logo_geo
ზაზა შათირიშვილი: გილოცავთ! ახლა ბალახს ბალახი ჰქვია, დედას - დედა და მამას - მამა!
- +

2 მარტი. 2017. 00:31


 

„შეიძლება ითქვას, რომ ახლა, ჩვენ, ახალი პარადიგმის დაბადების მომსწრენი ვართ. აქამდე, ლიბერალური უტოპია იყო", - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი „საერთო გზაეთთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. შათირიშვილის განცხადებით,  ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ადამიანების შეკვეთაა.



„ასე ვიტყოდი: მეოცე საუკუნემ სამი უტოპია დაბადა - ნაცისტური, კომუნისტური და ლიბერალური. ჯერ პირველი ჩამოიშალა, დამარცხდა შემდეგ, კომუნისტური. კომუნისტური კოლოსის დაშლის შემდეგ, ზუსტად 25 წელიწადში, ლიბერალური უტოპიაც ჩამოიშალა. მოდი ვთქვათ, რა იყო სამივე უტოპიის მთავარი მახასიათებელი? - ახალი სოციალობა და ახალი ადამიანის შექმნა. სტრატეგია განსხვავებული, მაგრამ იდეა ერთი იყო - ახალი ადამიანი თვითონ უნდა გამხდარიყო ღმერთი. ფაქტობრივად, ლაპარაკი იყო ადამიანზე რომელიც არის არა, ერთი მხრივ, ბუნების და მეორე მხრივ, ტრადიციის ნაწილი, არამედ ადამიანზე რომელიც არის არაბუნებრივი და არატრადიციული, თვითონ განაგებს საკუთარ სხეულს, თვითონ ქმნის ახალ ბიოლოგიას, ბიოეთიკას. აი, სწორედ ეს ლიბერალური უტოპია ჩამოიშალა, თანაც იმ მომენტში, როდესაც იგი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს შეეხო - ის ტოტი მოჭრა რომელზეც იჯდა, ანუ, ოჯახი, ბიოლოგია და ა.შ ანუ, ტრამპის გამოჩენა, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ადამიანის შეკვეთა არის. პოლიტიკაში ჩვეულებრივი ადამიანი დაბრუნდა თავისი პლუსებით, მინუსებით, შიშებით, მიზნებით, ბიოლოგიით, იმ ენით, სადაც დედას დედა ჰქვია და მამას - მამა და არა იმ ენით, სადაც მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორი არსებობს. სამწუხაროდ, ყველა უტოპია თავის უტოპიურ ენას ქმნის. საბჭოთა კავშირს, ნაციზმსაც, ლიბერალიზმსაც ხელოვნური ენა ჰქონდათ. ახლა, ჩვენ იმ რეალობაში დავბრუნდით სადაც წყალს წყალი ჰქვია, ბალახს - ბალახი, დედას - დედა და მამას - მამა. აი, ეს მოხდა. აღმოჩნდა, რომ სახელდება გადამწყვეტი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტი არის. ანუ, „ნიუს-სპიქმა" - ამ ახალმა ენამ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და ჩვენ, ახლა, ისევ ნორმალურ ენაზე ლაპარაკი გვიწევს. აქამდე, როდესაც ჩვეულებრივ სიტყვებს ვამბობდით, ეს, უკვე, პოლიტიკურად არაკორექტული იყო. აი, ამ დონემდე მივედით და სწორედ, ეს ჩამოიშალა. მოკლედ, კიდევ ერთი ბაბილონის გოდოლი ჩამოიშალა და კიდევ ერთი ხელოვნური, ერთიანი ენა ადამიანურ დიალექტებად და ენებად დაიშალა", - აღნიშნა შათირიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი