logo_geo
„პეტრე ცაავა - ეს იყო ანაფორიანი და წვერიანი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეკლესიაში...“
- +

7 ნოემბერი. 2019. 14:58

 

„დადგა პეტრეარქის შემოდგომა - დაედო სამანი მის მორალურ ლპობას, ბოლომდე გასცვივდა ფოთლები მისი სულის ხეს“, - წერს  გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა საპატრიარქოში ბოლო დროს  განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

„პეტრე ცაავა - ეს იყო ანაფორიანი და წვერიანი სააკაშვილი საქართველოს ეკლესიაში.

 

მეუფე პეტრე - ეს იყო საქართველოს ეკლესიის როლანდ ახალაია, ბაჩო ახალაია და დათა ახალაია ერთად აღებული.

 

მარკესის რომანში („პატრიარქის შემოდგომა“) ტირანს კონკრეტული სახელი და გვარი არ აქვს, მას პრეზიდენტად, გენერლად, პატრიარქად მოიხსენიებენ, იგი ყველა დიქტატორის კრებსითი სახეა, აბსოლუტური ძალაუფლების ხორციელი სიმბოლო, აი, ჩვენთან კი პეტრეარქს საკუთარი სახელიც აქვს და იმავდროულად პეტრე ცაავა სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას, გვარამიას, მერაბიშვილის, ადეიშვილის, ახალაიების კრებსითი სახეც არის.  პეტრეარქი, რომელ არს მიშა, გიგა, გიგი, ნიკა, ვანო, ზურაბ, როლანდ, ბაჩო, დათა და ა.შ. პოლიქრონიონ!

 

ასე რომ, ის სიბილწე, რაც პეტრეარქმა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქის შესახებ ამოანთხია, მარტო მისი ნათქვამი როდია. იმ დღეს, ისე როგორც ყოველთვის, პეტრე ცაავას პირით სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი და ახალაიები ლაპარაკობდნენ. სწორედ მათ თქვეს ის, რაც პატრიარქზე პეტრე ცაავამ თქვა. სინოდის სხდომაზე პეტრეარქის სახით 86 წლის პატრიარქისაკენ ფიზიკურად სწორედ „ნაცმოძრაობისა“ და „ევრონაცმოძრაობის“ ლიდერებმა გაიწიეს და შუაში მეუფე შიო რომ არ ჩამდგარიყო, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

 

სინოდის სხდომაზე პეტრეარქი პატრიარქს არამარტო ბინძური ბრალდებებით, არამედ ფიზიკურადაც რომ დაუპირისპირდა, სწორედ ამის შემდეგ მიიღო ეკლესიის სათათბირო ორგანომ მისთვის საეკლესიო სასჯელის დადების გადაწყვეტილება, თორემ მანამდე კიდევ აძლევდნენ შანსს - შეინანე, პატრიარქს ბოდიში მოუხადე, მღვდელმთავრებისგან შენდობა ითხოვე და გაპატიებთო.

 

არ ქნა პეტრეარქმა.

 

ხიბლის ჭაობში ისე ღრმად შეეტოპა და ძალაუფლების ნდომას ისე გაეხელებინა, ფიქრადაც არ ჰქონდა, რომ რამეს დააკლებდნენ, არც კი უშვებდა, რომ შეიძლებოდა, დამდგარიყო მისი შემოდგომა.

 

მაგრამ დადგა პეტრეარქის შემოდგომა - დაედო სამანი მის მორალურ ლპობას, ბოლომდე გასცვივდა ფოთლები მის სულის ხეს.

 

არადა, თავიდან პეტრე ცაავა, სანამ სააკაშვილის სექტაში გაწევრიანდებოდა და პეტრეარქობას დაიწყებდა, პატრიარქის უსაყვარლესი სულიერი შვილი იყო, მისი ერთ-ერთი ფავორიტი. იმდენად საყვარელი და იმდენად ფავორიტი, რომ პატრიარქმა მას თავის მშობლიურ მხარეში - სტეფანწმინდაში სულიერი ცხოვრების აღორძინებაც კი დაავალა, როცა ხევის ეპისკოპოსად ხელდასხა.

 

პეტრეს მიმართ პატრიარქის განსაკუთრებული ნდობა და სიყვარული იყო იმის მიზეზიც, სააკაშვილს გაგანია რეჟიმის დროს ილია მეორემ წმინდა გიორგის ორდენი რომ ჩამოჰკიდა  სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელ პროკურორს, პეტრეარქის ახლო მეგობარ როლანდ ახალაიას.

 

რა თქმა უნდა, პატრიარქმა კარგად იცოდა, ეკლესიის მაღალ ჯილდოს ვისაც ანიჭებდა და არც ის ესწავლებოდა, რომ ამას საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც გააკეთა. ჯერ ერთი, იქნებ ამით ახალაიაში ადამიანი გავაღვიძო და სწორი ცხოვრებისაკენ მოვატრიალოო და მეორეც, პეტრე ცაავას გაუწია ანგარიში.

 

მარკესის „პატრიარქის შემოდგომაში“ ტირანს სურს, საკუთარი დედა ეკლესიას წმინდანად შეარაცხვინოს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს, რიც გამოც ეკლესიას საკუთარ მტრად გამოაცხადებს, დედას კი სამოქალაქო წმინდანობას მიანიჭებს.

 

აი, სააკაშვილმა ხელისუფლება რომ დაკარგა და ამაში ეკლესიამაც უდიდესი წვლილი შეიტანა, მერე პეტრესაც „თვალები აეხილა“ და „დაინახა“ რომ პატრიარქი „არ ვარგებულა“ და ეკლესიაში „საქმე ცუდად“ ყოფილა“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი