logo_geo
„უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: „Никогда в жизни!“
- +

28 სექტემბერი. 2019. 21:00

 

ოდესღაც, ბავშვობაში, საქართველოს წარსულს რომ ვეცნობოდით, თითქოს მითებად აღვიქვამდით ფაქტებსა და ადამიანებს, რომლებმაც დიდი კვალი დაამჩნიეს საქართველოს ისტორიას და ალბათ, უსაშინლეს სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა, რომ უმოკლეს პერიოდში თვალწინ ისეთი ქარბორბალა დაგვიტრიალდებოდა, ქვეყნის უახლეს ისტორიას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სულისკვეთებასა და მორალს რადიკალურად რომ შეცვლიდა...

 

XX-XXI საუკუნეების გასაყარზე საქართველოში მომხდარმა შიდა დაპირისპირებებმა თუ გარეშე მტერთან წაგებულმა ომებმა, ტერიტორიები და გარკვეული ადამიანური ღირსებები კი დაგვაკარგვინა, მაგრამ, პარალელურად, თითქოს მანამდე მიჩქმალული ღირსებები და გმირები შეგვძინა...

 

დღეს ერთ-ერთ გმირს გავიხსენებთ - კაცს, რომელიც ქართველების დიდი ტკივილის, დაკარგული სოხუმის ბოლო ქართველი მერი იყო; რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დაუტოვებია თავისი ქალაქი; რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემისა და ჯვართამაღლების დღეს, 46 წლის ასაკში, მიუხედავად საშინელი წამებისა, ვერ გატეხეს და, რომლის  სხეულიც დღეს უგზო-უკვლოდ, ფაქტობრივად, იმაზე მეტად დაკარგულია, ვიდრე ქალაქი, სადაც მისი სისხლი დაიღვარა...

 

ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი კადრები, რომელიც სოხუმის დაცემამდე 5 დღით ადრე, 22 სექტემბერსაა გადაღებული და სადაც გურამ გაბესკირია და რამდენიმე მებრძოლი მინისტრთა საბჭოს შენობის უკან, შტაბთან დგანან. გაბესკირია მებრძოლებს სიამაყით აცნობს ერთ-ერთ ქართველ მოჭიდავეს, „ტატამზე ბევრი მოწინააღმდეგის ბეჭებზე დამცემ“ სპორტის ოსტატს - კიკაბიძეს და იმედიანად ამბობს, რომ სპორტსმენი ნამდვილ ბრძოლაშიც ისევე გაუსწორდება მტრებს, როგორც - ტატამზე. შემდეგ ღიმილით გადაეხვევიან ერთმანეთს - განწყობა აშკარად საბრძოლო და ოპტიმისტურია - და კარგად ისმის კაკაბაძის სიტყვები: ყველაზე მთავარი წინააო... ისინი კი ვერ წარმოიდგენდნენ, მაგრამ წინ მართლაც ყველაზე მთავარი იყო - ღალატი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავასთან, აფხაზეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და რამდენიმე მებრძოლთან ერთად ტყვედ ჩავარდნა და გმირული სიკვდილი: ამბობდნენ, დატყვევებამდე გურამ გაბესკირიას ხელიდან ავტომატი არ გაუგდიაო. ყაბარდოელ ოპერატორს ვიდეოფირზე ის კადრი აღუბეჭდავს, როდესაც მტრების წინ ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რამდენიმე ქართველი მებრძოლი დგას და გურამ გაბესკირიას უბრძანებენ: დაიჩოქეო! - ეს უკანასკნელი კი პასუხობს: „Никогда в жизни!“ - ვიდრე ცოცხალი ვარ, არასოდესო!

 

2017 წელს, 2 მარტს სოხუმში დაბადებულ ამ კაცს, სიკვდილის შემდეგ „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენი რომ მიენიჭა - ქალაქ სოხუმის მერსა და იმავდროულად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას 70 წელი შეუსრულდებოდა.

 

გმირი მამის გახსენება მის ვაჟს - ვლადიმერ გაბესკირიას ვთხოვეთ. სხვათა შორის, ერთ-ერთ ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა შორის, ძირს დაგდებული დახვრეტილი ტყვეების ფოტოზე მამა სწორედ შვილმა ამოიცნო!

 

ვლადიმერ გაბესკირია:

 

 

ფოტო: შვილთან, ვლადიმერთან ერთად

 

- სოხუმიდან რომ წამოვედით, 14 წლის ვიყავი, ასე რომ, ყველაფერი კარგად მახსოვს. ბოლო შერიგება რომ გამოცხადდა, 27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სხვებთან ერთად ჩვენც დავბრუნდით სოხუმში. მაგრამ 16 სექტემბერს აფხაზებმა ეს ხელშეკრულება დაარღვიეს და მამამ კვლავ თბილისში გამოგვიშვა. მას შემდეგ იგი აღარ მინახავს.

 

გაინტერესებთ, ვინ იყო მამა და როგორი იყო? მოკლედ გეტყვით: ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობდა და, როგორც ვიცი, სოხუმის „დინამოს“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო; შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ისწავლა, მაგრამ მაინც სპორტის სიყვარულმა გადასძალა და მსაჯობას შეუდგა. საკავშირო (მაშინ საქართველო, ხომ, საბჭოთა რესპუბლიკა იყო!) მსაჯის კატეგორიაც მიანიჭეს და უმაღლესი ლიგის თამაშებს მსაჯობდა. წლების განმავლობაში სოხუმის თევზკომბინატის დირექტორად იმუშავა;

 

 

გახსოვთ, ალბათ, აფხაზებთან პირველი კონფლიქტი რომ მოხდა, 1989 წელს, სოხუმის „დინამო" დაიშალა და მამამ ახალი გუნდი - სოხუმის „ცხუმი“ ჩამოაყალიბა. მისი პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა. 1990 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს; აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, 1992 წელს, მამა ქალაქ სოხუმის მერად დანიშნეს. პარალელურად, იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი იყო და სამხედრო წოდებაც მიიღო - პოლკოვნიკი გახდა...

 

მახსოვს, 1993-ის სექტემბერში, სოხუმიდან რომ უნდა წამოვსულიყავით, ვილაპარაკეთ. - უნდა წავიდეთ, მამა, სხვა გზა არ არის-მეთქი, - ვუთხარი და მიპასუხა: წადი, წადი, შვილო, მე აქ უნდა დავრჩე, ჩემი ვალია, გვარისა და საქმის გამგრძელებელი კი შენ უნდა იყოო. თითქოს ახლაც ჩამესმის ეს სიტყვები...

 

 

ფოტო: გურამ გაბესკირიას ვაჟი ვლადიმერი

 

უკანასკნელად კი სოხუმის დაცემის წინა დღეს, 26-ში გველაპარაკა - სოხუმიდან დაგვირეკა. ძალიან ოპტიმისტი იყო და დედასაც - დარეჯან დავითაიას ასე, ოპტიმისტურად უთხრა: „ბუდემ ვიბირატსია“ - როგორმე გამოვაღწევთო. არადა, იმ დღეს მინისტრთა საბჭოს შენობაში დარჩენილმა მამამ, ჟიული შარტავამ, ჯუმბერ პეტაშვილმა - სულ 27-28-მდე ადამიანმა უკვე იცოდნენ, რაზე მიდიოდნენ. მათ შესახებ ბევრი ვერსია ვრცელდებოდა, ვიდრე ის ცნობილი ვიდეოჩანაწერი არ გამოჩნდა, როდესაც ყაბარდოელებს მინისტრთა საბჭოს შენობიდან გამოჰყავთ.

