logo_geo
ირაკლი მამალაძე: მამა გიორგიმ მითხრა, შენ ციანიდი მიშოვე და ოქრო და ბრილიანტები მერე ნახეო...
- +

27 თებერვალი. 2017. 11:55



ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ინფორმაციით, ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში პალატის მოწყობას გეგმავდა, სადაც პატრიარქს მოათავსებდნენ და იქ არავის შეუშვებდნენ. ამის შესახებ მამალაძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ პროკურატურამ გამოძიება მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო.

 

„დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩემი ძმისშვილის ნათლიაა. პროკურატურას ყველა მტკიცებულება აქვს, თუმცა გეტყვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელიც საშინლად მძიმე მოსასმენია, რადგან ასახავს მკვლელობის მომზადების მთელ პროცესს.

 

ბოლო პერიოდში მამა გიორგისთან აქტიურად ვთანამშრომლობდი. იგი მაწვდიდა მნიშვნელოვან ინფორმაციებს საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც მე სოციალურ ქსელში და პრესაში ვაქვეყნებდი. რატომღაც შთაბეჭდილება შემექმნა და დავიჯერე, რომ მამა გიორგი და მისი თანამოაზრეები კარგ საქმეს აკეთებდნენ, ჯანსაღი გეგმები ჰქონდათ და მხოლოდ ეკლესიაზე ზრუნვა ამოძრავებდათ. მოკლედ, მათ ძალიან ვენდობოდი და თვითონაც მენდობოდნენ.

 

თუმცა, ამ ადამიანებთან ურთიერთობაში ისეთი მომენტიც „დავიჭირე", რომელიც ძალიან მეხამუშა და არ მომეწონა. მაგალითად, ერთ-ერთი საუბრის დროს კითხვა დავსვი - პატრიარქი ასე ცუდად რომ არის, საზღვარგარეთ რატომ არ მიჰყავთ-მეთქი? ამაზე ერთ-ერთმა ხელის აქნევით მიპასუხა - უჰ, ძალიან ძვირი ჯდებაო. მეუფე პეტრე პირდაპირ კავშირშია ამ წრესთან. მამა გიორგის ადვოკატიც მეუფე პეტრემ აუყვანა",- განაცხადა მამალაძემ.


აქვე, ირაკლი მამალაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში პატრიარქისთვის პალატის მოწყობას გეგმავდა.


„ცოტა ხნის წინათ, როცა პატრიარქი თავს შეუძლოდ გრძნობდა, მამა გიორგი მამალაძემ თქვა, საპატრიარქოში მესამე სართულზე უნდა მოვაწყოთ პალატა, აპარატურას მე მოვიტან, პატრიარქი იქ მოვათავსოთ და მასთან არავინ უნდა შევუშვათო. ამაში სხვებიც დაეთანხმნენ მამა გიორგის. ჩემთვის გაუგებარი და შემაშფოთებელი იყო ისიც, რომ გიორგი მამალაძე და მასთან დაკავშირებული პირები მუდმივად ზრუნავდნენ, რომ მედიაში გაეჟონა ინფორმაციას, თითქოს პატრიარქი ძალიან ცუდად, ძალიან მძიმედ იყო",- აღნიშნა მამალაძემ.


მამალაძე აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძემ ციანიდის შოვნა 2017 წლის 20 იანვარს სთხოვა.


„მან მითხრა, ხომ არ ვიცნობდი ვინმე ისეთ პიროვნებას, რომელიც ციანიდს აშოვნინებდა. სრულიად შოკირებული ვიყავი და ვერ ამეხსნა, რისთვის სჭირდებოდა მამა გიორგის ციანიდი",- განაცხადა მამალაძემ.


ირაკლი მამალაძე მისთვის შემაშფოთებელ, კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:


„მამა გიორგის ვთხოვდი, რომ ჩემთვის მოეწოდებინა ინფორმაცია მეუფე სერაფიმესთან დაკავშირებით, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიიდან წავიდა, რადგან პროვოკაცია მოუწყვეს და რაღაც სიბინძურე დააბრალეს, რაც არ ჩაუდენია. ძალიან მინდოდა, მეუფე სერაფიმეს უდანაშაულობის დამადასტურებელი საბუთები მომეპოვებინა და ვიცოდი, რომ მამა გიორგისა და მის გარემოცვას შეეძლოთ დამხმარებოდნენ. როცა მამა გიორგის ვუთხარი, მეუფე სერაფიმეს უდანაშაულობის დამამტკიცებელ საბუთებს თუ მომცემთ, ეს ოქროს ინფორმაცია იქნება-მეთქი, მან მიპასუხა - შენ ციანიდი მიშოვე და ოქრო და ბრილიანტები მერე ნახეო", - განაცხადა მამალაძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი