logo_geo
ვიქტორ სანეევის ავტობიოგრაფია: ყოველთვის უნდა ელოდო „მისტერ X-ის“ გამოჩენას
- +

15 ოქტომბერი. 2019. 16:35

 

 

 

ოლიმპიური წლის ყველა სტარტი იმისთვის იყო გამიზნული, რომ ფსიქოლოგიურად დავრწმუნებულიყავით გამარჯვებაში. მაგალითად, როცა შევიტყვეთ, რომ ივნისში ფინელმა მხტომელმა პოუსიმ მოულოდნელად 17 მეტრი აჩვენა, ვიტოლდ კრეერმა დაჟინებით ითხოვა ჩემი შეყვანა მძლეოსანთა გუნდის შემადგენლობაში. გუნდს საერთაშორისო შეჯიბრება ელოდა სტოკლჰომში. მწვრთნელს იმედი ჰქონდა, რომ იქ ახალ მეტოქეს შევხვდებოდი და საქმეში გამოვცდიდი. ასეც მოხდა – ფინელი და შვედი ათლეტები, როგორც მეზობლები, ხშირად ხვდებიან ერთმანეთს სპორტულ სარბიელზე.

 

ბუნებრივია, პოუსის სექტორში გამოჩენაც კი მაღიზიანებდა და საბრძოლველად განმაწყობდა. მაგრამ ამჯერად მის არასპორტულ ფორმაში ყოფნას ხელი არ შეუშლია ჩემთვის პირადი რეკორდის დამყარებაში – 16, 79. ამასთან, შესაძლებლობა მომეცა, ოლიმპიური მედლის კიდევ ერთ პრეტენდენტსაც დავკვირვებოდი.

 

საერთოდ, ამ ოლიმპიური სეზონის ყველა შეჯიბრება მეხიკოსთვის მზადების ნიშნით მიმდინარეობდა. აქ მთავარი იყო, ერთი მხრივ, საკმაოდ მაღალ დონეზე გამოსვლა, რათა აუცილებელი რწმენა შეგეძინა, ხოლო მეორე მხრივ – ნაადრევად არ გამოგვეაშკარავებინა შესაძლებლობები, როგორც მე დამემართა, როცა ივლისში ლენინგრადში ორი კარგი შეჯიბრება მოვიგე: ჯერ სსრ კავშირის, გდრ-ისა და პოლონეთის შეხვედრა, სადაც კვლავ პირადი რეკორდი დავამყარე – 16, 87, ხოლო ერთი კვირის შემდეგ – ძმები ზნამენსკების მემორიალი. ამ ასპარეზობებში ევროპის უძლიერესი მხტომელები მონაწილეობდნენ: კონტინენტის 1966 წლის ჩემპიონი ბულგარელი სტოიკოვსკი, მსოფლიოს რეკორდსმენი შმიდტი, პოლონელი იასულსკი, გერმანელები ნოიმანი და დანე და რუმინელი ჩოხინა. მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოგვიგო ვერც მე, ვერც ზოლოტარიოვსა და ვერც დუდკინს. ერთი სიტყვით, ევროპაში ჩვენ ვინარჩუნებდით ლიდერობას, რომელიც სამმაგი ხტომის ჩვენეულ სკოლას 1967 წელს დავუბრუნეთ. ესეც კი ფრთებს გვასხამდა, თუმცა ვიცოდით, რომ ოლიმპიადაზე წინააღმდეგობას მარტო ევროპელები არ გაგვიწევდნენ.

 

შეჯიბრებათა ამ სერიის დამთავრების შემდეგ ჩემ ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენა მოხდა: საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით სპორტსმენებსა და სპორტული მუშაკების ჯგუფს მთავრობის ჯილდოები გადაეცათ. მეც დამაჯილდოვეს მედლით „შრომითი მამაცობისთვის“. მშვენივრად მესმოდა, რომ ამ ჯილდოს ღირსი ჯერ არ ვიყავი. დაჯილდოებულთა შორის იყო ხალხი, რომელთაც მთელი ცხოვრება სპორტის სამსახურს მიუძღვნეს, აგრეთვე, ცნობილი სპორტსმენები, ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიური თამაშების პრიზიორები. მე კი იმ დროს ქვეყნის ჩემპიონიც არა ვყოფილვარ. ამიტომაც ეს ჯილდო ავანსად ჩავთვალე, ახლა უკვე აუცილებლად უნდა მიმეღწია დიდი წარმატებებისთვის. მაგრამ, რა თმა უნდა, ჯილდო მახარებდა და არ დავმალავ, ძალიან მინდოდა ქვეყნის ჩემპიონატში 17 მეტრზე შორს გადავმხტარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ლენინაკანში ჩემპიონი გავხდი, შედეგი დაბალი მქონდა. ცივმა, წვიმიანმა ამინდმა შემიშალა ხელი.

 

 

მაგრამ დავუბრუნდეთ ოლიმპიურ მეხიკოს.

 

ამ ქალაქს სხვისი მონათხრობით რომ არ ვიცნობდი, ამიტომ კი არ მენიჭებოდა უპირატესობა თანაგუნდელებს – ნიკოლაი დუდკინსა და ალექსანდრე ზოლოტარიოვს შორის. მას შემდეგ, რაც კიევში ევროპის ჩემპიონატში გამოვედი, საშუალება მომეცა XIX თამაშების დედაქალაქში ეგრეთ წოდებული წინაოლიმპიური კვირეულის მონაწილე გავმხდარიყავი. ეს შეჯიბრებები შემადგენლობის მიხედვით საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, მაგრამ სამხტომელები ცოტანი იყვნენ და ისინიც ყურადღებას იმდენად ასპარეზობას კი არ აქცევდნენ, რამდენადაც სტადიონს ეჩვეოდნენ, მეტოქეებს უკვირდებოდნენ. ერთი სიტყვით, იმ მოჭადრაკეებს ჰგავდნენ, მსოფლიოს ჩემპიონის წოდებაზე მატჩ-ტურნირის თამაში რომ ელით და ამ მთავარი შეჯიბრების წინ მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, არ გამოამჟღავნონ თავიანთი საშინაო მომზადება.

 

მთავარი, რასაც მეხიკოში გავეცანი, მომავალი ოლიმპიური სტადიონის ბილიკებისა და სექტორების არაჩვეულებრივი სინთეტიკური საფარი იყო. ასეთი ბილიკები ახლა არ გვეუცხოვება, თორემ მაშინ ტარტანი პირველად ვნახე. რა თქმა უნდა, ამის გამომგონებელი პირველ რიგში ჩვენზე ფიქრობდა – სამხტომელებზე! სწორედ ჩვენთვის არის ტარტანი აუცილებელი, რადგან ერთი ნახტომის დროს ორჯერ გვიწევს ბილიკზე აკვრა და ქუსლი თუ იტკინე, უთუოდ ხიფათი მოგელის.

 

თუმცა ახალ საფარზე სირბილის ტექნიკას თავისებურებებიც ახლავს. თავდაპირველად რიტმი მეშლებოდა და როცა ჩემთვის ჩვეული კუთხით ვასრულებდი არეკვნას, მაშინვე ვგრძნობდი, რომ ყოველ ნაბიჯზე ზედმეტად მაღლა ვხტოდი, საყრდენთან კავშირს ვკარგავდი და გარბენის სიჩქარეს ვამცირებდი. მაგრამ, როგორც გამოირკვა, ეს მოუხერხებლობა დროებითი იყო. რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ შევძლებდი შევჩვეოდი ახალ საფარს. დიახ, ტარტანზე შეიძლებოდა ძალიან შორს, 17 მეტრს იქით გადახტომა და თუმცა ჯერ არ შემეძლო თავი გამოცდილ სპორტსმენად ჩამეთვალა, მაგრამ იმის რწმენამ, რომ ოლიმპიადაზე ერთის მაგივრად რამდენიმე მხტომელი დაძლევდა ამ ზღვარს (რომელსაც ჩვენ დროშიც ექსტრაკლასის ზღვარად მიიჩნევენ), ძალიან დიდი როლი შეასრულა თამაშებისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებაში. სწორედ 17 მეტრზე შორს მსურდა გადახტომა და ამისთვის ვემზადებოდი. ერთი შეხედვით, თითქოს ბატონი ვიტოლდი და მე მხოლოდ ოლიმპიური შეჯიბრების მომავალ შეფასებაში ვერ ვთანხმდებოდით. ვფიქრობ, მისთვის, უფროსი თაობის ისეთი სპორტსმენისთვის, რომელმაც დაძლია 16-მეტრიანი ზღვარი და მიჩვეული იყო იუზეფ შმიდტის უცვლელ მსოფლიო რეკორდს (ოლიმპიადის წინ ამ რეკორდს 8 წელიწადი შეუსრულდა!), ძნელი იყო წარმოედგინა, რომ ამ მიუწვდომელ რეკორდს ერთბაშად რამდენიმე სპორტსმენი გააუმჯობესებდა. თუმცა, კრეერის აზრით, მეხიკოში მხოლოდ ის გაიმარჯვებდა, ვინც 17 მეტრზე შორს გადახტებოდა.

 

რაც შეეხება ჩვენი მზადების დანარჩენ ასპექტებს, ისეთი გულმოდგინებით იყო დაგეგმილი, რომ იგრძნობოდა რიგიანი მწვრთნელის ნამუშევარი. ოლიმპიურ სოფელში ყველაფერი კარგად იყო მოფიქრებული, ისინიც კი, ვინ ვისთან ერთად იქნებოდა ოთახში. მე ჩვენ ცნობილ შუბისმტყორცნელ იანის ლუსისთან ერთად ვცხოვრობდი. იმ წლის ზაფხულში იანისმა ბოლოს და ბოლოს შეძლო თავისი ნანატრი ოცნების განხორციელება – იგი პირველი იყო საბჭოთა შუბისმტყორცნელებიდან, ვინც იარაღი 90-მეტრიან ხაზს იქით გაგზავნა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. საერთოდ, ოლიმპიური სეზონის შედეგების დონით ლუსისს სწორი არ ჰყავდა და თითქოს მეხიკოში მისთვის მხოლოდ ერთი პატარა ფორმალობის შესრულება იყო აუცილებელი – სექტორში გამოსვლა, შუბის ერთხელ ტყორცნა – და ოქროს მედალიც ჯიბეშია. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცოდა, რა ფასად დაუჯდა იანისს ოლიმპიადისწინა გმირობა. მეხიკოში იგი დაღლილი ჩამოვიდა. მაგრამ მიუხედავად ყოველივესი, იგი სიმშვიდის განსახიერება იყო. ხან კითხულობდა, ხან ჭადრაკს თამაშობდა (მე მისთვის სუსტი პარტნიორი ვიყავი), ხანაც ეძინა. ჩვენ კი, ოლიმპიადის დებიუტანტებს, სწორედ ეს გვაკლდა. დიახ, მეხიკოში ვნებები ბობოქრობდა, ძალიან ძნელი იყო არა მარტო დასვენება და სიდინჯის შენარჩუნება, არამედ ვარჯიშიც, შეჯიბრებებში გამოსვლაც, ოლიმპიადის სტარტისთვის მზადებაც.

აქ ჩვენ, სამხტომელებს, ძალიან დაგვეხმარა კრეერის გამოცდილება. მან, ოლიმპიადის ორგზის პრიზიორმა, კარგად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო კაცი მთავარი სტარტის წინ. ესმოდა, რომ ჩემთვის, საშა ზოლოტარიოვისა და კოლია დუდკინისთვის ყურადღების სხვა საგანზე გადატანა, გარდა ოლიმპიური ვნებებისა, ძალიან ძნელი იქნებოდა. ამიტომაც აგვყვებოდა ხოლმე საუბარში ხალისით, როცა ოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენებისა და მათი მეტოქეების შესაძლებლობებზე დავიწყებდით საუბარს. ამავე დროს, ცდილობდა, ნელ-ნელა ოლიმპიური ბრძოლის მოულოდნელობებისთვისაც მოვემზადებინეთ.

 

მეტოქეებს ცუდად არ ვიცნობდით, მით უმეტეს, რომ ისინი კარგა ხნით ადრე გამოჩნდნენ ოლიმპიურ სოფელში. უნდა გენახათ, როგორ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან მთელი სამყაროს სამმაგი ხტომის ოსტატები!

 

ორმა გიგანტმა – სენეგალელმა მანსურ დიამ, რომელსაც წინასაოლიმპიადო კვირეულით ვიცნობდი და ავსტრალიელმა ფილ მეიმ – მეხიკოში ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე მიიქციეს საყოველთაო ყურადღება. მეი თანაბრად ებრძოდა მორბენლებს სპრინტში და არაჩვეულებრივ სისწრაფეს აჩვენებდა, დია კი უმეტესად სექტორში ვარჯიშობდა. როცა იგი უზარმაზარი ნახტომებით ჩაუქროლებდა ბილიკს, მაყურებლები, რომლებიც ყოველთვის მრავლად ირევიან საწვრთნელ მინდორზე, აღფრთოვანებისგან შეშდებოდნენ. შემდეგ ოლიმპიურ სოფელში ხმელ-ხმელი ამერიკელი ართურ უოკერი გამოჩნდა. იგი მსუბუქად ვარჯიშობდა, განსაკუთრებულს არაფერს აჩვენებდა, მაგრამ ნაცნობმა დასავლეთგერმანელმა მხტომელმა ზაუერმა საიდუმლო გაგვანდო, საღამოს ვარჯიშებზე 17 მეტრზე ხტებაო... ხშირად ჩვენ გვერდით აღმოჩნდებოდა ნელსონ პრუდენსიო, სახელგანთქმული ბრაზილიელის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ადემარ ფერეირო და სილვას თანამემამულე. მისი ყოველი მოძრაობა ხაზგასმით ზუსტი იყო. მსუბუქად დარბოდა და ხტოდა, მაგრამ მაინც არ ტოვებდა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. ამასთან, მისი შედეგი 16, 5 მეტრს არ აღემატებოდა. გაცილებით ყურადღებით ვაკვირდებოდით იტალიელ ჯუზეპე ჯენტილეს, რომელიც ოლიმპიურ სეზონში 16, 92-ზე გადახტა და მართლაც მოგვიმზადა სიურპრიზი...

 

ყველა ამ სპორტსმენის შესაძლებლობებს დაწვრილებით ვიხილავდით კრეერთან ყოველდღიური საუბრების დროს. მაგრამ ბატონი ვიტოლდი წამდაუწუმ გვაფრთხილებდა, რომ ოლიმპიურ ბრძოლაში შეიძლება ბევრ მოულოდნელობას წავაწყდეთ და ყოველთვის უნდა ელოდო სექტორში, როგორც იგი ამბობდა, „მისტერ-იქს"-ის გამოჩენას, რომელიც უკვე პაექრობის მსვლელობისას გაგვაოცებდა. თავდაპირველად, მის გაფრთხილებას უნდობლად ვუსმენდით და გულში ვფიქრობდით: ვინღა „მისტერ-იქსი" უნდა გამოჩნდეს, როცა ყველანი აქვე არიან, ჩვენ თვალწინ – მაგრამ სხვას რომ თავი დავანებოთ, კაცის დარწმუნება ნამდვილად იცოდა კრეერმა. სტარტის დროისთვის ჩვენ ამ სიურპრიზისთვისაც მზად ვიყავით.

 

 

დავით ჭელიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი