logo_geo
ხათუნა ხუნდაძე: მერაბ კოკოჩაშვილმა ამ ორი ბავშვის ფოტო გამოაკრა კედელზე, ამით გვაჩვენა, რომ დამტკიცებულები იყვნენ როლზე
- +

21 ოქტომბერი. 2019. 02:00

 

რა თემაზეა რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ახალი ფილმი „ტერცო მონდო“, როგორ აღმოაჩინეს ახლა უკვე ინტერნეტ-ვარსკვლავებად ქცეული ბავშვები ბექა ბუჩუკური და მარი ნარიმანიძე, და როგორ დაამტკიცა რეჟისორმა ისინი როლებზე - ამის შესახებ ფილმის პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ფილმი აქტუალურ თემაზეა. მეგობრებს შორის პოლიტიკურ ნიადაგზე ხდება დაპირისპირება. გამსახურდიას პერიოდში ერთი ზვიადის ბანაკში ხვდება და მეორე -მოწინააღმდეგის. ამ ორი ბანაკის ჩხუბის დროს იღუპება მათი ბავშვობის მეგობარი გოგონა, ნათია, რომელიც ორივეს უყვარდა და დიდობისას უკვე ერთ-ერთის მეგობარი ქალია. როცა ტრაგედია ხდება, ეს მეგობრები ერთიანდებიან, ერთად არიან ქელეხში, ერთად კრძალავენ ნათიას და ა.შ.

 

დაპირისპირებული ადამიანები ტრაგედიის დროს ისევ იკრიბებიან, ნანობენ თავიანთ საქციელს, მაგრამ მერე ისევ იშლებიან და 20 წლის მერე ევროპაში ხვდებიან ერთმანეთს. ორივე იკვლევს, მართლა შემთხვევით დაიღუპა თუ განზრახ მოკლეს.

 

ფილმში რამდენიმე ეპოქაა - ბავშვობა, ყმაწვილკაცობა, 20 წლის ასაკი და ბოლოს უკვე 50 წელს არიან გადაშორებული. ერთი გმირის როლს ამ ასაკში ჭოლა ასრულებს, მეორე მეგობრის როლი მერაბ ნინიძეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ორი კვირის წინ ამერიკაში დიდ სერიალში მონაწილეობას მოაწერა ხელი და ვერ მოახერხებს ჩვენს ფილმში გადაღებას. გული დაგვწყდა, მაგრამ ვერ გავბრაზდით, რადგან მას ჰყავს აგენტები, მენეჯერები... არადა, მერაბი სულ მეუბნებოდა, ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ჰონორარზეც არ დამელაპარაკოთო.

 

ახლა ამ გმირის ძიებაში ვართ. გვყავს რამდენიმე კანდიდატურა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ვისზე შეჩერდება მატონი მერაბი. რაც შეეხება მეგობარ გოგოს, მის როლს დიდობაში რუსთაველის თეატრის მსახიობი თუთა ინაშვილი ითამაშებს.

 

ახლა გადავიდეთ ამ სამი მეგობრის პიონერობისა და კომკავშირელობას ასაკზე. ამ სამი მეგობრის როლს ასრულებენ გივიკო ხანიძე, ანდრია თოხაძე და ლილე ლემანი.

 

როცა ბატონი მერაბი სინჯებს იღებდა, არ იცოდა, რომ ლილეს ქართულად წერა შეეძლო. მეტყველებით ჩვეულებრივად საუბრობს, ვერც მიხვდებით რომ გერმანელია. ლილეს გამო გოგონების კასტინგი არც გვქონია. ბიჭები კი კასტინგით ავარჩიეთ.

 

კოსტიუმები, რომლებიც  ბავშვებს ეცვათ და რომლებიც ასე მოგეწონათ ყველას, ქეთი კალანდაძეს და თეო თიგიშვილს ეკუთვნით.

 

ხადას ხეობაში არის ძალიან ლამაზი სალოცავი, რომელიც დაგვჭირდება ზამთარში და გადავწყვიტეთ, დანარჩენი კადრებიც იქ გადაგვეღო. სწორედ ქვეშეთის საჯარო სკოლაში აღმოვაჩინეთ ბექა და მარი. ამ  ასაკის ბავშვები ფილმში არ მონაწილეობენ. აქცენტი 12-13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებზე გვქონდა. სასწრაფოდ ვიყიდე ოქტომბრელის ნიშნები, რომ როლი მიგვენიჭებინა მათთვის, კოსტიუმების მხატვრებმა კი გამოკვეთეს მათი ღიპუცელობა და კარგი ანტურაჟი შემქნეს ამ ბავშვებმა. გაამხიარულეს გარემო, სიკეთე დათესეს...

 

სოფელ ქვეშეთიდან 22 ბავშვი მონაწილეობს და ყველა საოცარია. ძმები, ლუკა და ნიკა ბურდულები თამაშობენ, სახლის სახურავებიდან კასკადიორებივით ხტებიან და თხილამურებით სასწაულად დასრიალებენ. დედა არ ჰყავთ, ბაბუაც გარდაცვლიათ წელს. მათაც კი უნდათ ველოსიპედი  თუ სხვა საჩუქრები...

 

მარი და ბექა გაჭირვებული ოჯახებიდან სულაც არ არიან. ბექას ორი და ჰყავს, მარი კი დედისერთაა. ეს ბავშვები მე აღმოვაჩინე. ბატონ მერაბს ფოტო ჩამოვუტანე, სადაც აქეთ-იქით ხელი მაქვს მოკიდებული ამ ღიპუცელებზე. გაგიჟდა, რომ დაინახა! უყურა, უყურა, ჩემი თავი მოაჭრა და ამ ორი ბავშვის ფოტო გამოაკრა კედელზე. ამით გვიჩვენა, რომ დამტკიცებულები იყვნენ როლზე, რომელსაც შემდგომ გამოიგონებდა“,- აღნიშნავს ხათუნა ხუნდაძე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი