეტი ჩემთვის მაინც მან შეძლო- იცოცხლო ბოლო წამამდე ბევრი ღიმილით, ყველაზე მეტია...

ძალიან მძინე დიაგნოზით, ძალიან მაგრად გადავრჩი”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი