logo_geo
„კარგი რეფორმა სწავლასავით არის - ძირში მწარეა და კენწეროში გატკბილდების“
- +

23 ოქტომბერი. 2019. 15:57

 

 

„თუ საზოგადოება პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტების ტაკიმასხარაობას არ აჰყვება, ახლო მომავალში თბილისს სრულიად მოწესრიგებული  და თანამედროვე მოთხოვნების ადეკვატური სატრანსპორტო ქსელი ექნება“, - ამის შესახებ  გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით წერს.

 

„მთავრობის წარმომადგენლებს, კახი კალაძის მეთაურობით, ტაქსის მძღოლებთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ და ახალი რეგულაციების შემუშავების პროცესში მათ თხოვნებსა და შენიშვნებს მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ.

 

მაგალითად, როცა მძღოლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს - თეთრად გადაღებვა მანქანის საბაზრო ღირებულების შეამცირებსო, მერიამ მათ ანგარიში გაუწია და ალტერნატივის სახით შესთავაზა, ავტომობილისათვის თეთრი ფირი გადაეკრათ, რომლის აძრობასაც, სურვილის შემთხვევაში, უპრობლემოდ შეძლებენ.

 

რაც მთავარია, მანქანის გადაღებვაც და ფირის გადაკვრაც მძღოლებს სრულიად უფასოდ, უკიდურეს შემთხვევაში კი, მცირედი დანახარჯით შეუძლიათ.

 

საქმე ის არის რომ, თბილისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან, რომელმაც ტაქსების უსასყიდლოდ გადაღებვა იკისრა იმ პირობით, რომ მძღოლები 2 წლის განმავლობაში  საკუთარ ავტომობილზე მის რეკლამას განათავსებენ. მანქანაზე თეთრი ფირის გადასაკრავად კი მერია მძღოლებს 700-ლარიან ვაუჩერებს ურიგებს.

 

ეს რაც შეეხება A კატეგორიის ტაქსების და ახლა B კატეგორიაზეც ვთქვათ, რომელშიც ნებისმიერი ფერის მარცხენა და მარჯვენასაჭიანი მანქანები შედიან, თუმცა, მარჯვენასაჭიანებისათვის ეს დროებითი ამბავია. რადგან მათ 2021 წლის 1 იანვრიდან ტაქსაობის უფლება საერთოდ აღარ ექნებათ.

 

თბილისის მერიამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსაობა 2019 წლის 3 ოქტომბრიდან აკრძალულიყო, თუმცა, ამას მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა - მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩასანაცვლებლად ერთი წელი არ გვეყოფა და ტაქსაობის ახალ პირობებზე მორგებას ვერ მოვასწრებთო.

 

დედაქალაქის მესვეურებმა ტაქსის მძღოლებს ანგარიში ამ ასპექტშიც გაუწიეს და მარჯვენასაჭიანი მანქანებით მუშაობის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს, ოღონდ, როგორც უკვე თქვით, B კატეგორიის პირობებით.

 

პირობები კი ასეთია: B კატეგორიას მიკუთვნებულ როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიან ტაქსებს ტრაფარეტის გამოყენების უფლება არა აქვთ, მომსახურების გაწევა მხოლოდ გამოძახებით შეუძლიათ და უფასო საპარკინგე ადგილებითაც ვერ სარგებლობენ.

 

მოკლედ, ასეთია ტაქსის რეფორმის ავანჩავანი, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი რგოლია იმ დიდი სატრანსპორტო რეფორმისა, რომელსაც თბილისის მერია ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს და რომელიც ძველი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახლებით ჩანაცვლებას, ასევე მეტროპოლიტენის მასშტაბურ რეაბილიტაციას და, საერთოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

 

მოგეხსენებათ, ყოველ გარდაქმნას, როგორი კეთილი მიზნებითაც არ უნდა ხორციელდებოდეს, პირველ ეტაპზე მაინც საზოგადოების გარკვეული ნაწილი  მტკივნეულად აღიქვამს, თუმცა, კარგი რეფორმა სწავლასავით არის - ძირში მწარეა და კენწეროში გატკბილდების.        

 

თბილისის მერიის მიერ წამოწყებულ სატრანსპორტო რეფორმასაც, რომელიც საწყის სტადიაზე მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, ემწაროს, კენწეროში გატკბილების პირი უჩანს და თუ საზოგადოება პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტების ტაკიმასხარაობას არ აჰყვება, ახლო მომავალში თბილისს სრულიად მოწესრიგებული და თანამედროვე მოთხოვნების ადეკვატური სატრანსპორტო ქსელი ექნება“, - აღნიშნავს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი