logo_geo
„გურამ შარაძემ „ნაციონალების“ დროშაზე გამარჯვება „იზეიმა“
- +

18 ნოემბერი. 2019. 13:02

 

 

26 დეკემბერი, 2002

 

სააკაშვილმა დროშა უნდა ჩამოხსნას

 

კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ განიხილა გურამ შარაძის სარჩელი თბილისის საკრებულოს დადგენილების თაობაზე, რომლითაც თბილისის მერიის შენობაზე თეთრი წითელჯვრიანი დროშა აფრიალდა.

 

მისი თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და საკრებულოს 18 ნოემბრის დადგენილების მოქმედება შეაჩერა. განჩინება არ გასაჩივრდება. შარაძის თქმით, თუ სააკაშვილი მის მიერ რეფორმირებულ სასამართლოს პატივს სცემს, დროშა დღესვე უნდა ჩამოხსნას.

 

„მედია-ნიუსი“

 

* * *

გურამ შარაძემ „ნაციონალების“ დროშაზე გამარჯვება „იზეიმა“

 

(ქვეყნდება შემოკლებით)

 

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშის აღმართვის უკანონობა დაადასტურა. სასამართლო კოლეგიამ გუშინ დააკმაყოფილა პარლამენტარ გურამ შარაძის სარჩელი და თბილისის საკრებულოს 19 ნოემბრის დადგენილება გააუქმა, რომელიც მერიის შენობის თავზე ხუთჯვრიანი დროშის აღმართვას ეხებოდა.

 

გურამ შარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას გუშინ პარლამენტში „ზეიმობდა“, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ მის გარდა არავინ არაფერი იცოდა. დეპუტატის მწვავე პროტესტმა და მერიის ვესტიბიულში შიმშილობის გამოცხადებამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო. „ნაციონალები“ შარაძის „ზეიმზე“ კომენტარს არ აკეთებენ. თუ მათ ინფორმაციას დავეყრდნობით, მოშიმშილე დეპუტატს სალხინო ჯერჯერობით არაფერი აქვს.

 

„რამდენადაც ჩვენ ვიცით, სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში და ჯერჯერობით დადგენილება არ გამოუტანია. ამის თაობაზე ინფორმაცია ჩვენთან ჯერჯერობით არ მოსულა“, - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ ხელმძღვანელი დავით ბერძენიშვილი.

 

„სააკაშვილის დროშა“ მერიის თავზე 10 ნოემბრის შემდეგ ფრიალებს. საკრებულოს თავმჯდომარის, ერთი შეხედვით უწყინარმა გადაწყვეტილებამ, ეროვნული სიმბოლოების დამცველი დეპუტატის პროტესტი დროშის აღმართვიდან რამდენიმე დღეში გამოიწვია. მართალია, სააკაშვილი გაჯიუტდა და დეპუტატის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, დროშის ჩამოხსნაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სასამართლო რეფორმის ავტორ საკრებულოს თავმჯდომარეს მაინც მოუწევს. მუნიციპალიტეტის სახურავს ხუთჯვრიანი დროშის გარდა საქართველოს, ევროსაბჭოსა და თბილისის ეროვნული სიმბოლოები დაამშვენებენ.

 

სოფო ქვლივიძე, მარი ნარჩემაშვილი

„რეზონანსი“, 26 დეკემბერი, 2002

 

 

 

 

big_banner
არქივი