logo_geo
„მინდა გასწავლოთ მარტივი ხრიკი იმისთვის, რომ ბავშვის მადა იყოს უფრო კარგი“ -ცნობილი პედიატრი „უჭმელი“ ბავშვების მშობლებისთვის
- +

27 სექტემბერი. 2019. 15:55

 

 

„ცუდად მჭამელი ბავშვი“ ლამის ყოველი მეორე ოჯახის პრობლემაა. უჭმელობის მიზეზი ძალიან ბევრია და გამოსავალიც სხვადასხვაგვარია. ბავშვის უმადობასა და უჭმელობაზე პედიატრმა, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ყარამან ფაღავამ გადაცემა „პირად ექიმში“ მარი მალაზონიასთან ისაუბრა.

 

რიტუალები კვების დროს - თამაში, კომპიუტერი, მულტფილმები, დაბადების დღიდან დასწავლული ჩვევები, უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრავს ადამიანის მოთხოვნებს ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე. კვებითი ჩვევები ბავშვებს დაბადებისთანავე უყალიბდება, ამიტომ პირველივე დღიდან უნდა ვეცადოთ, მავნე ჩვევები არ ჩამოვუყალიბოთ. დიდ როლს თამაშობს მშობლების მაგალითები. თუ მამა ან დედა სადილის დროს გაზეთს კითხულობს, ტელევიზორს უყურებს, ეს მაგალითი ხდება ბავშვისთვის და თვითონაც იმავეს გაიმეორებს - არ შეჭამს საკვებს რიტუალების, გართობის, კომპიუტერის ყურების გარეშე. აუცილებელია შევცვალოთ კვების მიღების ეს წესი. მინდა აღვნიშნო, ეს წესი არ იწვევს რაიმე დაავადებას, მაგრამ მონელებისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის უკეთესია, კვებისას კონცენტრაცია მხოლოდ საკვებზე მოხდეს. შეუქმენით სასიამოვნო, მშვიდი გარემო. კვებამ არ უნდა მიიღოს მოვალეობის მოხდის სახე.

 

ტკბილეული - ბავშვის უმადობის მიზეზი

 

- დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოს მოზარდებში გამოკითხვა ჩავატარეთ. გასაოცარი შედეგები მივიღეთ, ხილს არ ჭამენ ჩვენი მოზარდები. სამაგიეროდ უყვართ იოგურტი. როგორ ფიქრობთ, ხილი უფრო სასარგებლოა თუ იოგურტი?

- თუ მაინცდამაინც იოგურტზე შეაჩერებთ არჩევანს, ეს უნდა იყოს უშაქრო. შოკოლადი, ნამცხვარი, სხვადასხვა ტკბილეული ცუდი საკვები არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ეს ბავშვის პირველი მტერია. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, საერთოდ უნდა აეკრძალოს ტკბილეული. თუ დაბალი წონა აქვს, შესაძლებელია მივცეთ ტკბილეული, ოღონდ საკვების მიღების შემდეგ, როგორც კალორაჟის მომმატებელი. საკვების მიღებამდე ბავშვის დაჯილდოება, რომ შემდეგ საჭმელი ჭამოს, არ შეიძლება. ასეთი ვაჭრობა ჭამასთან დაკავშირებით, ყოვლად დაუშვებელია. ვიმეორებ: ხილი, ტკბილეული, შოკოლადი შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ, ან კიდევ უკეთესია, თუ უფრო მოგვიანებით მიირთმევენ. თუ მშობელი საკვების მიღების ნაცვლად წაახალისებს იმ პროდუქტებით, როგორიცაა ჩიფსი, პოპკორნი, გაზიანი სასმელი, ენერგეტიკული სასმელი, სხვადასხვა სახის ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხელს უწყობთ უჭმელობის პროცესს. მკვლევარები გვეუბნებიან, რომ თუ ოჯახში ცუდი ტრადიციაა გვიან ვახშმობის, აღმოჩნდება, რომ ბავშვი ახალგაღვიძებულზე, დღის მეორე ნახევრამდე უარს აცხადებს საკვების მიღებაზე. ეს ძალიან მავნებელი ჩვევაა. ამ დროს აუცილებელია, ოჯახში შეცვალოთ კვების რეჟიმი და წესი.

 

მარტივი ხრიკები, ბავშვი კარგად რომ იკვებოს

 

- მინდა გასწავლოთ მარტივი ხრიკი, როგორ გამოვიყენოთ ფერადი ჭურჭელი იმისთვის, რომ ბავშვის მადა იყოს უფრო კარგი. შეუქმენით ლამაზი, ხალისიანი გარემო. დაულაგეთ წინ სამი ფერადი თეფში, ვთქვათ ყვითელი, წითელი, მწვანე. ყველა თეფშზე კონტრასტული ფერის საკვები დაუდეთ, მაგალითად, პომიდორი წითელ თეფშზე არ მოათავსოთ, სტაფილო კი ყვითელზე. ნახავთ, რომ იმაზე მეტს შეჭამს, ვიდრე აქამდე მიირთმევდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი