logo_geo
„მაშველი“ დოდო აბაშიძე და „სიზმარა“ ზურა ქაფიანიძე - სახალისო ამბები მსახიობების ცხოვრებიდან
- +

26 ოქტომბერი. 2019. 23:49

 

მსახიობის ცხოვრება დიდ და მძიმე შრომას მოითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, არც მხიარულება აკლია. უამრავი გაუთვალისწინებელი ამბავი ხდება კადრს მიღმა ან კულისებში და ხშირად - კადრსა და სცენაზეც კი, რაც ისე ბუნებრივად ერწყმის კონკრეტულ ეპიზოდს, რომ მაყურებელი ვერაფერს ამჩნევს, თავად მსახიობები კი ამგვარი მომენტების გახსენებით თავადაც ხალისობენ და სხვასაც ახალისებენ.

 

ერთხელ მახსოვს, რუსთაველის თეატრის მსახიობმა, აწ განსვენებულმა სოსო ლაღიძემ მიამბო:

 

- კინორეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი აჭარაში ფილმ „ზღვის შვილებს“ იღებდა და შემოქმედებითი ჯგუფი 6-თვიან ექსპედიციაში გავემგზავრეთ. ბათუმში ვცხოვრობდით და ჩვენთან ერთად იყო წარმოუდგენლად დაუდეგარი მსახიობი დოდო აბაშიძე. იცით, რა ღონიერი იყო დოდო? - ზღვაში რომ შედიოდა, ზღვაც კი ბობოქრობდა.

 

ფოტო: კადრი ფილმიდან: „ზღვის შვილები“, სოსო ლაღიძე და ნადია ეგაძე

 

მისი ვაჟი, დღეს უკვე ცნობილი ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე იმ დროს 3 წლის იყო და დოდო მას საშინელებებს უკეთებდა - საწყალ ბავშვს შეიყვანდა ზღვაში, ააგდებდა ზემოთ და დაანარცხებდა ხოლმე წყალს. რომ ვსაყვედურობდი, ცოდოა ბავშვი-მეთქი, მამშვიდებდა, - არაფერი მოუვა, კაცად გაიზრდებაო. და მართლაც, კაცად გაიზარდა ზაზა აბაშიძე... ერთხელ დოდომ მთხოვა, შორს გავცუროთო. ჯერ ვიუარე. რა მექნა, არ მსიამოვნებდა ღრმად გაცურვა, არც დოდოსავით მაგარი მოცურავე ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი და დავყაბულდი. მოკლედ, გავცურეთ. მერე მითხრა, გავითამაშოთ, ვითომ იხრჩობი და მე გშველი, მაინტერესებს როგორი მაშველი ვიქნებიო. რაღას ვიზამდი? ავფართხალდი, ავყვირდი, მიშველეთ-მეთქი და დოდომ შუა ზღვაში დამავლო მარჯვენა ხელი, ეს ამხელა კაცი წამომიკიდა ზურგზე და ცალი ხელით ცურვით გამიყვანა „სამშვიდობოს“. ასე, გაოგნებული დამტოვა გოლიათმა დოდომ...

 

ნინო თარხან-მოურავი, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

 

- მახსოვს, რეჟისორმა ლევან წულაძემ „სარდაფში“ „კაფე „როსინი“ დადგა. მე და თემიკო (ნინოს მეუღლე მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე - ი.ხ.) ცოლ-ქმარს განვასახიერებდით. მე დამატებით მსახიობი ქალის როლიც მქონდა.

 

ფოტო: თემიკო ჭიჭინაძე და ნინო თარხან-მოურავი

 

ერთი ეპიზოდი იყო, ეს მსახიობი, ანუ ჩემი გმირი მიდის რეჟისორთან (თემიკოსთან) და როლზე აყვანას სთხოვს, თან გულმოდგინედ აწონებს თავს. ამ დროს სცენაზე პარიკით გამოვდიოდი, რომელსაც რეჟისორთან საუბრისას თავიდან ვიხსნიდი. პრემიერის წინ ჩუმად თავი გადავიპარსე, ცხადია, თემიკომაც არაფერი იცოდა, თეატრში კი პარიკით გამოვცხადდი. იმ ეპიზოდში, ჩემი მონოლოგის ბოლოს წარმოვთქვი, - შეხედეთ, როგორი თმა მაქვს-მეთქი, - პარიკი გადავიძრე და... მოკლედ, ყველაფერი გავაფუჭე: თემიკო ისე დაიბნა, ტექსტი დაავიწყდა, თანაც ძალიან გაბრაზდა და მივხვდი, რაღაც უნდა მეღონა, თორემ იქვე დამახრჩობდა (იცინის). მოკლედ, მისი ტექსტიც მე წარმოვთქვი, ცხადია - ჩემიც და რაღაცნაირად გამოვძვერით. რაც მთავარია, მაყურებელი ვერაფერს მიხვდა...

 

ამირან ბუაძე, თეატრისა და კინოს მსახიობი:

 

- გია მატარაძის რაჭველებზე გადაღებულ ფილმში - „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ იმერელი ზაზა ქაშიბაძის გმირი რაჭველი გახლდათ, მე - რაჭველმა იმერელი სირბილაძე განვასახიერე. 1984 წელი იყო და ამ ფილმს რაჭაში, ონში ვიღებდით. ზურა ქაფიანიძე ონიდან იყო, ჩემი სოფელი კი ამბროლაურის რაიონშია. გადამღებ ჯგუფში სულ მოქეიფე ხალხი შევიკრიბეთ - ზურა ქაფიანიძე, გივი ბერიკაშვილი, რამაზ გიორგობიანი და ბესო ხიდეშელი. მოკლედ, იქაურებს დიდ გადაპატიჟებებში ვყავდით. იქ ცხოვრობდა ზურას თანაკლასელი, განთქმული მონადირე ბუხა ჯაფარიძე.

 

ფოტო: ფილმი „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“

 

ერთხელაც მახსოვს, ონის რესტორანში გვაქეიფა. რაჭულ ალექსანდროულს ვსვამდით. თამადა, რა თქმა უნდა, ქაფიანიძე იყო. ეშხში რომ შევედით, სიმღერაც შემოვძახეთ. მახსოვს, დავიწყეთ რეზო ლაღიძის „გულს რად მიკლავ“ და უცებ სადღეგრძელოს თქმა მომინდა. ზურასგან ნებართვა ავიღე, რეზო ლაღიძის თამადობით ქართული სიმღერა ვადღეგრძელე და ღვინით სავსე ბოთლი მოვიყუდე. ალავერდს „ბერიკასთან“ გადავედი - იმან იოლად შესვა. რამაზს ცოტათი გაუჭირდა, ზურა კი გამიბრაზდა: შე შობელძაღლო, რაღა ჩემთვის მოიცალე, ახლა მოგინდა ბოთლებით სმაო? - თურმე, დიდი სასმისით დალევა უძნელდებოდა. მაინც დალია და... გაითიშა. ახლა გია მატარაძე გადაგვერია - სამი დღე ეძინა ქაფიანიძეს თავის სოფელ ნაკიეთში და სამი დღით ჩაიშალა გადაღება (იცინის)... გადაღებაზე გივი ბერიკაშვილს თავისი ვაჟი - ზურიკო ახლდა. მარჯანიშვილის თეატრს იმხანად ქუთაისში ჰქონდა გასტროლი, ოღონდ მე არ ვთამაშობდი იმ სპექტაკლებში, გივი – კი, ამიტომ ქუთაისში რომ მიდიოდა ხოლმე, გამხდარ, გაჩხიკინებულ ზურიკოს ჩვენ გვიტოვებდა, თან გვთხოვდა: ბოვში არ გამიფუჭოთ, არ დაალევინოთო. ისე გამოსდიოდა, მგელს რომ ბატკანს მიაბარებენ (იცინის). ჩვენ კი დავუძახებდით, - აბა, ზურიკო, წამოდი-თქო, - და ორ დღეში საწყალმა ზურიკომ 5 კილოგრამი დაიკლო. დაბრუნებულ გივის მოვატყუეთ, ვითომ ბიჭი საჭმელს არ ჭამდა და იმიტომ გახდა. მერე კი შეიტყო სიმართლე და კინაღამ დაგვხოცა...

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი