logo_geo
ჯაკო 34 – „მადლობა ამ წარმოუდგენელი მეგობრობის ისტორიისთვის“
- +

9 ნოემბერი. 2019. 21:49

 

ათასჯერ დავწერე და წავშალე. ათასჯერ დავხუჭე თვალი და წარმოვიდგინე მისი სახე, რას იტყოდა, თუ გაიგებდა, რომ სტატია მასზე მისი გარდაცვალების შემდეგ მე უნდა დამეწერა... ერთხელ, ორი წლის წინათ ძალიან ცუდად ვიყავი და უცხოეთში წავედი გამოკვლევებზე. წასვლამდე ვკითხე: რომ მოვკვდე, ინერვიულებ-მეთქი? შეიძლება, არ დაიჯეროს უცხომ, რასაც ახლა დავწერ, მაგრამ დაიჯერებს ის, ვინც მას ახლოს იცნობდა, რადგან ყველა მეგობარმა იცოდა, რამდენად გულჩვილი იყო. თვალები ცრემლებით აევსო და მთხოვა, არასოდეს აღარ მითხრა ეგ სიტყვებიო. იტირა... მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემზე ადრე წავიდოდა...

 

მის საფლავს ასე აწერია – ლევან ჩხაიძე, ჯაკო... ორი სახელი ჰქონდა... ლევანი და ჯაკო. ჩვენ, ჟურნალისტები, ლევანს არასდროს ვეძახდით. ის იყო ჯაკო და იყო ერთადერთი. ამ წერილშიც მე მას ჯაკოდ მოვიხსენიებ... ასე უფრო გულწრფელად დავწერ. ასე უფრო გულწრფელად მოგიყვებით ყველასგან  გამორჩეულ ადამიანზე ჩვენს პროფესიაში, ადამიან სიკეთეზე, სიცოცხლით სავსე ადამიანზე. რამდენად დაუჯერებელია, რომ სწორედ ის წავიდა პირველი ჩვენ შორის...

 

ერთი კვირა დამჭირდა, რომ მასზე რამე დამეწერა. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ეს საქმე გამიჭირდა. ამიტომ მარტივად და პირდაპირ დავიწყებ... მე მეგობარი მომიკვდა. ჩემი უახლოესი მეგობარი, რომლის მსგავსიც არასდროს მყოლია, არც ქალი, არც კაცი. ჩემი საუკეთესო მეგობარი – ჯაკო.

 

რეალურად მისი ასაკი პირველად  გარდაცვალების მერე უფრო გავაცნობიერე. სულ ვიცოდი, რომ პატარა იყო, სულ ვიცოდი, რომ ოცდაათს ორი-სამი წლის წინ ასცდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ის მართლა პატარა იყო, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი ადამიანი. ასაკით პატარა დიდი ადამიანი...

 

გინახავთ ოდესმე სრულიად უცნობი კაცის  დარდით ატირებული ჟურნალისტი, ცხარე ცრემლებით რომ დასტიროდეს თავისი რესპონდენტების მძიმე მდგომარეობას? მე ორჯერ ვნახე, ორივეჯერ სამონტაჟოში, როცა რეპორტაჟებს აკეთებდა. ერთხელ, ნიკუშა ნატროშვილის ისტორიაზე რომ მუშაობდა, მეორედ კი – აჭარაში მცხოვრები ერთ-ერთი უაღრესად გაჭირვებული ოჯახის ამბავს რომ ამზადებდა, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავდა და სახლ-კარი არ ჰქონდა... არასოდეს დამავიწყდება, როგორ მიყვებოდა ამ კადრების მონტაჟისას, რომ ბავშვებს ფეხსაცმელები სჭირდებოდათ, რომ პურის ფული არ ჰქონდათ, თან მასალას მაჩვენებდა და თან ტიროდა...

 

საოცარი ადამიანი იყო. მისთვის რეპორტაჟი არასოდეს ყოფილა უბრალოდ საინტერესო ან რეიტინგული მასალა, თუ ის კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა. ყველაფერს განიცდიდა, ყველა ისტორიაში ბოლომდე შედიოდა. მოგვიანებით, როცა მისი გარდაცვალების შემდეგ საგანგებო  გადაცემა გავაკეთეთ, მისი კლასელი ჰყვებოდა, როგორ აღმოაჩინა სრულიად პატარა ასაკში ჯაკომ ერთ-ერთ სოფელში გლეხი, რომელსაც გაზეთების კითხვა უყვარდა და საყიდელი ფული არ ჰქონდა. თურმე გარდაცვალებამდე უგზავნიდა ამ კაცს პრესას თბილისიდან. ხომ წარმოუდგენელია ეს ამბავი 21-ე საუკუნეში, ჩვენს ემოციებისგან დაცლილ  საუკუნეში? წარმოუდგენელია, მაგრამ ის ამას ახერხებდა... გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის მამასთან სოფელში ჩადიოდა და მოიკითხავდა ხოლმე. ისე ჩადიოდა, რომ ამ ჩვენმა მეგობარმაც არ იცოდა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოუყვა მამამისი. რაღაცნაირი იყო, სხვანაირი. ასეთი ადამიანი არც ადრე გამიცნია და არც მერე. იმდენი ცხოვრებით იცხოვრა, ფილმის სცენარი დაიწერება. გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ ის ყველასი იყო და როგორც ჩემი კოლეგა, დიანა ტრაპაიძე ამბობს, ყველასთვის იყო. ყველა ჩვენგანს ეგონა, რომ მხოლოდ მისი საუკეთესო მეგობარი იყო და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველასი თანაბრად იყო. ყველას გვყოფნიდა, ყველასთვის ნაწილდებოდა... ყველას ურეკავდა, კითხულობდა, ეხმიანებოდა... ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ხანდახან თვეები გადის ხოლმე, უახლოესი  ადამიანების მოკითხვასაც  ვერ ვახერხებთ, ჯაკო ახერხებდა. ამიტომ დაიტირა ამდენმა ადამიანმა... ამიტომ დააკლდა ამდენ ადამიანს...

 

როცა ჯაკოზე  დაწერა გადავწყვიტე, სამი რესპონდენტი შევარჩიე – მისი დედ-მამა, რომლებსაც აღმერთებდა, და მისი და, რომელიც ჯაკოსთვის ცხოვრების განუყრელი ადამიანი იყო.

 

ია გაწერელია, დედა:

 

„მე ვიყავი ბედნიერი დედა, ბავშვობიდან გვაბედნიერებდა, ძალიან კარგი იყო. დაბადებით გაგვაბედნიერა, გაზრდილმა გაგვაბედნიერა. უბედნიერესი წლები მერგო წილად, იმიტომ რომ ლევანის დედა ვიყავი... ახლა რომ ვფიქრობ, გარდაცვლილი ლევანის დედობაც ბედნიერებაა. ბევრს ხომ არ ღირსებია ის სიყვარული, რაც მას გააყოლეს მისმა მეგობრებმა, მაყურებლებმა, სრულიად უცნობმა ადამიანებმა... დაუსრულებლად მომდის წერილები facebook-ზე... ნაცნობისა და უცნობის, საქართველოდანაც და ემიგრაციიდანაც, ყველა დასტირის, ყველა გლოვობს. როგორ შეიძლება მკვდარი შვილის დედა იყოს ბედნიერი, მაგრამ ამაყი კი ვარ. ბედნიერი არა, მაგრამ ამაყი ვარ ნამდვილად.

 

ალინა ჩხაიძე, და:

 

„ყველაზე ბედნიერი ის ცხოვრების ბოლო პერიოდში იყო, განსაკუთრებით მას მერე, რაც „ტვპირველის“ გუნდს შეუერთდა. მისი ეს ბედნიერება მაშინ გავაცნობიერე, როცა  გარდაცვალებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე  ერთი ოპერაცია გაიკეთა, ნარკოზიდან ახალი გამოსული იყო და პირველი შეკითხვა, რაც თავის ნეიროქირურგს, გოგა გეგიას დაუსვა, იყო – როდის დაჯდებოდა ეთერში. „ტვპირველი“ იყო მისთვის  რაღაც განსაკუთრებული სიყვარული. არ ვიცი, ამ ტელევიზიაში რომ ჰქონდა დიდი პროფესიული ზრდა, ამიტომ უყვარდა თუ არა ასე განსაკუთრებულად, მაგრამ ყველაზე ბედნიერი სწორედ იქ მუშაობის პერიოდში იყო. მახსოვს, ცუდად იყო, წვიმასა და ყინვაში, თოთხმეტი საათის განმავლობაში, დილიდან შუაღამემდე იდგა რუსთაველზე, პირდაპირ ჩართვაზე... არც უფიქრია, რომ სხვა ჟურნალისტით ჩაენაცვლებინათ... ტელევიზია ყველაფერი იყო მისთვის. ზოგი ადამიანი თავის მყუდროებასა და ცხოვრებას ოჯახში პოულობს, ზოგი – საყვარელ ადამიანთან, ზოგი –მეგობრებთან. მისთვის ეს ყველაფერი ტელევიზია იყო. დილით ადრე ადგომა ლევანისთვის ბავშვობიდან ყველაზე დიდი სტრესი იყო და ეს სტრესიც კი გადალახა ტელევიზიის სიყვარულით. ალბათ, თავადაც ხედავდა, როგორ იზრდებოდა პროფესიულად და ეს აბედნიერებდა. ყველაზე ბედნიერი იყო ცხოვრების სულ ბოლო ეტაპზე და როცა ბედნიერებისა და აღმავლობის პიკი ჰქონდა, ზუსტად მაშინ წავიდა. ეს ტელევიზია იყო მისთვის სრული ბედნიერება და ამ წარმატების სიამაყის განცდით და ბედნიერებით წავიდა ამ ქვეყნიდან".

 

გაუსაძლისია ჯაკოს გარეშე ყოფნა... მხოლოდ მე არ ვარ ასე. ყველა მისი კოლეგა უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველას აგიჟებს ის უზარმაზარი სიცარიელე, რაც ჯაკომ დატოვა, განსაკუთრებით აუტანელი მეორე სართულზე იმ ოთახში შესვლაა, რომელშიც ის მუშაობდა. დღეს იქ კედელზე ჯაკოს სურათი კიდია. რომ შევდივარ, თვალს ვარიდებ ხოლმე. დანაშაულის გრძნობა მიპყრობს, რომ ის აღარაა, ჩვენ კი ქვეყანაში მომხდარ სხვა ამბებზე ვამზადებთ გადაცემებს. ჩამოგვშალა.

 

წარმოუდგენელი ტემპით განვითარდა. წარმოუდგენლად სწრაფად მიაღწია დიდ წარმატებას. უცებ ამობრწყინდა. უცებ გაიზარდა, უცებ გადაიქცა ჯაკოდან ლევან ჩხაიძედ – ქართული მედიის ახალგაზრდა ვარსკვლავად და ზუსტად მაშინ წავიდა, როცა ყველაზე ბედნიერი იყო. საოცრად მოსწონდა ეს წარმატება.

 

ზურაბ ჩხაიძე, მამა:

 

„ლევანი ძალიან გაიზარდა, როგორც ჟურნალისტი. თავიდან ვატყობდი ხოლმე, თითქოს მოკრძალებული იყო, ალბათ, შიშის გრძნობაც ჰქონდა. თანდათან გაძლიერდა  და ეკრანს გაუთამამდა, თავის პროფესიას გაუთამამდა და უფრო სერიოზული გახდა. პროფესიონალიზმმა მოიმატა მასში. მაშინ დამთავრდა მისთვის ყველაფერი, როდესაც უკვე რაღაცისთვის უნდა მიეღწია. მეამაყებოდა, ლევანის მამა რომ ვიყავი. შენი შვილი ნორმალურ გზას რომ დაადგება და წარმატებას მიაღწევს, რა თქმა უნდა, გეამაყება. თან მთავარი ის იყო, ვხედავდი, რომ თავისი შრომით აღწევდა ამ წარმატებას. მას არავინ ჰყავდა ისეთი, რომ ხელი წაეკრა. თავისით მიაღწია ყველაფერს...“

 

გარდაცვალების შემდეგ ხშირად ვკითხულობ ხოლმე ჩვენს სატელეფონო მიმოწერას და ყველაზე მეტად მიყვარს ერთი. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მივწერე, რომ ძალიან მომეწონა მისი გადაცემა. მიპასუხა, მე არ ვარ კმაყოფილიო. რატომ-მეთქი და, უფრო მეტი მინდაო. უნდა დავანგრიო, ისე უნდა ვიმუშაოო... ამ მიმოწერიდან ორ კვირაში გარდაიცვალა... ამდენი წელია, მედიაში ვმუშაობ და არასდროს შემხვედრია უფრო შრომისმოყვარე და საქმეში უფრო საიმედო კოლეგა. მახსოვს, როცა „იმედის კვირას“ ვაკეთებდით, ყველაზე რთულ რეპორტაჟებს ჯაკოს ვავალებდით ხოლმე, ვაძლევდით დავალებას  და აღარ ვკითხულობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ ის გააკეთებდა რეპორტაჟს, რომელიც უნაკლო იქნებოდა. თავს არ ზოგავდა. მოსწონდა წარმატებაც, მოსწონდა პოპულარობაც, მოსწონდა, რომ ქუჩაში ხალხი ცნობდა... მოსწონდა, რომ აქებდნენ. რაც უფრო მეტ  წარმატებას აღწევდა, უფრო და უფრო მეტს მუშაობდა...

 

ია გაწერელია, დედა:

 

„მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა დროს, დაღლილობას, ავადმყოფობას, როცა საქმე სამსახურს ეხებოდა. მახსოვს, დევდორაკის პრობლემები რომ იყო, გადაღებიდან გვიან ღამით დაბრუნდა, ჩამოვიდა, დაიბანა, ჩაწვა. გაციებული იყო... ზუსტად იმ საღამოს მოხდა წყალდიდობა ვერაზე. სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მანქანა უკვე გზაში იყო და გადაღებაზე უნდა წასულიყო. 38 გრადუსი ჰქონდა სიცხე, სწრაფად წამოხტა, წამლები დალია, წყალდიდობისთვის შესაბამისად ჩაიცვა, გაიქცა და დილამდე იმუშავა... ყოველთვის მზად იყო ყველაზე რთული გადაღებებისთვის".

 

ალინა ჩხაიძე, და:

 

„რაზე ოცნებობდა? მისი ერთ-ერთი ოცნება და მიღწევა – ეს იყო საავტორო გადაცემა. ძალიან ბევრს მუშაობდა, ამისთვის რომ მიეღწია და ძალიან ბედნიერი იყო, რომ ოცნება აისრულა“.

 

პირველი სამსახური ჟურნალისტიკაში სპორტით დაიწყო, ჯერ რადიო "ჯაკოდან", მერე „იმედში“ სპორტული რეპორტაჟებით. სპორტზე გიჟდებოდა, განსაკუთრებით ფეხბურთზე. „იუვენტუსის“ ფანი იყო და ერთადერთი, რითიც გაწუხებდა, ფეხბურთის ყურება იყო. გინდოდა თუ არა, როცა მის გვერდით იყავი, ფეხბურთისთვის უნდა გეყურებინა... თავადაც ფეხბურთელი იყო, „ნორჩ დინამოელში“ თამაშობდა. ათი წელი იარა ფეხბურთზე. მერე, უკვე წამოზრდილს დედამისისთვის უთქვამს, არ გამოვა ჩემგან ფეხბურთელი და სწავლას უნდა მივხედოო.

 

ია გაწერელია, დედა:

 

„კითხვა სპორტული გაზეთებით ისწავლა, „სარბიელითა“ და „ლელოთი“, საყვარელი ფეხბურთელების სურათებით... მაგალითად, ჩივაძის სურათის ქვეშ გვარი რომ ეწერა, მეკითხებოდა ხოლმე: დე, ეს ჩ-ა, ეს ი-აო?.. ისეთი პატარა იყო მაშინ და სპორტსმენების გვარებით ისწავლა კითხვა... თავისი ოთახი სულ ფეხბურთელების სურათებით ჰქონდა მოჭედილი. ამ „სარბიელსა“ და „ლელოს“ ამუშავებდა ხოლმე, ანალიზს უკეთებდა, საკანცელარიო ჟურნალებში იწერდა ამ ანალიზს“.

 

ზურაბ ჩხაიძე, მამა:

 

„გაზეთები და ლევანი ცალკე ისტორიაა. კიოსკში, სადაც პრესას  ვყიდულობდი ხოლმე, ერთ დღეს  გამყიდველისგან გავიგე, რომ თურმე ჩემს შვილს „ნისიად“ მიჰქონდა გაზეთები. მერე სულ მოაქვს ფული, მაგრამ მაინც იცოდე, რომ „ნისიად“ მიაქვს ლევანს პრესაო. პირველ კლასში იყო მაშინ. ვკითხე, რატომ იქცევი ასე-მეთქი და ასეთი რამ მიპასუხა: ყოველთვის არ მყოფნის ფული გაზეთებზეც და სკოლის ბუფეტისთვისაცო. საოცარი ბავშვი იყო. მერე ვუთხარი კიდეც ჩემს შვილს, შენ წერა-კითხვას ვერ ისწავლიდი, გაზეთები ასე რომ არ გყვარებოდა-მეთქი. სულ გაზეთებს კითხულობდა“.

 

მისი ოჯახი მიყვება, რომ ჯაკოს ყველაზე საამაყო ჯილდო, რაც კი პროფესიაში მიუღია, „ოქროს ფრთა“ იყო. სხვათა შორის, მეგობრებში არასოდეს იმჩნევდა, რომ თურმე ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო ამ ჯილდოთი, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მომიყვა დედამისმა, რომ საოცრად ეამაყებოდა, ყველაზე მეტად ეს ჯილდო უყვარდა.

 

„ძალიან ეამაყებოდა, სახლში რომ მოიტანა, ბედნიერმა მითხრა, ნახე, რა ბიჭი გყავსო. ვაკოცე...“ – იხსენებს ქალბატონი ია.

 

მე კი მახსენდება, რომ „ოქროს ფრთა“ მის პიჯაკზე ჯერ პანაშვიდის დღეს ვნახე, როცა ბუდაპეშტიდან ჩამოასვენეს, და მერე დაკრძალვის დღესაც. იმ წამებში მივხვდი, ჯაკოსთვის რამხელა ფასი ჰქონდა ამ ჯილდოს. ალბათ, რცხვენოდა და ჩვენთან არ შეიმჩნია ამ ჯილდოთი განცდილი ბედნიერება. საოცრად მოკრძალებული იყო და არ გამოუხატავს მაშინ ემოცია. ჟიურის თავმჯდომარე ზაზა შენგელია ამბობს, რომ ეს ჯილდო ჯაკოს განსაკუთრებით რისკიანი რეპორტაჟებისთვის გადაეცა...

 

როცა მუშაობისას რისკზე მიდიხარ, როცა იცი, რომ შეიძლება ბრმა ტყვია მოგხვდეს და მაინც შენი მეწყვილე გადარდებს – ასეთი ბიჭი იყო ჯაკო. ჩვენს არქივს შერჩა კადრები უკრაინის ომიდან, სადაც ტყვიების ზუზუნში მუშაობენ ჯაკო და მისი ოპერატორი, ვალერი ჯოჯიშვილი და ამ კადრებში მხოლოდ ჯაკოს ხმა ისმის: ფრთხილად, ბიჭო. დაწექი, დაწექი. ფრთხილად!!! უამრავჯერ ვუყურე ამ კადრებს ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. მთელი გადაღებისას ოპერატორს მოუწოდებს სიფრთხილისკენ, მხოლოდ საკუთარი თავი არასდროს ახსოვდა, არც რისკიანი რეპორტაჟების გადაღებისას... არც ცხოვრებაში, არც მეგობრობაში.

 

ია გაწერელია, დედა:

 

„თავისი ქვეყანა უყვარდა ძალიან... ომშიც იყო 2008 წელს. მახსოვს, როცა კომისარიატიდან დარეკეს, დილა იყო, შვიდის ოცი წუთი. ეძინა. გავაღვიძე. კომისარიატი რომ ვახსენე, ეგრევე ტელეფონთან მივიდა, გაესაუბრა. მომენტალურად ჩაიცვა და გაიქცა. ომში ისე წავიდა, რომ მამამისმა არც იცოდა. როცა წავიდა, მამამისს ეძინა, გაიღვიძა და მკითხა, ლევანი უკვე სამსახურშიაო? მე ვუთხარი, სამსახურში კი არა, ომში წავიდა-მეთქი... ისე ინერვიულა, ეზოში რომ დაჯდა, ოთხი დღე არ ამდგარა მამამისი იმ ეზოდან. მეხუთე დღეს ჩამოვიდა ლევანი ომიდან. პირველი ავტობუსით რომ წავიდნენ რეზერვისტები, იმ ავტობუსში იჯდა ჩემი შვილი"...

 

თითქმის ერთი თვე იყო გასული მისი გარდაცვალებიდან, როცა დედ-მამას ვთხოვე, რამე მოეყოლათ ისეთი, რაც ჩვენ, მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა, არ ვიცოდით. დედა და მამა ამ ამბების მოყოლისას მას ლევანს ეძახდნენ, მე – ჯაკოს... თურმე ბავშვობაში ოცნებობდა, მაგარი ფეხბურთელი გამოსულიყო და საკუთარი ჰონორარით მამისთვის ჯიპი ეყიდა, საკუთარი თავისთვის კი არა, მამისთვის... ბავშვობიდან ასეთი ყოფილა. დიდობაშიც ჯერ სხვებზე ზრუნავდა, მერე – საკუთარ თავზე.

 

მე პირადად ბოლოს გაფრენის წინა საღამოს ვნახე, პარასკევს. სამსახურში გამომიარა და სავახშმოდ წავედით ვარაზის ხევში ახლად გახსნილ რესტორანში. მელაპარაკებოდა თავის გეგმებზე, პირად ისტორიებზე, მელაპარაკებოდა ტელევიზიაზე, იმაზე,რომ ვარჯიში უნდა დაეწყო. კიდევ ათას საინტერესო ამბავზე, ძირითადად ის ლაპარაკობდა და მე ვუსმენდი. იმ რესტორანში მითხრა,რომ გამთენიისას უნგრეთში მიფრინავდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მახსოვს, როცა ეს მითხრა, ძალიან არ მესიამოვნა. მაშინ ვერ მივხვდი, რატომ. მეგონა, გავბრაზდი, რადგან ორშაბათს ტელევიზიაში ახალ სეზონს ვხსნიდით და გამიკვირდა, რომ სწორედ ახალი სეზონის პირველ დღეებში მიფრინავდა დასასვენებლად. მერე მივხვდი, კი არ გავბრაზდი, ალბათ, წინათგრძნობა მქონდა. ძალიან არ მესიამოვნა...

 

ბოლო მესიჯი შაბათს მომწერა, უკვე ბუდაპეშტიდან და მერე ტელეფონიც გამორთო. ორშაბათს, დილით, როცა რეიტინგები ვნახე, მივწერე, რა მაგარი რეიტინგი დაგიდია მეთქი. ჩემი ეს სატელეფონო შეტყობინება მას აღარ მიუღია. ამ დროს თურმე უკვე გარდაცვლილი იყო...

 

მე წიგნს ვწერ. ლამის მთელი ცხოვრებაა ვწერ და როცა გადავწყვეტ ხოლმე, რომ უნდა გამოვაქვეყნო, სწორედ მაშინ ემატება ამბები ჩემს ცხოვრებას და თავები ჩემს წიგნს. ამ წიგნში ჯაკო  ბევრ ფურცელზე შეგხვდებათ, რა თქმა უნდა, თუ ოდესმე გავბედავ მის გამოქვეყნებას. შეიძლება ვერც ვერასდროს გავბედო, ვნახოთ... ახლა კი მხოლოდ პატარა ნაწყვეტს მოგითხრობთ ამ წიგნიდან და ამ პატარა მონაკვეთით მიხვდებით, რამდენად დიდი ადამიანი იყო ჩემი საიმედო მეგობარი.

 

„დედა, ინტერნეტში რაღაც მუქარა  ვრცელდება. რაღაც  კადრების გამოქვეყნებით გემუქრებიან. პირადია... გთხოვ, არ ინერვიულო! მოვდივარ შენთან, – ჩემი შვილი მირეკავდა...

 

იატაკზე დავჯექი. სისხლის სწრაფ მიმოქცევას ვგრძნობდი, თავიდან ფეხებამდე და უკან – ფეხებიდან თავისკენ, ძალიან სწრაფს. მერე თავის მარჯვენა ნაწილში ჯერ რაღაც გამიცხელდა, მერე რაღაც გაწყდა და პირველი, რაც ვიფიქრე, ალბათ, ტვინში სისხლი ჩამექცა და ვკვდები-მეთქი.

 

ისევ ზარი. არც დამიხედავს, ვინ მირეკავდა, ტელეფონი მოვისროლე. ისევ ზარი, კიდევ ზარი და მერე მოკლე ტექსტური შეტყობინება. ავიღე ტელეფონი. ორი სიტყვა ეწერა წერილში...

 

„ყველაფერს გავუძლებთ!!!“ – ჯაკო მწერდა. მან იცოდა, რომ წლების წინათ გადაღებული ჩემი ფარული კადრები არსებობდა და საფრთხე რეალურად დაინახა. გადავურეკე, დაველაპარაკე და სიტყვები, რომელიც მერე ეთერში ვთქვი, პირველად სწორედ მისგან მოვისმინე.

 

„თქვი, რომ, რაც უნდათ, ის გამოაქვეყნონ, თქვი, რომ არ გეშინია, რომ პირადი ცხოვრება სირცხვილი არაა... თქვი, შენ გვერდით ვართ ყველა. არ იტირო!!!“ – პირველად ამ ზარის მერე მოვედი აზრზე, პირველად მაშინ მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი... წავედი სამსახურში, დავჯექი ეთერში და ვთქვი ის, რაც ჯაკომ მითხრა და რაშიც დამაჯერა. ღმერთო, რამდენჯერ მაქვს გადახდილი მადლობა მისთვის, მის სიცოცხლეში ამ წუთებისთვის... იმისთვის, რომ იმ დღეს გამაძლიერა და მათქმევინა ის ყველაფერი, რაც მაყურებელმა მოისმინა“.

 

ეს მოკლე ნაწყვეტია ჩემი წიგნიდან... და ყველაფერი ნამდვილია... იმ წიგნში იმაზე მეტი წერია, ვიდრე აქ მოგიყევით. იქ წერია, როგორ მედგა გვერდით ამ ომში, როცა კადრებით მაშანტაჟებდნენ, როგორ ათენებდა ღამეებს „ნახალოვკაში“ თავის კომპიუტერთან, სანამ მე სახლში მეძინა, რომ, თუ ვინმე ჩემი პირადი ცხოვრების კადრებს ატვირთავდა, მაშინვე ემოქმედა, მაშინვე მოეთხოვა ამ კადრების წაშლა, სანამ მე ვნახავდი. იმ წიგნის ფურცლებზე წერია, როცა ისტერიკა მემართებოდა ამ ყველაფრის გამო, როგორ გამორბოდა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ფეხით ჩემთან, ვერაზე. ერთხელ ტაქსის ფული რომ არ ჰქონდა, ფეხით როგორ გამოიქცა ამხელა გზაზე, როცა მორიგ ჯერზე მიმტყუნა ნერვებმა... ისიც წერია, როგორ იყო მისული პროკურატურაში და როგორ მოითხოვდა გამოძიებას ჩემზე განხორციელებული მორალური ტერაქტის გამო. არც ერთი დღე მარტო არ დავუტოვებივარ ამ ომში... ალბათ, უამრავი საქმე ჰქონდა მაშინ, ალბათ, უამრავი ადამიანის ნახვა უნდოდა, უამრავ დაბადების დღეზე წასვლა ან სხვა მეგობრებთან ყოფნა, მაგრამ თვეების განმავლობაში მარტო  ჩემი გამხნევებით იყო დაკავებული და მაძლიერებდა. დღეს მხოლოდ ის მაწყნარებს, რომ მერე ბევრჯერ გადავუხადე მადლობა ამ საოცარი მეგობრობისთვის და გამხნევებისთვის. კიდევ კარგი, რომ ეს მოვასწარი... ასეთი მეგობარი მომიკვდა... ჩემი საიმედო მეგობარი. ამიტომ მეგონა სულ დიდი და მხოლოდ სიკვდილის მერე აღმოვაჩინე, რომ ასაკით ძალიან პატარა იყო... ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი წიგნი ამ ფრაზით დასრულდება – მადლობა, ჯაკო, ამ წარმოუდგენელი მეგობრობის ისტორიისთვის!!! დღეს ჯაკო 34 წლის გახდებოდა...

 

 

 

ავტორი: ინგა გრიგოლია

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი