logo_geo
დათო მაღრაძე: საპატრიარქოში ადამიანებს კონკრეტული პარტიების მხარდაჭერის საშუალება უნდა მოესპოთ
- +

8 ნოემბერი. 2019. 11:43

 

„ჩემი აზრით, პეტრესა და იაკობის განცხადებები არ იყო ერთი და იმავე ვნებით ნაკარნახევი“, - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ერთი იყო დესტრუქციული რევანშის ნაწილი, მეორის შემთხევაში კი ეს, შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ვერცხლის, ძალაუფლების, ან სულაც ნუნუას (ალკოჰოლი) მოყვარულებით. შეიძლება ყველაფერი ერთადაც ყოფილიყო.

 

ეკლესია, ისევე როგორც საზოგადოება, პოლიტკონიუნქტურისგან უნდა გათავისუფლდეს. ჩემი ხედვით, ამისგან გათავისუფლება 31 ოქტომბერს დაიწყო.

 

საპატრიარქოში რეფორმებია საჭირო. იქ ადამიანებს კონკრეტული პარტიების მხარდაჭერის საშუალება უნდა მოესპოთ.

 

ეკლესიაში ბევრი ღირსეული ადამიანია. ეს დღესაც გამოჩნდა: მეუფე გიორგი, მეუფე შიო, სხვა მეუფეები, ასევე მამა ალექსანდრე გალდავა, მამა გიორგი ზვიადაძე და ა.შ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ არის პატრიარქი, რაც ჩემთვის, როგორც პირჯვრის გადამწერი ერისკაცისთვის, იმედისმომცემია.

 

გარდა ამისა, ჩემთვის ქართული ეკლესია ის სამი ულამაზესი გოგოა, ვინც თავის დროზე წავიდა ეკლესიაში და დღეს იწოდებიან დედა ელისაბედად, დედა თეოდორად და დედა მარიამად. ერთი ფოკაშია, მეორე ბოდბეში, მესამე კი დარეჯანის კარის ეკლესიაში... დღეს ისინი არიან ჩემთვის ქართული ეკლესიის სახე.

 

ვერცხლისმოყვარეობას რაც შეეხება, არ შეიძლება, სასულიერო პირთა მიმართ ჩვენი სურვილები იყოს მაქსიმალისტური, რადგან ანგელოზთა დასი ცაშია და არა მიწაზე, ეკლესიის სამსახურში; მაგრამ უკეთესობის სურვილი, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს მრევლსაც და ბერსაც...

 

სამწუხაროდ, ბარათაშვილის ნათქვამი: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება“, ჩვენში ასე გაიგეს: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული ფულის კეთება...

 

ინდულგენცია არ არის ჩვენი ტრადიცია. გავიხსენოთ, იესო ქრისტე ჯორით შევიდა იერუსალიმში და არა ეტლით, არც ოქროს მიტრა ედგა თავზე და არც ბრილიანტისთვლიანი ჯვარი ეკიდა. ერთი პერანგით ავიდა ჯვარზე - ეს უნდა გვახსოვდეს! ეკლესიაში უამრავი კეთილშობილი მღვდელმსახურია, იქ არის მისი უწმინდესობა, რომლის გადაწყვეტილება მივიჩნიე სწორედ პოლიტკონიუნქტურისგან გათავისუფლების პროცესის დასაწყისად“,- აღნიშნავს დავით მაღრაძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი