logo_geo
როგორ გადაურჩა ნიკა გვარამია პატიმრობას
- +

2 აგვისტო. 2019. 02:49

 

პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავებიან. თუმცა, გვარამიას მიმართ ეს არ არის პირველი სახელმწიფო ბრალდება. 7 წლის წინ, ხელისუფლების ცვლის შემდეგ, ის ერთ-ერთი პიონერი იყო ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან, რომელიც პროკურატურამ დააპატიმრა.

 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფინანსური მაქინაციის და საბუთების  გაყალბების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2012 წლის 19 დეკემბერს დააკავა.  მასთან  ერთად  დააკავეს ფინანსთა  ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და შპს „ელ ენდ ეფ სერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე.

 

გამოძიება ამბობდა, რომ  ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ენერგოკომპანიების „ხრამჰესი-1“, „ ხრამჰესი-2“,  შპს „მტკვარი ენერგეტიკისა“ და  რუსული კომპანია „ინტერ რაოეს“ წარმომადგენელ  ვადიმ მიტიუშინს ჰქონდა მოლაპარაკებები, რათა თავი აერიდებინა ათეულობით მილიონის საბიუჯეტო გადასახადს. გამოძიების ვერსიით, გარიგებაში მონაწილეობდა დევი კანდელაკიც, რომლმაც ხეთაგურს 1 მილიონი დოლარი შესთავაზა, რათა თავიდან აეცილებინა საგადასახადო შემოწმება. გამოძიების ინფორმაციითვე ნიკა გვარამია დაუკავშირდა მის მეგობარ გიორგი ნემსიწვერიძეს, რომელმაც შექმნა საკონსულტაციო კომპანია „ელ ენდ ეფ სერვისის“, სწორედ ამ კომპანიის ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო ალექსანდრე ხეთაგურისთვის განკუთვნილი 1 მილიონი დოლარი.

 

ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად თავდებობის სურვილი რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას, ხეთაგურს, კანდელაკს და დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-30 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

 

მოგვიანებით ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ ყველა ბრალდებაში გაამართლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი