logo_geo
ჯარჯი წიკლაური: გამოძიებას აქვს ბევრი შეკითხვა
- +

2 მარტი. 2017. 16:56



„ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ სამართლებრივი პროცედურები, არის სიცრუე, მიმართულია გამოძიების დისკრედიტაციისკენ და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - ამის შესახებ „ციანიდის საქმის" მწარმოებელი პროკურორი ჯარჯი წიკლაური „კვირის პალიტრას" ესაუბრა.


როგორც წიკლაური აღნიშნავს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს არაერთხელ სთხოვეს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა, ის ყოველ ჯერზე უარს აცხადებდა. წიკლაური ამბობს, რომ დეკანოზი დნმ-ის ნიმუშების მიცემაზეც კი უარს ამბობს.


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ დაკავების დღეს არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და უარი განაცხადა ჩვენების მოცემაზე. დაკავების შემდეგ მას არაერთხელ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა, უარს აცხადებდა თანამშრომლობაზე, ერთ შემთხვევაში კი ბრალდებულმა გამომძიებელთან შეხვედრაზეც უარი თქვა. არსებობს შესაბამისი ოქმები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

 

გამოძიების აუცილებლობიდან გამომდინარე, გიორგი მამალაძეს არაერთხელ მივმართეთ ნიმუშების ასაღებად. კერძოდ, 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და დნმ-ის ნიმუშები, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა და უარის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, არადა, ექიმმა განაცხადა, რომ მას შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა", - განაცხადა წიკლაურმა.


როგორც პროკურორი აღნიშნავს, მათი მთავარი მიზანია გამოძიება იყოს ობიექტური. მისი თქმით, დაცვის მხარეს უფლება აქვს, თავად გამოჰკითხოს ბრალდებული და ეს ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, თუმცა ეს ყველაფერი არ მომხდარა, აქედან გამომდინარე, ჯარჯი წიკლაური მიიჩნევს, რომ ადვოკატები ბრალდებულის დაკითხვის თემით სპეკულირებენ.


„უპირველესად, გეტყვით, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით, რაც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის აუცილებელი წინა პირობაა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულების გათვალისწინებით, გამოძიებას აქვს ბევრი შეკითხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარეს უფლება აქვს, თვითონ გამოჰკითხოს ბრალდებული და ეს ინფორმაცია მტკიცებულების სახით წარუდგინოს გამოძიებას, რაც დღემდე არ გაუკეთებია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადვოკატები სპეკულირებენ ბრალდებულის დაკითხვის თემით, თითქოს პროკურატურა აჭიანურებს ამ პროცესს", - ამბობს წიკლაური.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი