logo_geo
რა ცვლილებებს გეგმავს ირაკლი ჩიხლაძე „იმედზე“?
- +

31 ივლისი. 2019. 21:55

 

 

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა, არხზე ცვლილებების მოლოდინში არიან.

 

რა იგეგმება „იმედის“ საინფორმაციო სივრცეში, შენარჩუნდება თუ არა მისი შემადგენლობა არსებული სახით, ხომ არ ვიხილავთ იქ ჟურნალისტებს „რუსთავი 2-დან“ - ამ და სხვა კითხვებზე ირაკლი ჩიხლაძემ „პრაიმტაიმს“ უპასუხა.

 

- თქვენი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 25 ივლისს გავრცელდა. რეალურად როდიდან შეუდექით ახალ მოვალეობას?

 

- უკვე ერთი კვირაა რაც ნიუსს ვხელმძღვანელობ, თუმცა, ნიუსის რიტმს და მოვლენების რაოდენობას  თუ გავითვალისწინებთ, ხომ იცით, აქ 1 საათიც კი 1 დღეს უდრის.

 

- ხელმძღვანელის ცვლილებასთან ერთად არსებობს მოლოდინი, რომ აქ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება...

 

- ცვლილებები ბუნებრივი მოვლენაა, „იმედი“ არის ქვეყნის ლიდერი ტელევიზია და ასე უნდა დარჩეს. ჩემს სრულ რესურსსაც ამას მოვახმარ და შესაბამისად, ყველა ცვლილება იქნება მხოლოდ პოზიტიური და ახალი ამბების სამსახურის გაძლიერებისკენ მიმართული, რადგან ლიდერი უნდა დარჩეს ლიდერად, მძაფრი კონკურენციის პირობებშიც კი.

 

- ხომ არ გეგმავთ ახალი ჟურნალისტების დამატებას. ხომ არ გამოჩნდებიან არხზე ჟურნალისტები რუსთავი-2-დან?

 

- მე საუკეთესო გუნდთან ერთად ვქმნი პროდუქტს, რომელსაც აქვს მაყურებლის აღიარება და ნდობა. რა თქმა უნდა ყველა პროცესი მოიცავს გარკვეულ სიახლეებს, პოზიტიურ ცვლილებას, გუნდში ახალი მოთამაშეების გამოჩენას და ეს არის ბუნებრივი. იმედი და მისი საინფორმაციო სამსახური ყველა გამოკითხვით მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს ნდობით და ყურებადობით, თუმცა, ჩვენ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს, ეს ნიშნავს რომ მაყურებელს მუდმივად უნდა შევთავაზოთ რაღაც ახალი, დინამიური და საინტერესო, ასე იქნება ახლაც. ჩვენ მაყურებელს მოლოდინებს ვუმართლებთ.

 

- დარჩებით თუ არა, პარალელურად, თოქ-შოუს წამყვანად?

 

- გამომდინარე იმ რთული გრაფიკიდან, რაც ნიუსის ხელმძღვანელობას სჭირდება, ამ ეტაპზე ვფიქრობ, რამდენად შესაძლებელი იქნება ეს.

 

- თოქ-შოუდან წასვლის შემთხვევაში ვინ განიხილება თქვენს შემცვლელად?

 

- საკითხი ასე არ დგას. ჯერ უნდა დავფიქრდე კარგად და გადაწყვეტილება მერე მივიღო.

 

- „იმედის კვირა.“ - ეს გადაცემა რჩება სატელევიზიო ბადეში?

 

- „იმედის კვირა“ არის არხის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩემი პირველი გადაცემა ამ არხზე და მას ნამდვილად ვერ შეველევი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ამ გადაცემის რეიტინგსა და გავლენას, ცხადია, რჩება და იქნება კიდევ უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი.

 

დაბოლოს, თქვენამდე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თქვენივე მეგობარი ნანა ლეჟავა იყო. ხომ არ შეგქმნიათ უხერხულობა, როცა შეთავაზებას დათანხმდით და ნანა ლეჟავა ჩაანაცვლეთ?

 

- ნანა და მე ვაკეთებთ ერთ საქმეს. მიუხედავად იმისა, ვინ რა თანამდებობაზე  ვიქნებით, ორივე ვართ „იმედში“.

 

 

 

 

big_banner
არქივი