logo_geo
მამუკა არეშიძე: კრემლთან დათათბირების გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს ისრაელიც არ დგამს... ირანი კი რუსეთმა ექსპერიმენტულ ქვეყნად აქცია
- +

22 ოქტომბერი. 2019. 15:06

 

„დარწმუნებული იყავით, პენტაგონი არ დაუშვებს რუსეთის ჰეგემონიას ახლო აღმოსავლეთში, იმასაც არ დაუშვებს, რომ მათი მოკავშირე თურქეთი გახდეს დღის წესრიგის მოკარნახე“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„გავიხსენოთ, ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროსაც და პრეზიდენტად არჩევისასაც ყურადღებას ამახვილებდა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და გარკვეულწილად ქადაგებდა მონროს პროგრამისკენ დაბრუნებას, რაც გულისხმობს აშშ-ის აქტივობას ამერიკის კონტინენტზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება სულ სხვა გამოწვევებს წარმოაჩენს. გეოპოლიტიკას ასეთი თვისება აქვს - გამოთავისუფლებულ ადგილს  იმ წუთში იკავებს სხვა მსხვილი მოთამაშე. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში, განსაკუთრებით კი - პენტაგონში. როდესაც ექსპერტულ დონეზე ისმის განცხადებები, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთი გამოვიდა გამარჯვებული, დარწმუნებული იყავით, პენტაგონი არ დაუშვებს რუსეთის ჰეგემონიას ახლო აღმოსავლეთში, იმასაც არ დაუშვებს, რომ მათი მოკავშირე თურქეთი გახდეს დღის წესრიგის მოკარნახე. სხვათა შორის, ეს არც სხვა მსხვილ მოთამაშეებს მოეწონებათ, მაგალითად, ჩინეთს. არც რუსეთის მოკავშირე ირანის ინტერესია რეგიონში თურქეთის გაძლიერება. მოკლედ, იქ ისე არ ემთხვევა რეგიონის მთავარი მოთამაშეების ინტერესები, რომ რუსეთის წარმატება მხოლოდ ხანმოკლე წარმატებად შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა, ამ ეტაპზე მან მოახერხა და რეგიონის მოთამაშეები, აშშ-ის გარდა, საკუთარ ნება-სურვილს დაუმორჩილა - რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კრემლთან დათათბირების გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს ისრაელიც არ დგამს. რაც შეეხება ირანს, საერთოდ ექსპერიმენტულ ქვეყნად აქცია რუსეთმა - მოკავშირეები კი ჰქვიათ, თითქოს ერთობლივად მოქმედებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რუსეთი ირანისთვის შემაკავებელი ფაქტორი ხდება, თუნდაც ისრაელთან ურთიერთობის საქმეში.

 

ჯერჯერობით ნაადრევია კატეგორიული შეფასებები, რადგან სურათი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის და, ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ დიდხანს არ დამშვიდდება. ვითარება ისეთია, რომ ყველა ერთმანეთის დასუსტებას ცდილობს, ოღონდ გააჩნია, ვის რა რესურსი დარჩა... რუსეთი ამ ეტაპზე კი გახდა ძლიერი რეგიონული მოთამაშე, მაგრამ მას აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით აშკარად ნაკლები რესურსები აქვს...

 

რაც შეეხება თურქეთს...  ეცდებიან, თურქეთმა ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ სახე შეინარჩუნოს. ერდოღანის ინტრიგებმა დაღალა მსხვილი მოთამაშეები - მოკავშირეებიც და მტრებიც, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ერდოღანი ახერხებს და ამ ინტრიგებიდან ჯერჯერობით მშრალად გამოდის. ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის. საქმე ის არის, რომ ერდოღანს საკუთარ ქვეყანაში აქვს სერიოზული პრობლემები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით...“ - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი