logo_geo
თენგიზ ცანავა: შინდისთან რუსების ალყაში ამოვყავით თავი...
- +

29 ოქტომბერი. 2019. 13:03

 

„მას შემდეგ 11 წელი გავიდა, მაინც ყოველ წუთს მეფიქრება იმ კოშმარზე...“,- ამის შესახებ შინდისის ბრძოლაში გადარჩენილი კაპრალი თენგიზ ცანავა ჟურნალ „გზასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„მას შემდეგ 11 წელი გავიდა, მაინც ყოველ წუთს მეფიქრება იმ კოშმარზე...11 აგვისტოს, უკან დახევის ბრძანების შემდეგ სახლში ვბუნდებოდით, დარეკილიც კი გვქონდა, საღამოს შინ ვიქნებითო, მაგრამ შინდისთან რუსების ალყაში ამოვყავით თავი... რკინიგზის სადგურის მიღმა რუსები მდგარან და უცებ სროლა აგვიტეხეს.

 

ჩვენ საინჟინრო ბრიგადა ვიყავით. ომის დღეებში, შეტევის განხორციელებისას უშუალოდ მათთან ბროლამ არ მოგვიწია, ცხინვალშიც არ შევსულვართ, მაგრამ იმ ორ საათში აგვანაზღაურებინეს ყველაფერი.

 

ტყვედ ჩაბარებაზე წამითაც არ გვიფიქრია... მერე რა მოხდა და როგორ, თანმიმდევრულად არ მახსოვს, მაგრამ ტყვიები რომ დაგვიმთავრდა, ჩვენს დაღუპულ ბიჭებს ავართვით და იმას ვისროდით. დაჭრილი ვიყავი, მაგრამ ვერ ვიგრძენი: ტყვია ცხელია და რომ გხვდება, მაშინ კი არ გტკივა, მერე, რამდენიმე წამში გრძნობ ჭრილობის ტკივილს... მე და ოთარ კალმახელიძე ერთად დავიჭერით, ერთ გასროლისგან, ნამსხვრევები მოგვხვდა... სისხლისგან ვიცლებოდით, მაგრამ მაინც წინააღმდეგობას ვუწევდით მტერს...

 

80-მდე ჭრილობა მქონდა სახესა და მკლავებზე, მკერდის ჭრილობებისგან ჯავშანჟილეტმა დამიცვა, თორემ ვერ გადავრჩებოდი...

 

სანამ შეგვეძლო, ძალ-ღონე და ტყვიები გვქონდა, არ დავნებებულვართ. ფიზიკურად ლამის ყველა რომ გაგვანადგურეს, მაშინ შეწყდა საპასუხო ცეცხლი. ისინი მძიმე ტექნიკითა და მსხვილკალიბრიანებით იყვნენ, ჩვენ შედარებით „მსუბუქი“ შეიარაღება გვქონდა... ახლა ხშირად მეკითხებიან, როგორ ებრძოლეთ კბილებამდე შეიარაღებულ რუსებსო? არც ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავით... როდესაც უკვე ტყვია დაგვიმთავრდა და ჩვენი მხრიდან სროლები თანდათან მისუსტდა, შემდეგ კი მთლიანად მინელდა, ისინი თანდათან ჩვენკენ მოიწევდნენ. რუსული საუბარი გვესმოდა...

 

შენობის შიგნით საშინელება ტრიალებდა. მტვრისა და ნანგრევების ბუღი იდგა. გარშემო მიმოფანტული დახოცილი ბიჭებიდან რამდენიმე ვიცანი. ჩვენთან ახლოს იყო ალეკო ონიანიც, რომელსაც ზოიძე ჰყავდა ჩახუტებული.- ბიჭებო მცივაო, - გვითხრა ზოიძემ...

 

მერე მახსოვს, რომ ალეკომ „მამაო ჩვენოს“ ლოცვა დაიწყო და ჩვენც ავყევით... ამ დროს მოგვადგნენ რუსები. ალეკოს ტყვედ აყვანა უნდოდათ, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, არ ჩაბარდებოდა და პასუხმაც არ დააყოვნა, მან სასწაულებრივად გადარჩენილი ყუმბარა გახსნა... მხოლოდ იმის დაყვირება მოვასწარით: „რას შვრები, ბიჭო“....

 

ოთარი მასთან უფრო ახლოს იწვა და აფეთქების წნევამ ისე შორს გადააგდო, გონება დაკარგა... მეც ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა, გავიგონე, რომ ტყვიები „გადაგვატარეს“, ანუ რამდენიმე მეტრის სიახლოვეს მოვიდნენ და ჩვენი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, ოღონდ ისე, რომ შიგნით არ შემოსულან. გადავრჩით. ეგონათ, ყველანი დავიხოცეთ, მაგრამ შემოსვლას მაინც ვერ ბედავდნენ, ეტყობოდათ კიდეც, რომ ეშინოდათ. ერთი შემოიხედეს და შორიახლოს გაჩერდნენ. რაღაც დროის შემდეგ, მეთაური და ვიღაცები შემოვიდნენ, მაგრამ იარაღი არ აურთმევიათ - არ ვიცი,პატივისცემის ნიშნად  თუ სხვა რამის გამო, მაგრამ ხელი არც ერთისთვის არ უხლიათ“, - იხსენებს თენგიზ ცანავა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი