logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: თუ ასე გაგრძელდა, იქნებ ეზოსაც ვეღარ მივაგნო
- +

23 აგვისტო. 2019. 22:02

 

 

პოსტი შარშანდელია, განწყობაა მარადიული, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, იქნებ ეზოსაც ვეღარ მივაგნო... წელს ვერ წავედი!!!

 

ჩოხატაურში, სოფელი მეწიეთი ჩემი დედის დედულეთია, ბარნაბა ლომთათიძე მაგარი „კაძახი“ ყოფილა, შეძლებულ გლეხს „ცხრაი“ შვილი ყოლია, ფოთში დეიარებოდა და ღვინოს ყიდდა, ყანები ქონდა, კალაშაზე - წისქვილი, საყოლი - ძროხა და ფრინველი და იმ მხარეში ყველა იცნობდა, ვაგლახად ვერავინ ვერაფერს უბედავდა, ამაყი და თავმომწონე კაცი იყო, მისი უფროსი შვილი, ბებიაჩემი, ლოლია ულამაზესი ქალი ყოფილა... ბარნაბას შვილებს და მის ნაგრამს კარგა ხანს ისეთი სიყვარული ქონდათ, რომ ერთმანეთის შვილებს პატრონობდნენ და ერთმანეთს იფიცებდნენ, გამორჩეული კი ბათუმში ვახტანგი ლომთათიძის სახლი იყო და ოზურგეთში, ექადიაზე ნინუხა ლომთათიძის და პლატონა კონტრიძის, სადაც უპირობოდ და უპრობლემოდ მიდიოდნენ, სწავლობდნენ, საიდანაც ქორწინდებოდნენ...

 

ეს შავ-თეთრი ფოტოები ამ 35 წლის წინ ბარნაბას ფუძეზე -მეწიეთშია გადაღებული, ფერიცვალობა დღეს, სადაც ამ ეზოში ბავშვობის ზაფხულ გატარებულები და მათი შვილები შევკრიბე. იყო დიდი სიყვარული და მოფერება, მოგონებები და ხალისი, ვთქვით, რომ ეს შეხვედრა ტრადიციული იქნებოდა ყოველ წელს, 19 აგვისტოს! ეს დანაპირები მხოლოდ მე და ისიც 35 წლის მერე შევასრულე,19 აგვისტოს მეწიეთში წავედი. მივდივარ აღმართ- დაღმართებში და ვიცი, დიიიიიდი ნაძვი რომ გამოჩნდება, ისაა ორიენტირი, ისაა ჩემების ეზო. გზადაგზა ბარნაბას სახლს ვკითხულობ და მიკვირს, ყველას ახსოვს ეს სახელი- მაქანე გზაი რომ იყოფა, მარჯვნივ წაი და ზეით უნდა წახვიდე, მარა არ ვიცი თუ ახვალ, გზაზე ხეია წაქცეული და თუ გაძრობი, მერე კი მიხვალ, მითხრა შემხვედრმა ქალმა და ჩემს "გაძრომაში" დაეჭვებულმა შემათვალიერა..

 

- სახლი არავის აქვს ჩაბარებული? ვეკითხები

 

-სადაა ან მიმბარებელი და ან ჩამბარებელი.. დიდუუუუ, მაგ სახლში ამბავი იყოო, ჯარი ხალხი ტრიალობდა, მიდიოდნენ და მოდიოდნენ, 15 წელია კაციშვილი არ გამოჩენილა...

 

გზა გავაგრძელე, ხის ქვეშაც გავძვერი, აბალახებული უკაცრიელი გზაც გავიარე, ბარდებგადავლილი ჭიშკარიც გავაღე და დამხვდა; ფერდებჩაცვენილი ოდა... აღარ მოვყვები, დამხვდა ყველაფერი ისე, როგორც იცის მიტოვებულმა და უადამიანომ... სიცოცხლის ნიშანწყალი ერთადერთმა, დაუმწიფებელმა ყურძნის მტევანმა გამიჩინა, მერე ბოსელში შეპარულმა მეზობლის ძროხამ რომ გამომხედა და მომაბღავლა, ყველა ძარღვი ერთნაირად დამიწყდა, აივანზე ფრთხილად შევედი, ფანჯარაში შევიხედე და ერთადერთი, რაც გავარჩიე, კედელზე ჩამოკიდებული ბარნაბას, მისი ცოლი ტერეზა სიხარულიძის და სტალინის სურათები იყო. ყველაფერს ბოქლომი ედო, ალბათ დროს თუ დაუკეტეს აქაურობა, თორემ ადამიანი აქ აღარ მოდის...

 

... მივიარ-მოვიარე იქაურობა, დავტოვე ბარნაბასავით მხრებგაშლილი, გოლიათი ამაყი ნაძვი, რომელმაც ისევ უნდა მომაგნებინოს აქაურობა, დავეშვი შარაზე და დედას გეფიცები, მართლა ვხედავდი, როგორ მომაცილებდნენ, ხელს მიქნევდნენ ეზოს სიმაღლიდან ჩემები და ხან წინ იარეო. მომძახოდნენ და ხან - უკან მეიხედეო...

 

მე ფეხით ვიარე მეწიეთიდან ხიდისთავამდე და და ეს 3-4 კილომეტრიანი, ამ ცხოვრებასავით ოღრო-ჩოღრო მარათონი იმათ მივუძღვენი, ვინც ამ გზაზე დადიოდა, ვინც ბარნაბა ბაბუას ეზოში დაიზარდა და დაიარებოდა... მე ახლა მარტო ვიყავი, მაგრამ მჯერა, ოდესმე აღარ ვიქნები მარტო და ბევრნი ამოვალთ აქ საფერიცვალებოდ...

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი