logo_geo
მეუფე დიმიტრი: შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება!
- +

1 მარტი. 2017. 11:14



„თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება", - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი „კვირის პალიტრას" ესაუბრა.


როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, უცდის გამოძიებას, თუმცა, ამ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის ასევე გამოეხმაურა მეუფე პეტრეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მამალაძის დაკავება მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული, როგორც მეუფე დიმიტრი აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა მეუფე პეტრე.


„ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, თუმცა, ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია - ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა.

 

არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ვინმეს მოწამვლას გეგმავდა, სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება, მას უდანაშაულოდ მივიჩნევ, თუმცა, ბუნებრივია, თუ ეს დამტკიცდა, ის მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა", - აცხადებს მეუფე დიმიტრი.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მან აკურთხა ბათუმში მოძღვრად, მისგან დამოუკიდებლად აღმოჩნდა ის თბილისში და, როდესაც იგეგმებოდა მამალაძის დანიშვნა ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე, მეუფე დიმიტრისთვის ამის შესახებ არ უცნობებიათ.


„გულწრფელად არ მესმის, რას ნიშნავს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი? დიახ, დეკანოზი გიორგი მამალაძე მე ბათუმში მოძღვრად ვაკურთხე და ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიზიარებ. თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ, თბილისში ის ჩემგან დამოუკიდებლად მოხვდა - უხეშად გეტყვით, არავინ მკითხა აზრი, არც საქმის კურსში ჩამაყენეს ერთი წლის წინ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დანიშვნას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე აპირებდნენ. ეს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო", - აღნიშნავს მეუფე დიმიტრი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი