logo_geo
ნიკო ლეკიშვილი: მუშაობენ, როგორ "გააშავონ" ადამიანი. "მოქკავშირში" ასეთი ახალგაზრების ჯგუფი იყო
- +

19 ოქტომბერი. 2019. 00:57

 

თბილისის ყოფილი მერი, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის წევრი ნიკო ლეკიშვილი ქართული პოლიტიკის მანკიერებებსა და შეცდომებზე საუბრობს. ყველა ხელისუფლებების დროს მუშაობენ, იმაზე, თუ როგორ „გააშავონ“ ესა თუ ის პერსონა. უნდა დააბრალო და ერთმაც რომ დაიჯეროს, უკვე გამარჯვებააო.

როგორც ნიკო ლეკიშვილი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს. ოპოზიციისა და პოზიციის ურთიერთობა ურთიერთბრალდებების და ჭორების, ერთმანეთის ლანძღვის ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. როდესაც 1921 წლის, რესპუბლიკის არჩევნების ისტორიას ეცნობოდა, აღმოაჩინა, რომ მაშინაც ასე იყო.


"ერთმანეთს რაღაცებს უგონებდნენ, ეს იმის საყვარელია, იმან ფული მოიპარაო და ა.შ. ნიკო ნიკოლაძესაც კი ფულის მოპარვა დააბრალეს. ილია ჭავჭავაძეს, ხომ საერთოდ, რეებს უგონებდნენ. რა გვჭირს ასეთი ქართველებს? რომელი თანამდებობა ღირს ამის კადრებად, მე არ ვიცი", - ამბობს ნიკო ლეკიშვილი და დასძენს, რომ ყველაფერი იცი, როგორ იგონებენ ქართულ პოლიტიკაში ტყუილებს. 

მისი შეფასებით, ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის ემოციებზე აკეთებს. ადამიანების ლანძღვა-გინება კი, უკვე ეროვნულ თვისებად გადაიქცა. ქვეყანას პირველად ჰყავს ქალი პრეზიდენტი და უხამს სიტყვებს არც მისი მისამართით იშურებენ...

"ადამიანებს ათასგვარ ტყუილს აბრალებენ. სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მაგრამ რუსეთის აგენტობა? სასაცილოა, მაგრამ ბევრი აჰყვა ამას. ყველაფერი ვიცი, რა როგორ იყო და როგორ ხდება ქართულ პოლიტიკაში ასეთი ტყუილების მოფიქრება. იკრიბება გარკვეული ჯგუფი და იწყებენ მუშაობას, როგორ „გააშავონ“ ესა თუ ის პერსონა. ეს „მოქალაქეთა კავშირის“ დროს დაიწყო, არ დავასახელებ, ვის მიერ... იყო გარკვეული ჯგუფი, ახალგაზრდებისა, რომელიც დაჯდებოდა და გეგმავდა, ვის რა შეიძლება დავაბრალოთო. ზოგს კორუმპირებულობას აბრალებდნენ, ზოგს - უშიშროებასთან კავშირს. ამ ახალგაზრდებს ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ - შენ უნდა დააბრალო და ერთმაც რომ დაიჯეროს, უკვე გამარჯვებააო, ამბობდნენ. მერე, დადგეს და თავი იმართლოსო. როცა პარლამენტში ვიყავი, ერთს წამოსცდა ეს. ეს უზნეო პოლიტიკაა. ამაში ვართ გახვეულები, როგორც ერთ მხარეს, ისე - მეორე”, - ამბობს ლეკიშვილი.


 იგი შევარდნაძის მმართველობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან მძიმე დრო იყო...

 

ფულის ერთეულიც კი არ გვქონდა და კუპონზე ვიყავით კარგა ხნის განმავლობაში, დიდი დევალვაცია იყო და ამან გამოიწვია დიდი გაუგებრობები. სერიოზული ომი გადავიტანეთ, რომელმაც მთელი საზოგადოება ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. რუსეთმა კი დიდი ზეწოლა მოახდინა, ყველაფერი გაგვითიშა - ელექტრო ენერგია, გაზი. იყო მხედრიონი, სროლები... ასე თუ ისე, მაინც მოხერხდა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დამდგარიყო, მაშინ პური არ იყო და ახლა რა თემებზე ვსაუბრობთ“, - ამბობს თბილისი ყოფილი მერი.

 

ნიკო ლეკიშვილის აზრით, შევარდნაძის შეცდომა იყო ის, რომ საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბალანსებულმა პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო. მთავრობის სტაბილურობა ვერ შეიქმნა, ფინანსთა მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით გარბოდნენ. რამაც შიში გააჩინა, მათ შორის, ხალხში.

 

"შევარდნაძე ვერ წავიდა იმაზე, რომ მკვეთრი რეფორმები გატარებულიყო. შსს ძველი მილიცია იყო, ინსპექტორები, უშიშროება კი, ფაქტობრივად, „კაგებე“. ძალოვან სტრუქტურებში სტრუქტურული გარდაქმნები ვერ განხორციელდა. ამან გააჩინა კორუფცია. ამ ყველაფერმა გამოიწვა ის, რომ ვეღარ მოხდა ისეთი განვითარება, როგორიც საჭირო იყო", - ამბობს ნიკო ლეკიშვილი.


 

 

big_banner
არქივი