 

27 სექტემბრიდან, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით, რომ ცოცხალი აღმოჩნდებოდა. აფხაზეთიდან გადმოსულ ადამიანებს ვეკითხებოდით ხოლმე ამბებს და ზოგი ამბობდა, გუდაუთის ციხეში ვნახეო, ზოგი გვარწმუნებდა, სვანეთიდან გადმოდისო და ა.შ. ვერ გადმოგცემთ, რა მნიშვნელოვანი იყო ეს ვერსიები ჩვენი ოჯახისთვის და სულ ველოდებოდით. მერე ეს კადრები გამოჩნდა და...

 

 

ფოტო: ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა შორის, ძირს დაგდებული დახვრეტილი ტყვეების ფოტოზე მამა შვილმა ამოიცნო

 

 

ყველამ დაინახა, რა გმირები ჰყოლია საქართველოს. რა თქმა უნდა, სამშობლოს დაცვა ყველა ქართველისა და ყველა მართლმადიდებლის ვალია, ამიტომ მიმაჩნია, რომ ის ადამიანები ბედნიერები არიან. ბედნიერია მამაჩემი, რადგან ბედნიერია ის, ვინც ქრისტესთვის და სამშობლოსთვის თავს გაწირავს! როდესაც ბოევიკი უბრძანებს, ნა კალენიო (დაიჩოქეო)!, მამა ჯერ ჟესტით პასუხობს - თითს წევს და შემდეგ ეუბნება: ნიკოგდა ვ ჟიზნიო (სანამ ცოცხალი ვარ, არასოდესო)! მერე ცემენ მათ, აწამებენ, შემდეგ აჩადარაში მიჰყავთ და ყველას ხვრეტენ.

 

დღემდე არ ვიცით, მამა სადაა დასაფლავებული. ბოლო 2-3 წელიწადია, წითელ ჯვართან ერთად აფხაზეთის მხარესთან სულ მიდის მოლაპარაკებები. 6-7 თვის წინ წამიყვანეს და დნმ-ის ანალიზიც ამიღეს, აფხაზეთიდან დაღუპულების გადმოსვენებისა და ეგზუმაციისას ამოსაცნობად სჭირდებოდათ. ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ და ვნახოთ, რა იქნება. ყველაფერი ღვთის ნებაა. იმედს არ ვკარგავთ.

 

- მამა გესიზმრებათ ხოლმე?

- მის სიახლოვეს სულ ვგრძნობ და ყოველთვის მესიზმრებოდა, მაგრამ ბოლო 2-3 წელიწადია, რატომღაც - აღარ. სიზმარში არასდროს დამლაპარაკებია და საერთოდაც, სიზმრების დიდად არ მჯერა, მაგრამ უნებლიეთ დავაკვირდი, რომ მისი ნახვის შემდეგ ყოველთვის კარგი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, თითქოს კარგი, სასიამოვნო ამბის მახარებელია ხოლმე.

 

- იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს დაგესიზმროთ და თავისი „დაბრუნება“ გახაროთ - მისი ნეშტი იპოვონ და აქ დაკრძალოთ...

 

- იცით, რა? დედას სულ ვეუბნები, არ ინერვიულო, თუ ვერ იპოვიან, ის მაინც ხომ ვიცით, რომ თავის მიწაზეა დასაფლავებული-თქო. იქაურობა ძალიან უყვარდა, აფხაზეთი კი საქართველოა, ასე რომ, მაინც თავის ქვეყანაში და თავის მშობლიურ აფხაზეთში განისვენებს...

 

მართლა ძალიან კარგი მამა მყავდა და მისით ძალიან ვამაყობ.

 

P.S. 2017 წელს, სტატია უკვე გამოქვეყნებული იყო, როცა გაირკვა, რომ გურამ გაბესკირიას ცხედარი აფხაზეთიდან გადმოასვენეს.

 

(სტატიაში გამოყენებულია ვიდეოკადრები ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „დროებაში” 2005 წელს მომზადებული სიუჟეტიდან)

 

ირმა ხარშილაძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი