logo_geo
ჰიჯაბში დამალული „დედა ენა“ და ქართველები ფერეიდანში
- +

16 ნოემბერი. 2019. 21:47

 

 

„ცისარტყელის ქვეშ თუ გაძვრებით, საქართველოში დაბრუნდებითო, ბებო გვეუბნებოდა… იქ ტყუილები არ არსებობსო. ტყუილს საერთოდ არ იძახიანო… ოცნებად გვქონდა მთელი ბავშვობა ფერეიდნელ ბავშვებს, რომ ზღაპრულ საქართველოს დავბრუნებოდით…“

 

ცისარტყელას ქვეშ მათი ისტორიული სამშობლოა –  საქართველო, აქაურები რომ „დიდ დედა სამშობლოს ეძახიან“ და შვილებს ჯერ კიდევ მისი სიყვარულით ზრდიან. იმედით, რომ თუკი მათ შეძლეს საკუნეების განმავლობაში ფესვებს  არ მოწყვეტოდნენ, შვილებიც ასე მოიქცევიან.

 

გადმოცემით, საქართველოდან ფერეიდანში გადასახლებული ერთი სოფლის ხალხი კვლავ ერთად დასახლებულა და ამ ადგილისთვისაც თავიანთი მშობლიური სოფლის სახელი, „მარტყოფი“ უწოდებიათ. ირანელი ავტორების ცნობით, ფერეიდნის ყველაზე დიდი სოფელი ზემო მარტყოფი ყოფილა (ახლა ფერეიდუნშეჰრი). დღეს უკვე ქალაქად ქცეული ფერეიდუნშეჰრი და მის გარშემო რამდენიმე სოფელი ქართველებითაა დასახლებული.

 

აგერ უკვე ოთხი საუკუნეა აქ ცხოვრობენ იმ ქართველთა შთამომავლები, რომლებიც კახეთ–ჰერეთიდან 1614–1616 წლებში გადაასახლეს.

 

მარტყოფი ადგილია, სადაც ტრადიციებს უფრთხილდებიან – ქართულ ცეკვასა და სიმღერას. წიგნებით ჩამოტანილ სამშობლოს ნაწილებს ჰიჯაბის ქვეშ მალავენ, სახლში მისულები ქართული იავნანათი აძინებენ შვილებს, ოდნავ წამოზრდილებს დედაენით ასწავლიან წინაპრების ქვეყნის სიყვარულს და ოცნებობენ იმ გურჯისტანში დაბრუნებაზე, ცისარტყელის ქვეშ რომ იწყება და თანაც სრულიად უსაზღვროა მათთვის.

 

ქართული წიგნები ფერეიდანში ლაგოდეხელი ახალგაზრდების წყალობით, რამდენიმე წლის წინ ჩაიტანეს და პროექტმა, „ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“ რეალური სახე მიიღო.

 

ყველაფერი დაიწო ერთი დიდებული იდეით, რომელიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ, საიდ მულიანის ლექციას მოჰყვა. ლექციაზე ბატონმა საიდმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ფერეიდანში ქართულენოვანი წიგნები სჭირდებოდათ. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა, ჩემმა მეგობარმა ნინია ნიკოლეიშვილმა, ფერეიდანში ქართული წიგნების ჩატანის იდეა გამიზიარა. ასე ჩაეყარა საფუძველი პროექტს -,,ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“ – გვიყვება პროექტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ლაგოდეხელი ნათია ქიმაძე.

 

იდეას პირველები ახალგაზრდები დაუდგნენ გვერდით და თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში მოხალისეებმა „წიგნების სკივრი“  დადგეს, ასე შეგროვდა ბიბლიოთეკისათვის პირველი გამოცემები.

 

თავდაპირველად საქართველოდან ირანში ჩატანილი 200 წიგნიდან,  50-მა ადგილობრივი ცენზურა ვერ გაიარა. დანარჩენი წიგნები ქალაქ მარტყოფის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებმა მაინც დააბინავეს და დღეს უკვე 300-მდე წიგნის წაკითხვა შეუძლიათ ადგილობრივებს ქართულ ენაზე.

 

ყველაზე მოთხოვნადი მაინც „დედა ენაა“. როგორც ამბობენ, აქაური ქართველები ჯერ მშობლიურ ენაზე ამეტყველდებიან ხოლმე და შემდეგ სწავლობენ სპარსულს. თუმცა, წერა-კითხვა უჭირთ და ამიტომაც ყველაზე მეტად „დედა ენა“ ეძვირფასებათ.

 

„ფერეიდანში ქართული წიგნების ნაკლებობას განიცდიან. ყველამ იცოდა, რომ წიგნები ჩავიტანეთ და გვთხოვდნენ,  იქნებ, ერთი „დედა ენა“ გვაჩუქოთო. ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი წიგნების გარდა, ტურისტებს სხვა ქართული გამოცემებიც ჰქონდათ და შეძლებისდაგვარად, მოსახლეობას დავურიგეთ. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში ქართველი ქალი შეგვხვდა. გვითხრა: გურჯისტანიდან თუ ხართ, იქნებ წიგნი მაჩუქოთო. ბედად, ჩანთაში „დედა ენა“ შემორჩენილი მქონდა და ვაჩუქე. წიგნი ჰიჯაბში დამალა… ძალიან ემოციური იყო  ჩემთვის იმ სიხარულის ნახვა, რომელიც მან იმ მომენტში განიცადა“, – იხსენებს ნათია.

 

ფერეიდანში, ირანის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, ადგილობრივები ქართული სიმბოლიკის ქუჩაში გამოჩენას ერიდებიან. თუმცა, მთელი მონდომებით იცავენ თავიანთ კულტურასა და ტრადიციებს ამავე პოლიტიკისაგან.

 

თუკი ფერეიდანში იმოგზაურებთ, სოფელ აღჩაში, ველზე ქვების გროვას შენიშნავთ. ამ ადგილას ადრე მართმადიდებლური სალოცავი ყოფილა, რომელიც ისლამურ რეჟიმს დაუნგრევია. დარჩენილ ქვებს ქართველები განსაკუთრებული სიფრთხილით იცავენ, რომ არავინ გადაყაროს. როგორც ამბობენ, ბევრმა სახლშიც კი წაიღო ეს ქვები.

 

ამ ადგილს ერთი ლეგენდაც უკავშირდება – როგორც მარტყოფელმა ქართველმა აგვიხსნა, უწინ იმ მიდამოებში წყლის პრობლემა ყოფილა. ეკლესიის აგების შემდეგ კი მიწიდან წყალი ამოსულა. ქვის გროვასთან დღემდე ამოდის წყარო, მის სიწმინდეში დარწმუნებული ფერეიდნელი ქართველები კი აქ ინათლებიან ქრისტიანებად.

 

„მე ყოველთვის მიჭირს მათი სიყვარულის გადმოცემა სამშობლოს მიმართ. იქ  ჩასულმა უნდა იგრძნო და დაინახო, როგორ უყვართ სამშობლო. ემოციური, ძალიან სევდიანი წარსული აქვთ მათ წინაპრებს, ეს წარსული პატარა ბავშვსაც სტკივა და აქ ასე, ამ წარსულით იზრდებიან. საქართველო სამოთხედ წარმოუდგენიათ,  სადაც დაბრუნებასაც ბოლო წლებია,  აქტიურად ცდილობენ. დღეისათვის საქართველოში 200-მდე მათგანი ცხოვრობს.  ზოგიერთს არ უნდა ფერეიდნის დატოვება, ენანება მამა–პაპათაგან დატოვებული და გაშენებული ადგილები. ფიქრობს, აქამდე თუ მოვიტანეთ სამშობლოს ასეთი ძლიერი სიყვარული, სამომავლოდაც ასე  ეყვარებათო ჩვენს შთამომავლობას და აქედანაც ყოველთვის გვერდით ვედგებით  დედა სამშობლოსო (დედა სამშობლოს ან დიდი დედა სამშობლოს ეძახიან აქ საქართველოს)“, – გვიყვება ნათია ქიმაძე.

 

„დიდი დედა სამშობლოს“ მხარდაჭერა ფერეიდნელ ქართველებსაც ძალიან სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ მარტყოფში ქართული ენის შემსწავლელ ცენტრში ჰოსეინ (არჩილ) თავაძე დაინტერესებულ ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის, ადგილობრივების ნაწილმა ქართულად წერა-კითხვა ჯერაც არ იცის.

 

თუმცა, მათ შორის გამონაკლისებსაც შეხვდებით – ზაჰრა სეფიანი (სეფიაშვილი) ფერეიდნელი გოგონაა, რომელმაც იმდენად კარგად შეისწავლა ქართული ენა, რომ ქართულ პროზას და პოეზიას თარგმნის სპარსულად და პირიქით…

 

ფერეიდანში ხშირად შეხვდებით ავტომობილებსა და მაღაზიებს, რომლებზეც ქართული მინაწერებია – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“… ,,გაუმარჯოს სამშობლოს“… ,,დიდება ქართველსა“… ,,დედის ენის დამვიწყებელს დამმარხველი არა ჰყავს“…

 

„ქალაქ ისპაჰანში, მოედანზე სეირნობისას გვერდით რამდენიმე ქალმა ჩაგვიარა, უცებ მესმის ქართულად ნათქვამი: „ნახე, გურჯი ყორები (გოგოები) მოსულან, (ჩამოვიდნენ) ჩონი (ჩვენი) დიდი საქართველოდანო“. საოცარია, რომ  ამდენი საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებენ სამეტყველო ენას, ჩვენგან მხოლოდ წიგნებით დახმარება ესაჭიროებათ“, – ამბობს ნათია ქიმაძე.

 

ფერეიდანში მასწავლებლები უანგაროდ და ენთუზიაზმით ასწავლიან ქართულ ენას, ამიტომ ისინი ვერ ახერხებენ ბევრი პრობლემის მოგვარებას. ბიბლიოთეკის მესვეურები მათთვის წიგნებთან ერთად, ტექნიკასაც აგროვებენ. სწორედ დღეს, 13 ნოემბერს ჩავიდა ფერეიდანში საქართველოდან გაგზავნილი კომპიუტერი. ტექნიკას თან ქართული სიყვარულიც გაატანეს – ბავშვების მიერ ფერეიდნელი მეგობრებისათვის დაწერილი წერილები და მათივე ხელით მომზადებული სამახსოვრო ნივთები. ახლა პროექტორების ჯერია.

 

სახალხო პროექტი, რომელსაც არანაირი დაფინანსება არ გააჩნია და მხოლოდ მოხალისეთა ენთუზიაზმით არსებობს, აგრძელებს ბიბლიოთეკისათვის წიგნების შეგროვებას. მრავალი ადამიანის ძალისხმევითა და შრომით, ფერეიდნელი ქართველები დღეს კიდევ უფრო ახლოს არიან ისტორიულ სამშობლოსთან, სწავლობენ დედა ენას,  ცეკვავენ და მღერიან ქართულად.  ბავშვები კი ხატავენ სამშობლოს, რომელიც  არასდროს უნახავთ…

 

„მოკითხვა თანაფესველებს“ – აბარებენ ყველა იქ ჩასულ ქართველს ფერეიდნელები, ეზოებიდან გადმოწოდებულ საგზალთან ერთად, სამშობლოს მონატრებას ატანენ და  ოცნებობენ გურჯისტანზე, ცისარტყელის ქვეშ რომ ეგულებათ.

 

თამარ ზარანდია

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი