logo_geo
გიორგი ღლონტი: ნარკოტიკს უმეტესად ქალები, მრავალშვილიანი დედები ასაღებენ...
- +

22 ოქტომბერი. 2019. 16:10

 

„არსებობს ნარკოტრეფიკინგის რამდენიმე მარშრუტი, რომელთაგან 35 კავკასიაზე გადის, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოზე“,- ამის შესახებ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და კრიმინოლოგიის პროფესორი გიორგი ღლონტი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„საქართველოში ნარკოტიკი შემოდის, აქ მას არ აწარმოებენ. აზერბაიჯანელები ჰეროინით ვაჭრობენ, რომლის მთავარი მწარმოებელ-გამავრცელებელი ავღანეთია. ჰეროინი ავღანეთიდან ჯერ აზერბაიჯანში, იქიდან კი საქართველოში ხვდება, თუმცა, საქართველოსა და აზერბაიჯანში  ეს საშუალება იმ ხარისხის არ არის, როგორიც ადგილზე. საქართველოში შემოტანილი მძიმე ნარკოტიკების 80% მარიხუანაა, მეორე ადგილზეა ჰეროინი, მესამეზე - კოკაინი. ის ყველაზე ნაკლები ოდენობით შემოდის, რადგან ძვირი და ელიტური ნარკოტიკია.

 

კოკაინის მწარმოებელი ლათინური ამერიკაა, მარიხუანა კი ყველგან არის - ავღანეთში, შუა აზიაში და შეიძლება აქაც აწარმოო. დანარჩენი - კლუბური სინთეტიკური ნარკოტიკები, „ექსტაზი“ იქნება თუ სხვა, ევროპიდან შემოდის და მას უფრო ახალგაზრდა თაობა ეტანება.

 

არსებობს ნარკოტრეფიკინგის რამდენიმე მარშრუტი, რომელთაგან 35 სამხრეთ კავკასიაზე გადის, მათ შრის აზერბაიჯანსა და საქართველოზე. საერთაშორისო ნარკობიზნესი ნარკოტიკების გადასაზიდად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც იყენებს.

 

ჩვენთან ნარკოტიკი ყველაზე მარტივად აზერბაიჯანიდან ხვდება, დაფასოებული შემოდის და „ბარიგები“ ავრცელებენ. ნებისმიერმა ნარკომანმა იცის, სად არის ეს წერტილები, ვინ არიან „ბარიგები“ და მათი გამოვლენა არც ისე დიდი პრობლემაა. წლებია, რაც ფონიჭალა ნარკომანებისა და ნარკოტიკებით  მოვაჭრეთა ბუდეა. აქ ნარკოტიკების ღია ბაზარია.

 

სინთეტიკური, ანუ კლუბური ნარკოტიკები, ძირითადად, ევროპიდან სხვადასხვა ხერხით შემოაქვთ, ზოგი ფოსტით იგზავნება - ინტერნეტით გამოწერილი შეკვეთები ამანათებით მოდის. კლუბური ნარკოტიკი ჩინეთიდანაც ჩამოდის. სხვათა შორის, მას ჩინეთი აწარმოებს და ევროპაშიც იქიდან მიდის. საბჭოთა დროსაც იყო წერტილები, სადაც ნარკოტიკი  იშოვებოდა - მარნეულში, ლაგოდეხის, გარდაბნის, კასპის რაიონებში, ცხინვალში, პანკისის ხეობაში, სადაც ჩეჩნეთიდან შემოდიოდა ოპიუმი.

 

გაკონტროლება რთულია, ათასობით ადამიანი შემოდის და გადის, უნდა გაჩხრიკო. ბევრი ავტომანქანით გადმოდის და ნარკოტიკს სპეციალურ სამალავებში ათავსებს, შემოდიან სატვირთო მანქანებიც და იოლი შესაძლებელია, ნარკოტიკი სხვა ტვირთს შემოაყოლონ. გამსაღებლებთანაც რთულია ბრძოლა, რადგან ნარკოტიკს უმეტესად ქალები, მრავალშვილიანი დედები ასაღებენ და მათ რომ დაიჭერ, პრობლემები იწყება. კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისინი დიდხანს არ რჩებიან საპატიმროში, ამნისტიით გათავისუფლებაც უწევთ.

 

როცა ფონიჭალაში პოლიციელი შედის, ეს უმალ ყველამ იცის. ეს თავისებური დასახლებაა, ვიწრო ქუჩებით, სახლები გალავნებითა და რკინის ჭიშკრებით არის დაცული და შემტვრევა, შესვლა და ჩხრეკა ძნელდება. ამასობაში სწრაფად ანადგურებენ ნარკოტიკს, მაგალითად, ტუალეტში ჩაუშვებენ, ზოგს მიწაში აქვს ჩამარხული. არადა, მტკიცებულება თუ არ გაქვს, გამსაღებელს ვერ დაიჭერ. ჩვენზე მაღალგანვითარებული ქვეყნები ვერ ახერხებენ შემოტანის გაკონტროლებას და ჩვენ, მით უმეტეს. ამას სხვა მიდგომები, კონტროლი და დიდი ფული სჭირდება, ასევე გაწვრთნილი ძაღლები, სპეციალური მოწყობილობები, სკანერები და სხვა ათასი რამ უნდა. სახმელეთო საზღვრებისგან განსხვავებით, აეროპორტებს მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ“,- აღნიშნავს გიორგი ღლონტი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი