logo_geo
გოდერძი შარაშიას „მუჰაჯირობა“ - აჭარაში ახლაც არის სოფლები, სადაც თევზს არ ჭამენ
- +

29 ივლისი. 2019. 18:52

 

 

კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ქართული მხატვრული კინო - კადრებში გაცოცხლებული ტრადიცია, რუსული მწარე გაკვეთილები, ქართველების გადასახლება საქართველოდან და ნახევარი საუკუნის შემდეგ დაბრუნება, დაბრუნება გემზე შექმნილი ტრადიციით, რომელიც აჭარის სოფლებში ახლაც არსებობს და უხუცესები მკაცრად იცავენ.

 

ამ დამაინტრიგებელი, საინტერესო და აუცილებლად სანახავი კინოს რეჟისორი, სცენარისტი და სიმღერის ტექსტის შემქმნელი ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტი, დოკუმენტური გადაცემების ავტორი, გოდერძი შარაშიაა.

 

შარაშიას პირველი მხატვრული ფილმის „თამბიას“ პრემიერა დღეს, 20:00 საათზე სახელმწიფო არქივის კინოდარბაზში გაიმართება.

 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა შარაშიას თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორმა მეგობრებმა მხატვრულ ტელე-კინო სარეჟისოროზე ჩაბარება ურჩიეს.  ის ბუბა ხოტივარის ჯგუფში მოხვდა.

 

შარაშიას პირველ მხატვრულ ფილმს დღის სინათლე არ უნახავს, მაინც ამბობს, რომ საკურსო ნამუშევარია.

 

რაც შეეხება, სადიპლომო, 13-წუთიან ფილმს, რომელსაც მაყურებელი დღეს პრემიერაზე იხილავს, რეჟისორის მეგობრების დიდმა ინტერესმა და დაჟინებულმა თხოვნამ განაპირობა ეკრანზე ფართო მასებისთვის ჩვენება.

 

„თამბიაში“ მოხუცი მუჰაჯირის როლს თავად ბუბა ხოტივარი ასრულებს. ფილმში აფხაზური ისტორია ცოცხლდება და მას აფხაზურ ენაზე შექმნილი სიმღერა გასდევს, რომლის ტექსტის ავტორიც გოდერძი შარაშიაა, ხოლო მუსიკის  - მომღერალი გივი აბესაძე.

 

აქამდე დოკუმენტალისტიკით ცნობილი 48 წლის შარაშია, მომავალშიც რამდენიმე მხატვრული ფილმის ეკრანიზაციას გვპირდება.

 

„პრაიმტაიმისთვის“ როგორც კი ცნობილი გახდა შარაშიას ფილმის პრემიერის თარიღი, მას დავუკავშირდით და დეტალებიც გაგვიმხილა.

 

„როცა სამაგისტრო გამოცდები დაიწყო და კომისიაში მერაბ კოკოჩაშვილი და ბუბა ხოტივარი დამხვდნენ, მომავლის პასუხისმგებლობის ცოტა შემეშინდა. მოვხვდი ხოტივარის ჯგუფში ორი წელი ვსწავლობდი და საკურსო ფილმი გადავიღე, რომელიც არ გასაჯაროებულა. ჩემი პროფესია ტელე და კინო მხატვრული გადაღებაა. დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობის პრაქტიკა მეტ-ნაკლებად მქონდა. სწორედ ეს პრაქტიკული გამოცდილება იყო, რაც ხელს მიშლიდა მხატვრული კინოს გადაღებაში. ხოტივარმა ერთ-ერთ ლექციაზე მითხრა, მხატვრულ კინოში ის უნდა გადაიღო, რაც არ მომხდარაო.

 

შემდეგ, გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი აფხაზურ ისტორიაზე - მუჰაჯირობაზე. სცენარი დიდი ფილმის ქრონომეტრაჟის შესაბამისად დავწერე, სადიპლომოდ ავიღე სცენარიდან ერთ-ერთი ეპიზოდი და ფილმი 13-წუთიანი გამოვიდა. სცენარი თევზის არჭამის ტრადიციაზეა. როცა რუსეთმა ოსმალეთში მუჰაჯირები გადაასახლეს, გემებზე ამბოხი ხშირად ხდებოდა. ზღვაში გადაყრილ ადამიანებს თევზები ჭამდნენ, უკან მოცურავე გემებიდან ხალხი რომ ხედავდა წყალში ჩაყრილ მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს, გადაწყვიტეს, თევზი არასოდეს ეჭამათ. როცა ოსმალეთიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ დაბრუნდნენ და აჭარაში დასახლდნენ, ეს ტრადიცია იქაც გააგრძელეს და დღემდე არსებობენ სოფლები, სადაც უხუცესები თევზს არ მიირთმევენ. გადაღებებისთვის ლოკაციად დუშეთის რაიონში ჟინვალის წყალსაცავთან მდებარე ბოლო ორი სოფელი შევარჩიე. ფილმში მთავარ როლს მოხუც მუჰაჯირს თავად ბუბა ხოტივარი თამაშობს. მუსიკა  სპეციალურად ამ კინოსთვის მომღერალმა გივი აბესაძემ დამიწერა. ლექსი ჩემს მიერაა შექმნილი, რომელიც აფხაზური ენის მცოდნემ მითარგმნა. ესაა აკაპელა, რომელიც მოხუცი მეთევზის გოდებაა.

 

ჩემი ეს სადიპლომო ნამუშევარი მაღალი ქულებით შეფასდა, ამიტომაც გავბედე, პრემიერა მომეწყო. ახლა, ფილმის პრემიერაზე ჩემს მეგობრებს ვანახებ იმას, რის გამოც მათთან  შეხვედრას და გართობას თვეების განმავლობაში გადაღებების გამო ვერ ვახერხებდი.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მინდა, ორი კარგი ფილმი მაინც გადავიღო. ერთ-ერთი ამ მოკლემეტრაჟიანი კინოს სრული ვერსია იქნება, რომლის სცენარიც უკვე დაწერილი მაქვს“, - ამბობს გოდერძი შარაშია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი