logo_geo
1950 წლის 23 ნოემბერს ლაშა თაბუკაშვილი დაიბადა
- +

23 ნოემბერი. 2019. 23:51

 

„...მაშინ დალბება მკერდში იარა

და მაშინ გეტყვი იმ მთავარ სათქმელს,

როცა დამინდობს ბედი კი არა,

როცა ქართველი დაინდობს ქართველს.“

 

ეს სიტყვები ჰაიჰარად ნათქვამი არ გეგონოთ... ეს გულიდან ამოხეთქილი წუხილია, რომლის განცდის უნარიც ჩვენს დღევანდელ იუბილარს ჯერ კიდევ ოჯახიდან დაჰყვა, იმ ღირსეული ოჯახიდან, რომელმაც არაერთი საშვილიშვილო და სასიკეთო საქმე გააკეთა საქართველოსთვის...

 

1950 წლის 23 ნოემბრის გიორგობა დღეს რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის სახელოვან ოჯახში დაიბადა დღევანდელი იუბილარი, ცნობილი ქართველი პოეტი, მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი. რაკი მშობლებით დავიწყე, აუცილებლად უნდა გავიხსენო ლაშას ღირსეული წინაპარი, მისი უსაყვარლესი ბაბუა, სახელოვანი მწერალი, მთარგმნელი და პედაგოგი შალვა თაბუკაშვილი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა შეალია ქართული სკოლის აღორძინებას და ქართული მართლწერისა და პუნქტუაციის სრულყოფას. ასეთი წინაპრებისა და მშობლების ოჯახში აღზრდილი ლაშა ბავშვობიდან საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და მისი მშობლებისა არ იყოს, წესად ჰქონდა „დადგენილი“ ადამიანის, მეგობრისა და ახლობლის გვერდით დგომა - დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში - ჭირსა თუ ლხინში, აღზევებისა თუ დაცემისას... აი, ასეთი პრინციპებით იზრდებოდა და ცხოვრობს ლაშა თაბუკაშვილი, რომელიც უჩუმრად აკეთებს კეთილ საქმეს და არავისგან ელის სამადლობელს... თუმცა, ლაშას „დონ კიხოტების“ ეს სიტყვები გულზე მომხვდა:

 

„ცა უმზეობამ დაასნეულა

და ცისარტყელებს უხმობს ვედრებით,

დღეს თითქოს ყველა ხე წაქცეულა

და მისაყრდნობად დამრჩა კედლები...“

 

ახლა რაც შეეხება ლაშა თაბუკაშვილის შემოქმედებას, მის ნაწარმოებებს კარგად იცნობენ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, ხოლო მისი სახელი შეტანილია იუჯინ ო'ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში - „ყველა დროის ცნობილი 100 დრამატურგი“. ჩვენს თაობას კარგად ახსოვს ლაშას არაერთი შესანიშნავი პიესა და მათზე შექმნილი დაუვიწყარი სპექტაკლები, მათ შორის „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ და „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, ან „შენსკენ სავალი გზები“ და „თოვლივით თეთრი თოვლი“, ან მოთხრობა „კომოციო“ და მისი არაერთი ლექსი, მათ შორის „ალავერდობა“, „დონ კიხოტები“, „ტიციანს“, „კვაზიმოდოს მონოლოგი“ და მრავალი სხვა.

 

ახლა კი ამ სტატუსს კვლავ იმ ლექსით დავასრულებ, რომლითაც დავიწყე. ესაა ლაშას ერთ-ერთი საოცარი ლექსი „და მაშინ გეტყვი“, რომელიც ეძღვნება პროფესორ ნოდარ ბოხუას, რომელიც ქართველ „ძმებს“ შორის გარჩევისას გავარდნილ ტყვიას ემსხვერპლა:

 

„..აბა მითხარი, რაც სათქმელია!..

კაენი აბელს, კაენს აბელი,

“გამარჯვებული“ კვლავ ქართველია,

კვლავ მოერია ქართველს ქართველი!“

 

****

ლაშა, გილოცავ გიორგობას და დაბადების დღეს. დიდხანს იცოცხლე შენს მედიკოსთან და დიდ ოჯახთან ერთად! სიხარული და სიყვარული არ გამოგლეოდეთ ოჯახში. მიყვარხართ!

 

 

 

 

big_banner
არქივი