logo_geo
დავით მაღრაძე: ეკლესიას სულიერების გაღრმავება აძლიერებს და არა მატერიალური დოვლათი!
- +

1 მარტი. 2017. 23:23


 

პოეტი დავით მაღრაძე „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ თუ რატომ არ დაუჭირა მხარი კონკორდატს. როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ეკლესიას არა მატერიალური დოვლათი, არამედ სულიერების გაღრმავება აძლიერებს.

 

„არ მგონია, რომ ეკლესიას მატერიალური დოვლათი აძლიერებს. მიმაჩნია, რომ ეკლესიას სულიერების გაღრმავება აძლიერებს და არა მატერიალური დოვლათი. პირდაპირ ვამბობ, ვეცდები გულწრფელი ვიყო: არ მგონია, რომ ეკლესიის, უფრო სწორად, საპატრიარქოსა და სინოდის წიაღში წარმოშობილი დავა, პოლემიკა ან მსოფლმხედველობრივი იყოს, ან თეოლოგიური, ანაც მჭვრეტელობითი. ჩემი აზრით, ეს, ქონებრივ გადანაწილებაზე დავა არის. ამიტომ, არ ვიყავი ეკლესიისთვის მატერიალური დოვლათის გაძლიერების მომხრე. სწორად არ მიმაჩნია, რომ ამით ეკლესია ძლიერდება. ვიმეორებ, ეკლესიის ძლიერება ხდება სულიერების გაღრმავებით. ყოველი ქრისტიანის მცდელობა უნდა იყოს სულიერად ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს. ადამიანმა ეს თუ შეძლო და ერთი საფეხურით მაღლა ავიდა, მაშინ საკუთარი თავი მით უფრო ეცოდვილება და საკუთარი ცოდვა-ბრალის მიმართ თვალი გამჭრიახი უხდება. ეს პრობლემა გვაწუხებს, რადგან ეკლესია ჩვენი ნაციონალური იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ მისი გადარჩენით და არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერი გაძლიერებით. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, ვფიქრობ, ეს მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ფარისევლობა, მაამებლობა და ეკლესიასთან ფლირტია. ამიტომ, ჩემმა დამოკიდებულებამ ასეთი თვალსაწიერი გამიჩინა. აქვე, ვიტყვი: პირადად, წმინდა წერილთან გაუცხოება არ მაქვს. არ მახსენდება არცერთი ეპიზოდი, სადაც უფალი მოციქულებს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასწავლის. თუ გამახსენებენ, მადლობელი ვიქნები და ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ ვერსად ამოვიკითხე, რომ 12 მოციქულს რომლებმაც შემდგომ "ახალ აღთქმას" და საერთოდ, ქრისტიანობას დაუდეს სათავე, სადმე ექადაგოთ, რომ ეკლესია მატერიალურად მდიდარი უნდა იყოს. ასეთი რამ არ მახსენდება. იესო მოციქულებს ეუბნებოდა: წადით და იქადაგეთ, ნეტარ იქნებით თქვენ, თუ სიმართლისთვის დევნილნი იქნებით. წმინდა წერილში არსად ამომიკითხავს უფალს მოციქულებისთვის ეთქვას: წადით და გამდიდრდითო. ერთსაც ვიტყვი, რაც ლექსშიც გამოვხატე: იესომ ტანზე ერთი პერანგი შემოიხვია და ჯვარზე ავიდა. ეს არის გზა, რომელიც უფალმა გვაჩვენა. ეს არ არის ამქვეყნიური სიამტკბილობის, განცხრომის გზა. ეს არის რთული ნარეკლით მოფენილი გზა. თუ ამ გზას ირჩევ, უნდა ეცადო გზისგამკვალავს ცოტათი მაინც დაემსგავსო. მცდელობა მსგავსებაში უნდა იყოს და არა მასთან განსხვავებაში. ამიტომ, შეუსაბამობაში მოდის, როდესაც ამბობ, ამ გზას მივსდევო და სინამდვილეში ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სულ სხვა გზაზე დგახარ. მიმაჩნია, რომ ღმერთმა ადამიანი ადამიანად შექმნა, ოღონდ, არჩევანი დაუტოვა - გზა ადამიანობისკენ, რომელიც თავად უნდა აირჩიოს. ამაში არის ჩვენი თავისუფალი არჩევანი. მოხარული ვიქნები თუ ავირჩევთ გზას ადამიანობისკენ, ღირსებისკენ, კაცთმოყვარეობისკენ, სიყვარულისკენ. ეს გზა არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს გზა, რომელიც ერთი მხრივ, ორატორული ხელოვნებით გამაგრებული და აფიშირებულია, მაგრამ რეალობა არ ასახავს ფრაზეოლოგიას. ანუ, ფრაზეოლოგიასა და ცხოვრების წესს შორის ცდომილებაა. ცდომილება სულ იქნება, ოღონდ, ერთია, როცა ამ ცდომილების დასაძლევად ისწრაფვი და მეორეა, მხოლოდ მატერიალური დოვლათისკენ რომ გაგირბის თვალი. სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ჩემი დამოკიდებულება არც ადრე დამიმალავს და ახლაც ვიტყვი: საპატრიარქოსგან სხვა პოზიციას, სხვა დამოკიდებულების გამოხატულებას ველოდი, ეს შეიძლება ჩემი პრობლემაა, მაგრამ ჩემი ამოსავალი ყოველთვის წმინდა წერილი არის", - აღნიშნავს მაღრაძე.

 

მაღრაძე ასევე დასძენს, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არსებობს კრიზისი.

 

„აშკარაა, რომ კრიზისი არსებობს, ეს დაფარული აღარ არის, მაგრამ რაც გაცხადდა გონიერმა ხალხმა შეიძლება არსებული ვითარება გააკეთილშობილოს. კრიზისი შეიძლება კათარზისის დასაწყისი იყოს. აშკარაა, ეკლესიის ადმინისტრირების მართვის განახლების აუცილებლობა დადგა. თქვენც ხედავთ, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები რა ბრალდებებით გამოდიან ერთმანეთის წინააღმდეგ და საერთოდ, რაზე მსჯელობენ, რაში სდებენ ერთმანეთს ბრალს. კრიზისი სახეზეა. ეს არ არის ეკლესიის წიაღში არანაირი მჭვრეტელობითი წინააღმდეგობა. ეს არის ჩვეულებრივი გარჩევები და ერთმანეთისთვის სააშკარაოდ ბრალის დადება. მათ ეტყობა ჩათვალეს, რომ საზოგადოება არ დგას იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ რაც ხდება არ მოეწონოს. მათ ჰგონიათ, ამ ბრალდებებში საზოგადოება მათ მხარეს აღმოჩნდება. მე, არცერთის მხარეს აღმოჩენა არ მსურს. მინდა, პოლემიკის არცერთ მხარეს არ აღმოვჩნდე იმიტომ, რომ ვფიქრობ, ქრისტიანის ადგილი არცერთ მხარეს არ არის. ჩემი აზრით, ეს პოლემიკა კრიზისის გათვალსაჩინოების რეალური სურათი არის და ქრისტიანმა, თვითონ ეკლესიის წიაღში, სულიერი მდგომარეობის გაკეთილშობილება უნდა დაიწყოს",- აღნიშნავს მაღრაძე.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი