logo_geo
საქართველოს ახალი წმინდანი - გმირი პატრიარქი, რომელმაც დანგრევას გადაარჩინა ქაშუეთის ეკლესია
- +

1 აგვისტო. 2019. 00:11

 

 

საქართველოს საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე, რომელიც გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა, წმინდანად შერაცხეს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. წმინდანად შეირაცხნენ აგრეთვე - მეფეები: ბაგრატ მესამე და სოლომონ პირველი.

 

დღევანდელ სტატიაში ჩვენ რამდენიმე საინტერსო ეპიზოდს გავიხსენებთ კალისტრატე ცინცაძის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ხანაში მოუხდა მღვდელმთავრობა, მაშინ, როდესაც ბოლშევიკები გამალებით ებრძოდნენ სარწმუნოებას და როგორც ისტორიკოსები ამბობენ, კალისტრატე ცინცაძის მოღვაწეობა გმირობის ტოლფასი იყო, რადგან იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

 

თუმცა, ამისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ სასულიერო აკადემიის კედლებში დაიწყო, იმ დროს როდესაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა.

 

მისმა თანაკურსელმა იოსებ ლალაიშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა ქართველების მოძულე რექტორი ჩუდეცკი. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ჩუდეცკი წამებულად შერაცხა და თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ქართველი ერით საჯაროდ დაწყევლა წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედს შობს”.

 

ამ სიტყვებმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა მას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო, რისთვისაც დიმიტრი ყიფიანი მკაცრად დაისაჯა. იმპერატორმა იგი სტავროპოლში გადაასხალა, სადაც საიცოცხლეს გამოასალმეს.

 

კალისტრატე ცინცაძე ამ მოვლენების შუაგულში იყო და სწორედ აქედან დაიწყო მისი ბრძოლა სამშობლოს ინტერესებისათვის და შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღო.

 

კიევის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ იგი სამშობლოში ბრუნდება და დიდუბის ეკლესიის დიაკვნად აკურთხეს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს.

 

1923 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. 1925 წელს საქართველოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას გადაწყვეტილებით დაინიშნა კათალიკოს პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ. შემდეგ საქართველოს ეკლესიაში განვითარებული მოვლენების გამო ქაშუეთის ეკლესიის მღვდელი გახდა.

 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქრისტეფორე მეორის გარდაცვალების შემდეგ, სინოდის გადაწყვეტილებით 1932 წლის 21 ივნისს კალისტრატე ცინცაძე არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.

 

ბრძოლა საქართველოს ავტოკეფალიის აღსადგენად

 

საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის კალისტრატე ცინცაძეს, მან ჯერ კიდევ 1894 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა ნარკვევი, რომელშიც მეცნიერულად იყო დასაბუთებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერება.

 

ეს წერილი მოიწონა ქართულმა საზოგადოებამ, ხოლო ეგზარქოს ვლადიმირის განრისხება გამოიწვია.

 

მან ასევე შეიმუშავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მართვა-გამგეობის პროექტი, რომლის განხილვაშიც მონაწილეობას იღებდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.

 

1917 წლიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ელესიის ავტოკეფალიას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცვლილება განიცადა საბჭოთა ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკამ.

 

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის ეკლესიის მეუფეებთან შეხვედრისას სტალინმა რუსეთში პატრიარქის აღდგენის იდეა წამოაყენა. ამის შემდეგ, 1943 წელს რუსეთში აღსდგა ეს ინსტიტუტი და მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი სერგი.

 

კალისტრატე ცინცაძემ სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და დაიწყო ნიადაგის მომზადება რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის მიზნით. მან ოფიციალური წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქს და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთსა და საქართველოს ეკლესიებს შორის ურთიერთობა აღსდგებოდა.

 

თავის მხრივ, რუსეთის პატრიარქმა საპასუხო წერილი გამოაგზავნა, სადაც საუბარი იყო ორ მართლამდიდებელ ეკლესიებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

 

მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი ეს ეპიზოდი, და ამის შეხსენებით თავს აღარ შევაწყენთ, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ კალისტრატე ცინცაძე მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხთან დაკავშირებით, რაც წარმატებით დასრულდა.

 

როგორ გადაარჩინა კალსიტრატე ცინცაძემ ქაშუეთის ეკლესია დანგრევას

 

1897 წელს გაჩნდა ახალი ტაძრის აშენების იდეა, რომელშიც დიდი ღვაწლი მიუძღვის დეკანოზ მარკოზ ტყემალაძეს. 1901 წელს შედგა ახალი ეკლესიის პროექტი, ხუროთმოძღვარ ბილფელდის მიერ, მაგრამ ეგზარქოსმა ალექსანდრემ პროექტი არ მოიწონა და მისი გადაკეთება მოითხოვა.

 

1903 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დროებითი ეკლესიის გამართვის შესახებ, რომელიც აკურთხეს 1904 წლის აპრილში.

 

ახალი ტაძრის საძირკვლის პირველი ქვაკუთხედი კი დაიდო 1904 წლის ნოემბერში. ტაძრის აშენება იტვირთა ქაშუეთის მამულების გამგე კომიტეტმა, რომელშიც შედიოდა კალისტრატე ცინცაძე. სამუშაოების მწარმოებლად მიწვეული იქნა ბილფელდი, რომელმაც შეადგინა ტაძრის გეგმა.

 

ასევე საქართველოში მოიწვიეს ცნობილი იტალიელი ხუროთმძღვარი ანჯელო ანდროლიეტი. მშენებლობის მეთვალყურეობა კი დაევალა ეკლესიის წინამძღოლს კალისტრატე ცინცაძეს.

 

1910 წელს მოხდა ახალადაშენებული ეკლესიის კურთხვა, რომელსაც დაესწრო მოწინავე ქართული საზოგადოება. ეს პირველი შემთხვევა იყო, საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, როცა ეროვნული ხუროთმოძღვრების ტრადიციებზე დაფუძნებული ეკლესია აშენად თბილისში.

 

1924 წელს ბოლშევიკები კალისტრატე ცინცაძეს ედავებოდნენ ქაშუეთის ეკლესიის განძეულობის გადამალვას, რომელიც ხელისუფლებას სჭირდებოდა გასაყიდად.

 

1930-იანი წლებიდან კი დაიწყო ბოლშევიკების მხრიდან ახალი ძალით ეკლესია-მონასტრების დარბევა, საფრთხის წინაშე დადგა ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაც. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ურჩევდნენ ხელისუფლებას დაენგრიათ ქაშუეთის ეკლესია, რომელსაც მათი აზრით, არავითარი ისტორიული ღირებულება არ ჰქონდა და მის ადგილზე აბანოს აშანების პროექტი წარმოადგინეს.

 

კალსიტრატე ცინცაძემ საგანგებო წერილით მიმართა მაშინდელ ცეკას მდივანს ლავრენტი ბერიას, სადაც ითხოვდა ქაშუეთის ეკლესიის სამრევლოს სარგებლობაში დატოვებას. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ მითქმა-მოთქმა ტაძრის შესაძლო დანგრევაზე შეწყდა.

 

1947 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ქაშუეთის ეკლესიის მოხატვა სთხოვა ცნობილ ქართველ მხატვარს ლადო გუდიაშვილს. მრავალი ხელშემშლელი პირობების მიუხედავად მოხერხდა ეკლესიის საკურთხევლის მოხატვა.

 

ლადო გუდიაშვილი იხსენებდა: კალისტრატე ცინცაძე დიდებული ადამიანი იყო, პატრიოტი, განათლებული, ისტორიის, საეკლესიო მხატვრობის შესანიშნავი მცოდნე... უაღრესად კაცთმოყვარე... მე იგი ისე მომწონდა, რომ მისი სახე ფრესკაში ერთ-ერთ მოციქულად ჩავხატე”-ო.

 

კალისტრატე ცინცაძის არქივში დაცული საიდუმლო ჩანაწერები

 

კალისტრატე ცინცაძის არქვში დაცულია ჩანაწერი ილია ჭავჭავაძის შესახებ, მოგონებები, რომელიც მას უნდა გამოექვეყნებინა ჟურნალ “მნათობში” 1937 წელს, მაგრამ მთავრობამ რედაქციას არ მისცა ამის უფლება.

 

არქვიში დაცულია 1907 წლის 1 სექტემბერს ქაშუეთის ეკლესიაში ილია ჭავჭავაძის ვერაგული მკვლელობის გამო გადახდიდი პანაშვილის დროს კალისტრატე ცინცაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა: ყველა ქართველს ილია მიგვაჩნდა არამარტო დიდებულ მწერლად, ფასდაუდებელ მგოსნად, გინდა თუ გამოჩენილ და სასიქადულო საზოგადო მოღვაწედ, არამედ და უმთავრესად, გზის მაჩვენებლად, სიტყვისაებრ საღმრთო წერილისა, წინამძღვრად, ჭეშმარიტად, ჭმუნვასა და სიხარულში იგი იყო ჩვენი ნუგეშის შთამაგონებელი და შვების მომცემი, ხოლო ფიქრის, საქმის, შრომის დროს ხომ იმას ბადალი არ ჰყავდა. მისი რჩევა და დარიგება უსასოდქმნილს იმედს ჩაუნერგავდა”.

 

კალისტრატე ცინცაძის კალამს ეკუთვნის ნაშრომები Эივერიის საკლესიო წიგნიЭ მცხეთა და მისი ტაძარი “სვეტიცხოველი”. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ამ ნაშრომებში ცოცხლდება საქართველოს ისტორიის ის ფაქტიები, მოვლენები, რომელთაც სხვაგან ვერ იპოვი.

 

ასევე მის მიერ შედგენილი საეკლესიო კალენდარი, რომელიც დიდი ნდობით სარგბელობდა, როგორც მორწმუნეებში, ისე სამეცნიერო წრეებში. ამბობენ, კალენდრის ეგზემპლიარებს საგანგებო წარწერით კალისტრატე ცინცაძე საჩუქრად უგზავნიდა სტალინს და ბერიასო.

 

კალისტრატე ცინცაძემ აკურთხა ის ადგილი, სადაც შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აშენდა. მან არაერთხელ გადასცა ძვირფასი წიგნები და ხელნაწერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთა საცავს, ხოლო თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა საქართველოს მეცნიერებთა აკადემიას.

 

1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა კალისტრატე ცინცაძე, მისი ნეშტი დაკრძალეს სიონის ტაძარში, უწმინდესის კირიონ მეორის, ლეონიდეს, ამბროსის და ქრისტეფორეს გვერდით.

 

კალისტრატე ცინცაძე და ზაქარია ფალიაშვილი

 

კალისტრატე ცინცაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კმპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილთან, რომელსაც თავის დროზე ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1917 წელს კომპოზიტორმა ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ოპერა “აბესალომ და ეთერი”. ფალიაშვილს სურდა, რომ პერმიერაზე მოეწვიას სამღვდელოება და სთხოვა კალისტრატე ცინცაძეს დახმარება.

 

კალისტრატე ცინცაძემ კომპოზიტორი შეახვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კირიონ მეორეს, რის შემდეგაც პრემიერას კირიონთან ერთად დაესწრნენ მიტროპოლიტი ლეონიდე, ანტონი და ქართული სამღვდელობის წარმომადგენლები. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კათოლიკოსს დაულოცია კომპოზიტორი და მისი შემოქმედება.

 

ზაქარია ფალიაშვილის საიუბილეო საღამოზე კი კალისტრატე ცინცაძეს საგანგებო სიტყვა მოუმზადებია გამოსასვლელად, მაგრამ ხელისუფლებამ არა თუ სიტყვის თქმის უფლება მისცა, იუბილეზეც არ დაუშვა.

 

 

წყარო: www.resonancedaily.com

 

 

big_banner
არქივი